მთავარი,სიახლეები

დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე ბათუმის სასპორტო სკოლის დემონტაჟზე

10.01.2017 • 4542
დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე ბათუმის სასპორტო სკოლის დემონტაჟზე

ბათუმის სასპორტო სკოლის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელის დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო აჭარის ხელისუფლებამ. სპორტული დაწესებულების ადგილზე, სადაც დახლოებით 1000-მდე ბავშვი ვარჯიშობს, „ორბი ჯგუფი“ სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ერთი ჯგუფი, მათ შორის სპორტსმენები აპროტესტებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ ყოფილი სპორტსმენი და საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, მუხრან ვახტანგაძე ჩაწერა.

ბატონო მუხრან, საარჩევნო კამპანიის დროს ამბობდით, რომ თქვენი მიზანია ახალი თაობა მეტად იყოს სპორტით დაკავებული. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სწორედ ახალი თაობის სპორტსმენები აპროტესტებენ იმ შენობების დანგრევას, სადაც ვარჯიშობენ, ვგულისხმობ სპორტსკოლის ფლიგელებს. ამის თაობაზე ინტერნეტში ხელმოწერების შეგოვებაც დაიწყოროგორ აფასებთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას სპორტსკოლის დანგრევის თაობაზე?

სიმართლე არის ის, რომ სპორტი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და სპორტსმენებს უკეთესი პირობები ჰქონდეთ. ამაზეა საუბარი, რამდენადაც ვიცი. თუ ვინმე სპორტსმენებს გვერდში დაუდგება, პირველი კაცი ვიქნები მე. როგორც ვიცი ყველაფერი პირიქით, უკეთესობისკენ მიდის და უკეთესი პირობები და დარბაზი უნდა ჰქონდეთ ამ სპორტსმენებს. მე ბოლო ათი წლის განვალობაში 8,5 წელი ამ სასპორტოს სკოლის დირექტორი ვიყავი, 1,5 წელი სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსი და ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ. სახელმწიფოს ინტერესებში შედის, რომ სპორტი განვითარდეს და ბიჭებს, სპორტსმენებს სათანადო პირობები ჰქონდეთ.

მაშინ ის გვითხარით, სათანადო პირობები სად ექნებათ და როდიდან?

მე როგორც ვიცი ლეონიძეზე შენდება ეს დარბაზი. იქამდე, მე როგორც გავიგე, 5-7 თვეს სხვადასხვა შენობაში უნდა დააბინაონ ყველა სახეობა და სათანადო პირობები შეუქმნან. რამდენიმე ხანში კი გადაიყვანენ 10-ჯერ უკეთეს დარბაზში [18 თვეზეა გაანგარიშებული, მე როგორც გავიგე]. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

სპორტსმენები ამბობენ, რომ ემზადებიან საერთაშორისო ტურნირებისთვის და მათთვის ერთი დღის გაცდენაც კი მარცხის ტოლფასი იქნება.

რა თქმა უნდა, არც ერთი საათი არ უნდა გაცდეს, მეც მაგას ვამბობ. სანამ არ მოწესრიგდება ალტერნატიული ადგილები, სპორტსმენი აქედან ვერ გავა. ერთი საათი არ უნდა გაუცდეთ ბავშვებს.

ხომ არ იცით, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ ამ ყველაფრის მოწესრიგებამდე გაეცა ტერიტორია სამშენებლო კომპანიისთვის?

ეგ დეტალები არ ვიცი. 8 თვის პერიოდი აქვთ ამ ინვესტორებს, მერე ააშენებენ.

არსებული გამოცდილებით, ბათუმში სპორტული დაწესებულებებს როცა ანგრევენ ალტერნატიულ სივრცეს აღარ ქმნიან…

მე არ ვიცი რამდენი წლის წინ იყო ეს. ჩემი სპორტის ხელმძღვანელობის დროს მსგავსი რამ არ მომხდარა. არ ვიცი „ბასეინი“ რომელ წელს დაინგრა.

თქვენ ალბათ კარგად იცით ფეხბურთის სტადიონის ისტორია. მით უფრო, რომ თქვენი ხელისუფლება უკვე წლებია აანონსებს სტადიონის აშენებას, მაგრამ დღემდე ვერ მოახერხა მშენებლობის დაწყებაც კი.

ეს ყველამ იცის და ისიც იცით ალბათ, რომ ფეხბურთის სტადიონი უნდა აშენდეს.

ისევ დღევანდელ თემას რომ დავუბრუნდეთ. სპორტსმენები აპროტესტებენ მოსალოდნელ დემონტაჟს. თქვენ ხომ არ აპირებთ მათ შეხვდეთ.

მე სპოტსმენი ვიყავი და არამგონია ამ ქალაქში ჩემზე მეტად ვინმეს უყვარდეს სპორტი. სპორტსმენების აზრს ყოველთვის გავიზიარებ და მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომ უკეთესი პირობები იყოს. არ ვიცი, როდის მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ აუცილებლად შევხვდები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: