მთავარი,სიახლეები

კურორტი „გოდერძი” – უპასუხო კითხვები უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით

14.01.2017 • 3655
კურორტი „გოდერძი” – უპასუხო კითხვები უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით

„სათხილამურო გზებზე უსაფრთხოების დაცვა, მარკირებები, ნიშნები, ტრასა იყოს დატკეპნილი და ასე შემდეგ, რასაც ჩვენ ვმართავთ და რა პასუხისმგებლობასაც ჩვენ ვიღებთ, ეს „გოდერძზე“ გვაქვს მაქსიმალურად იდეალურ მდგომარეობაში. რაც შეეხება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, თუ  პოლიციას, ჩვენ მათ კომპეტენციაში ვერანაირად ვერ ჩავერევით“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში გიორგი ლომიამ, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ წარმომადგენელმა, კურორტ „გოდერძის“ მთის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, გუშინ, 13 იანვარს თემურ გაბაიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, დაზარალებულის ტრანსპორტირებას ბათუმამდე დიდი დრო დასჭირდა. ასევე მათი თქმით, კურორტზე არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული, არ მუშაობს სამაშველო სამსახური და არც სამედიცინო დაწესებულება.

„შეუძლია ნებისმიერს ამოვიდეს აქ და შეამოწმოს რამდენადაა სათხილამურო ტრასაზე უსაფრთხოების წესები დაცული. ამ მხრივ ყველაფერი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“, – აცხადებს გიორგი ლომია.

კითხვაზე, კურორტზე  უნდა იყოს თუ არა რეანომობილი?- გიორგი ლომია ამბობს: „მე რომ მკითხოთ, ცალკე აღებულ ადამიანს, ყველაფერი უნდა იყოს, საავადმყოფოც კი. მაგრამ ეს ჩვენი კომპანიის კომპეტენცია არაა. აქ, კურორტის ადმინისტრაციულ შენობაში სასწრაფო დახმარების პუნქტი არის და თუ რაიმე მძიმე შემთხვევაა, შემდეგ გადაჰყავთ საავადმყოფოში. იგივე მოხდა ახლაც, ჩვენი მოვალეობა და ვალდებულება რაც იყო – ჩამოიყვანეს ჩვენმა მაშველებმა სამ წუთში ადგილიდან სამედიცინო პუნქტში, ანუ ძალიან ოპერატიულად. შემდეგ უკვე ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებენ ექიმები. რა უნდა გააკეთონ, რამდენი ხანი გააჩერონ, თუ უნდა გადაიყვვანონ – ეს უკვე ჩვენი სამსახურის საქმე არაა“.

გიორგი ლომიას თქმით, ცალკე რეანომობილი არც ერთ კურორტს არ ემსახურება, მითუმეტეს არც ვერტმფრენი. შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ „გოდერძის“ გარდა საქართველოში კიდევ სამ სამთო კურორტს მართავს – სვანეთი, გუდაური, ბაკურიანი. „რაც გუდაურში გაკეთდა ორი წლის წინ, მაგალითად, ის გაცილებით დიდი ამბულატორიაა, მაგრამ რომ რამე, მათაც გადაჰყავთ მგონი უახლოეს საავადმყოფოში“, – ამბობს გიორგი ლომია.

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარება.

კურორტი „გოდერძის“ მართვა, შპს „გოდერდზირესორტს“-ის დირექტორის, ჯემალ ბოლქვაძის განცხადებით, 2015 წლის 5 დეკემბრიდან გადაცემულია „მთის კურორტების განვითარების კომპანიაზე“.  დირექტორის განცხადებით, ამავე კომპანიაზეა გადაცემული ყველა ის ინვენტარი და სპეციალური მოწყობილობა, რაც სათხილამურო ტრასების უსაფრთხოებისთვის „გოდერდზირესორტსმა“ 2012 და 2014 წლებში შეისყიდა.

კურორტ გოდერძიზე [G02 საბაგირო გზის] სასრიალო ტრასების დამცავი ბარიერებისა და საინფორმაციო ნიშნების განთავსების ზოგადი გეგმა კი თავის დროზე „გეოგრაფიკმა“ შეიმუშავა.

ვინ არის პასუხისმგებელი და გათვალისწინებულია თუ არა, ვინ უნდა უზრუნველყოს კურორტის მედპუნქტიდან დაშავებულის სასწრაფოდ გადაყვანა საავადმყოფოში? რა უნდა გაკეთდეს, რათა ანალოგიური შემთხვევა თავიდან იქნეს აცილებული? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად „გოდერდზირესორტსიდან“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადაგვამისამართეს [ეს კომპანია ამ სამინისტროს ექვემდებარება]. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი “ბათუმელების” ზარებს არ უპასუხეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: