მთავარი,სიახლეები

საზოგადოება “ბათომის” ღია წერილი ზურაბ პატარაძეს

09.01.2017 • 6214
საზოგადოება “ბათომის” ღია წერილი ზურაბ პატარაძეს

საზოგადოება „ბათომი“ღია წერილით მიმართავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – ზურაბ პატარაძეს. დაახლოებით ანალოგიური შინაარსის წერილით “ბათომმა” ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვსაც მიმართა გასული წლის დეკემბრის თვეში. ზურაბ პატარაძისადმი გაგზავნილი წერილის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ:

“მოგმართავთ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებითა და მდგრადი განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფი და გთხოვთ შეხვედრას, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რათა განვიხილოთ ისეთი მწვავე საკითხი, როგორიც არის კულტურული (განსაკუთრებით –  ურბანული) მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება.

ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს ბათუმის ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილის მოშლა, სხვადასხვა ადგილას არქიტექტურულად და ისტორიულად ღირებული შენობების (მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) მასიური ნგრევა,  ავთენტური შენობების ჩანაცვლება საეჭვო ესთეტური ღირებულებებისა და მდარე არქიტექტურული ხარისხის   შენობა–ნაგებობებით, რამაც განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში იჩინა თავი. ამასთანავე  პროცესების მართვაში სრული კოლაფსია; ინტეგრირებული კონსერვაციის ანუ  უწყებათაშორის თანამშრომლობაზე დაფუძნებულ თანამედროვე მიდგომების ნაცვლად საქმე გვაქვს იმპულსურ და პრაქტიკულად  გაუაზრებელ უსისტემო ქმედებებთან. მაღალი რანგის საჯარო მოხელეები კულტურულ მემკვიდრეობას განიხილავენ არა როგორც ეროვნული განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორს, არამედ – როგორც დაბრკოლებას განვითარებისათვის. არადა იუნესკოს მიერ რატიფიცირებულ “კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ეროვნულ დონეზე დაცვის” რეკომენდაციაში სწორედ საპირისპიროა აღნიშნული.

მიგვაჩნია, რომ თქვენ, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, გეძლევათ რეალური შანსი, არაგანახლებადი კულტურული რესურსების განადგურების პრაქტიკა  შეცვალოთ  ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ მიდგომებითა და სტანდარტებით.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებშიც კი, ეს არც თუ ისე მარტივად გადასაჭრელი საკითხია; ამასთანავე მიგვაჩნია, რომ სრულად გაქვთ გააზრებული   კულტურული და ბუნებრივი ფასეულობების დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, უახლოეს მომავალში გამონახოთ დრო ჩვენთან შესახვედრად, რათა გაგაცნოთ ჩვენი მოსაზრებები  მითითებულ მწვავე საკითხებთან დაკავშირებით”.

ბათომი

ბათომი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: