მთავარი,სიახლეები

ბათუმში ყაჩაღობაში ბრალდებული „სანტა“ დაკავებულია

14.01.2017 • 6568
ბათუმში ყაჩაღობაში ბრალდებული „სანტა“ დაკავებულია

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ჯ.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 31 დეკემბერს, ღამით, სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ბრალდებული ბათუმში, სუპერმარკეტში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში შეიჭრა და სათამაშო იარაღის მუქარით 8 820 ლარი გაიტაცა. სამართალდამცველებმა ჯ.მ. ბათუმში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით ყაჩაღობაში ბრალდებული მიმდინარე წლის 12 იანვარს დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით].

ვალუტის გადამცვლელი ჯიხური, რომელიც 31 იანვარს დააყაჩაღეს ბათუმში, სუპერმარკეტ „იალჩინში“ მდებარეობს. მიმდინარე წლის 3 იანვარს კი, მძარცველებმა სუპერმარკეტ “იალჩინის” თანამშრომლები მეორედ, ადლიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააყაჩაღეს. ეს საქმე ჯერ გაუხსნელია. სუპერმარკეტში არ ამბობენ თუ რა რაოდენობის თანხა წაიღეს მძარცველებმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: