სიახლეები

ხვალიდან ბათუმში პანდუსიანი ავტობუსები იმოძრავებს

22.01.2013 • 1843
ხვალიდან ბათუმში პანდუსიანი ავტობუსები იმოძრავებს

ხვალიდან ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებს. #10, #16 და #17 საქალაქო-სამარშრუტო ავტობუსები რუსთაველის, გორგილაძისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე გადანაწილდება.

 

#10 საქალაქო მარშრუტი რკინიგზის სადგურიდან დაიწყება, რუსთაველისა და ხიმშიაშვილის ქუჩებს გაივლის და აეროპორტთან დასრულდება. პირველ ეტაპზე 6 ახალი ავტობუსი 14- წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.

 

რაც შეეხება #16 და #17 ავტობუსებს, ისინი საცდელი მარშრუტებით – ახალი ავტოსადგურიდან სარფის გამშვებ პუნქტამდე და ჭავჭავაძის ქუჩიდან აკვაპარკამდე იმოძრავებენ.

 

საცდელი ხაზები სრული დატვირთვით ახალი სამარშრუტო სქემის ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედდება.

 

„FAW“ – ის მარკის 21 მაღალი კლასის ავტობუსი ქ. ბათუმის თვითმმართველობამ საერთაშორისო ტენდერის საშუალებით ჩინეთში შეიძინა. აღნიშნულ ავტობუსებში მოწყობილია პანდუსები, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც აძლევს გადაადგილების საშუალებას. 

 

ავტობუსების შეძენისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 3 მლნ. ლარი დაიხარჯა.

 

მასალა მომზადებულია ბათუმის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ პრესრელიზზე დაყრდნობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: