რატომ არ მისცეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოხელეებს 100%-იანი პრემია საახალწლოდ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა საახალწლოდ მეხუთე, ხელფასის 100%-ის ოდენობით პრემიის აღებას გეგმავდა. მსგავსი მოთხოვნით მიმართეს კიდეც საკრებულომ და გამგეობამ ხაზინას, თუმცა უარი მიიღეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, სულხან ოქროპირიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, ხაზინასთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ისინი პრემიის სახით ხელფასის მხოლოდ 50% ოდენობას დასჯერდებოდნენ.

„ჩვენ გვქონდა თანხა ხაზინაში 100-პროცენტიანის, მაგრამ 50 პროცენტი დაირიცხა“, – გვეუბნება  სულხან ოქროპირიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, – არის თუ არა ეს თვითმმართველობის უფლებებში ჩარევა ხაზინის მხრიდან? საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ გადაწყვეტილება მოლაპარაკების შედეგად მიიღეს.

„ეს მოხდა ჩვენი თანხმობის საფუძველზე. საერთო მიდგომა იყო, რომ დღევანდელი სოციალური ფონიდან გამომდინარე, გაცემულიყო 50-პროცენტიანი პრემია.  ჩვენ, პრემიერის ბრძანების საფუძველზე შვიდი პრემიის აღების უფლება გვაქვს, – ოთხი კვარტალურის და სამი სადღესასწაულოს. ჩვენ ოთხი პრემა აღებული გვქონდა, ეს მეხუთე პრემია იყო სადღესასწაულო“, – ამბობს სულხან ოქროპირიძე.

რაც შეეხება ქობულეთის გამგებელს – სულხან ევგენიძე „ბათუმელებთან“ უარყოფს, რომ ხაზინას ასპროცენტიანი პრემიების გაცემის მოთხოვნით მიმართეს.

„უარი არ უთქვამს ხაზინას, ჩვენ მოვითხოვეთ 50-პროცენტიანი და დაგვირიცხეს. ბრძანება გვაქვს 50-პროცენტიანზე. სხვა არ ვიცი, საკრებულოს ჰკითხეთ“, – გვითხრა გამგებელმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com