ირაკლი კვერღელიძე

ორბი ჯგუფის დირექტორი სპორტსკოლაზე: არ გვინდა სპორტის დაზარალების ხარჯზე განხორციელდეს პროექტი

ბათუმის სასპორტო სკოლის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების ადგილზე „ორბი ჯგუფი“ სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. აღნიშნულ შენობებში კი, რომელთა დანგრევაზე ხელისუფლებამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, სპორტის რამდენიმე სახეობაში ბავშვები ვარჯიშობენ. სად და რა პირობებში მოუწევთ მათ ვარჯიში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის პერიოდში? – „ბათუმელები“„ორბი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს ირაკლი კვერღელიძეს ესაუბრა.

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ის პროექტი, რომელიც მაქ უნდა განხორციელდეს არის საქართველოში უპრეცედენტო. აქ განსახორციელებელი ინვესტიცია 350 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. მიწის ნაკვეთები კი, რაც სახელმწიფომ გადმოგვცა საბაზრო ფასად, იყო ანაკრები მიწის ნაკვეთები, რომელთა ღირებულება ცალკე აღებული იყო ნული. ამიტომ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ათვისების გარეშე მაქ ვერანაირი, მითუმეტეს ასეთი მასშტაბური პროექტი ვერ განხორციელდებოდა. გვაქვს აღებული სხვა ვალდებულებებიც სახელმწიფოს წინაშე.

ამ ამ შენობებში ათასამდე ბავშვი ვარჯიშობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. სწორედ ამან გამოიწვია საზოგადოებრივი პროტესტი, რაც, ალბათ, თქვენთვისაც დისკომფორტია. 

როცა დავიწყეთ საუბარი ამ შენობების ათვისებაზე იყო ის, რომ ეს შენობები არის ამორტიზებული. ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომლის მიხედვითაც შენობები არ ექვემდებარება კაპიტალურ დანახარჯებს, შესაბამისად, სახელმწიფომ უარი თქვა მათ გარემონტებაზე.  4200 კვ/მ-ია ამ შენობების საერთო ფართობი. სახელმწიფომ დაიწყო ფიქრი და თქვა, რომ რაც შემოვიდოდა პრივატიზებიდან, 10 მილიონზეა დაახლოებით საუბარი, მოხმარდებოდა ისევ ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობას. ახალი სპორტკომპლექსის მშენებლობას რაც შეეხება, გარკვეული კუთხით ჩვენაც ვართ ჩართული. შესაძლოა 8 თვეშიც კი დასრულდეს მშენებლობა, რაც სახელმწიფოს მხრიდან უნდა განხორციელდეს.

თუკი ეგრეა, მაშინ არსებულის დანგრევამდე რატომ არ ააშენეთ ახალი სპორტული კომპლექსი? 

ბიზნესს აქვს თავისი თემები. მე მშენებლობას რომ დავიწყებ იქ, ეს იმდენად უწყვეტი ციკლია, რომ  არ შემიძლია დავიწყო მშენებლობა, შემდგომში ავაშენო ახალი შენობა  და გავაჩერო ეს ციკლი. ფიზიკურად შეუძლებელია. გარდა ამისა, მყავს უცხოელი პარტნიორები, რომლებიც საქართველოში დებენ ფულს. ახლა რა ავუხსნა იმათ, რომ  დავიწყებ სამუშაოებს, შემდეგ გავჩერდები 8-9 თვე, მერე გადავიყვან… ჩემი საინვესტიციო პაკეტი მოიცავს იმას, რომ თუ რაიმე ტექნიკური საკითხებია გადასაწყვეტი, უმჯობესია დავაფინანსოთ… დროც შეზღუდულია, 2018 წლის 30 დეკემბრისთვის გვინდა უკვე გავხსნათ… რას ვაფუჭებთ ვინმემ მითხრას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ 8 თვე დავკეტოთ დარბაზები და არ ვავარჯიშოთ სპორტსმენები, ან უფრო ცუდ პირობებში ვამყოფოთ, ვიდრე აქამდე იყვნენ. მზად ვარ ამაზე პასუხი ვაგო.

სპორტსმენებიც და საზოგადოებაც აპროტესტებენ ამ შენობების დანგრევას. ამის თაობაზე ინტერნეტში ხელმოწერების შეგოვებაც კი დაიწყო.

სიმართლე გითხრა, ადამიანებს, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით პეტიცია თუ რაღაცა შექმნეს, სპორტთან შეხება არ აქვთ. სპორტსმენების აბსოლუტური უმრავლესობის, ვისთანაც ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა, აზრია, რომ სპორტისთვის უკეთესია თუკი იდეაში გაჩნდა ახალი სპორტკომპლექსის მშენებლობა და მათი უკეთეს პირობებში გადაყვანა… ვერც ერთ სახეობაში ეს დარბაზები არ იძლევა საშუალებას მოეწყოს საერთაშორისო მნიშვნელობის ტურნირი.

მაგრამ იქ ინტენსიურად ვარჯიშობენ რამდენიმე სახეობაში…

რაც შეეხება სპორტის სახეობებს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არ იყო საქმის კურსში ჩაყენებული სპორტი. ჩვენ კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ მიმდინარე წლის 5 იანვარს. პირველი შეხვედრა კი აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრთან გვქონდა არჩევნებამდე… სპორტის დეპარტამენტის, სპორტსკოლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  ჩამოვთვალეთ კონკრეტული სექციები და დავიწყეთ ალტერნატიული ფართობის მოძიება. პირველადი გადანაწილებით ვიცოდით სად უნდა წასულიყო ჭიდაობა, ტანვარჯიში, ჭადრაკი, კრივი, მხატვრული ტანვარჯიში, გარკვეული თავისუფალი ადგილები იყო, ზოგი იჯარით.

სად და ვის გადაყავს ეს სექციები?

სამი ფართობი არის გორგილაძის ქუჩის ბოლოში, „პოლიგრაფისტის“ შენობაში. კრივის სექცია გადავა აქ – „ელიტელექტრონიქსი“ რომ იყო, მეორე სართულზე. ასევე გორგილაძის ბოლოში მდებარე შენობაში, სადაც „ბათუმი მოლია“, არის საკმაოდ კარგი ფართობი და იმაზე შევჯერდით, რომ აქ გადავა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სექციები; რაც შეეხება ტანვარჯიშს, ბონის კულტურის სახლთან მდებარე დარბაზი განიხილება, ძიუდო კი ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. კონტრაქტშიც გვიწერია, რომ ჩვენ ვიღებთ ხარჯებს გადასვლასთან დაკავშირებით, არა მარტო ტრანსპორტირებას, არამედ  დარბაზების მოწყობასაც დავაფინანსებთ – ვთქვათ საშხაპე, სველი წერტილი და ა.შ. ასეთი საკითხები ჩვენს თავზე ავიღეთ.

როდისთვის გაქვთ გადაწყვეტილი ამ შენობების დემონტაჟის დაწყება?

ბოლო შტრიხებს ვათანხმებთ სპორტულ ფედერაციებთან და რაც შეიძლება მოკლე ვადებში გამოვათავისუფლებთ ამ შენობებს ისე, რომ არც ერთი დღე არ გაუცდეს სპორტს… ჩვენ არ გვინდა სპორტის დაზარალების ხარჯზე განხორციელდეს რამე პროექტი. მინდა გითხრათ, ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩვენთვის. დამიჯერეთ ეს ისტორიული პროექტი იქნება როგორც საინვესტიო, ასევე სპორტის განვითარების კუთხითაც.

რა პერიოდის განმავლობაში დარჩებიან სპორტული სექციები ამ დროებით დარბაზებში?

სახელმწიფო ამბობს, რომ ერთ წელში დაასრულებს ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობას, მაგრამ რომ რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს, ამიტომ მე მაქვს აღებული ვალდებულება, 18 თვის განმავლობაში უზრუნველვყო სექციების დროებით დარბაზებში გადაყვანა. ახლის აშენება ეკონომიკის სამინისტროს თემაა. გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია. პროცესი რომ დავაჩქაროთ, ვეძებთ მექანიზმებს და გზებს ისე, რომ კანონი არ დაირღვეს და ბიზნესმა ხელი შევუწყოთ და დავაფინანსოთ პროექტის გაკეთება.

საზოგადოების შიში შესაძლოა იმასაც ეფუძნებოდეს, რომ ამ 18 თვის გასვლის შემდეგ ბავშვები შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩნენ? მაგალითისთვის თუნდაც სტადიონის საკითხი კმარა, რომელიც მთავრობამ დღემდე ვერ ააშენა.

გამომდინარე სტადიონიდან მე არ ვამბობ, რომ არ არის ლეგიტიმური მაგ შეკითხვის დასმა, თუმცა სტადიონი ცოტა გლობალური და ცოტა სხვა ტიპის პროექტია. ამასთან, როცა გაიყიდა თავის დროზე სტადიონი, იდეაში არ იყო, რომ ის თანხა, რაც საინვესტიციო კუთხით შევიდოდა, სტადიონს მოხმარდებოდა. აქ მიზანმიმართულად ვიცით, რომ ჩვენს მიერ გადახდილი თანხა უშუალოდ ამ ახალი სპორტკომპლექსიის აშენებას უნდა მოხმარდეს.

სად იგეგმება ამ ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა?

ადგილმდებარეობას რაც შეეხება, სავარაუდოდ, ლეონიძისა და ტაბიძის ქუჩების მიმდებარედ ორი ადგილი განიხილება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მაგალითად, გვინდა და მთავრობის სურვილიცაა, რომ აშენდეს ისე, რომ მაგალითად ორი დარბაზი გაერთიანების საშუალება იყოს და უფრო მასშტაბური ღონისძიების ჩატარებაც შევძლოთ სხვადასხვა სახეობებში; სამაყურებლო ადგილებიც შესაბამისად უნდა განთავსდეს, ანუ მაყურებელმა ჭიდაობის ყურებაც შეძლოს და ვთქვათ, ჭადრაკისაც… ასე რომ განვიხილავთ დეტალებს.

„ბასკოს“ შენობის დემონტაჟი ნამდვილად არ განიხილება?

არ განიხილება. რჩება ეს შენობა.

ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი ტელ.: [0422] 27 45 12 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com