სამი საუკეთესო წიგნი 2016 წელს – მარი კორინთელის არჩევანი

 

გამომცემლობის – „წიგნები ბათუმში” ერთ-ერთი დამფუძნებელი მარი კორინთელი თავის არჩევანს გვიზიარებს. 

„ყვავილები ელჯერნონისთვის“ – დენიელ კიზი 

15085684_778747188931360_5505647918077256757_nწლის წიგნად დავასახელებ 2016 წლის ბესტსელერს – „ყვავილები ელჯერნონისთვის“.  ეს არის სპეციალური საჭიროების მქონე მამაკაცის ისტორია, რომელიც თავის ამბავს პირველ პირში გვიყვება. თავდაპირველად ის  6 წლის ბავშვის განვითარების დონეზეა, შემდგომ მას ტვინის ოპერაცია უტარდება , რის შედეგადაც მისი IQ  ბევრად აღემატება არა მარტო საშუალო სტატისტიკური ადამიანის გონებას, არამედ გენიალური ადამიანების IQ-საც კი. ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მასში ძალიან პირდაპირ, შეულამაზებლად არის მოთხრობილი ის, რასაც  შშმ პირები შეიძლება წააწყდნენ საზოგადოებაში. საოცარი წიგნია ამ კუთხით და მე, პირადად, ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, რომლის დამოკიდებულებებიც ამ წიგნმა რადიკალურად შეცვალა.

გარდა იმისა, რომ წიგნი ძალიან პრობლემატურ თემებზეა, საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, თუ რაში მდგომარეობს ადამიანის ბედნიერება, – რა ჯობს, ცხადად დაინახო რა სასტიკია სამყარო შენ გარშემო, თუ დარჩე ისეთ მდგომარეობაში, როცა არ გესმის როგორ დაგცინიან და ცუდად გეპყრობიან. ავტორი  დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრში და შესაბამისად, მართლა პროფესიონალურად აქვს დაწერილი  ეს ამბავი.

„ფრანით მორბენალი“ –  ხალიდ ჰოსეინი

fმეორე წიგნი, რომელსაც გამოვარჩევ, ეს არის ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალი“. ეს არის ავღანური ისტორია, რომელიც გვაცნობს თანამედროვე აღმოსავლეთს და გვაცნობს ძალიან დიდი სისასტიკით და დაუნდობლობით. ამ წიგნში აღწერილია ყველაფერი ის, რაც ამ იდუმალ სამყაროში ხდება. რეალურად, აღმოსავლეთი გვაინტერესებს, მაგრამ არ ვიცით როგორია ის. ვიცით, რომ არის ომი, ძალადობა, არის ტირანია, მაგრამ რა ხდება იმის შიგნით, არავინ იცის. ახალგაზრდა კაცი თავისი ტრილოგიით გვაცნობს იმას, თუ რა ხდება მის სამშობლოში, რასთან შეჯახება უწევს იქ მცხოვრებ ადამიანს.

„კაცები მზეში“ – ღასან ქანაფანი 

downloadპალესტინელი მწერლის ღასან ქანაფანის „კაცები მზეში“  სულ ახალი თარგმანია. ამ წიგნში ორი რომანია გაერთიანებული და ორივე რომანში ასახულია თანემედროვე პალესტინის გაუსაძლისი ყოფა.  „კაცები მზეში“ არის ყველაზე  ტრაგიკული წიგნი, რაც მე  ბოლო პერიოდში წამიკითხავს. წიგნში მოცემულია სამი ადამიანის ისტორია, რომლებიც ცდილობენ სამშობლოდან ემიგრირებას. საზღვრის გადაკვეთის პროცესი მძიმედ სრულდება და ძალიან მძაფრად არის ეს ამბავი მოთხრობილი.

მეორე რომანში – „ჰაიფაში დაბრუნება“, ასახულია ისრაელიდან, ქალაქ ჰაიფადან დევნილი ოჯახის ტრაგედია, სამშობლოში დაბრუნება ოცწლიანი განშორების შემდეგ და ის განცდები, რაც ამ ყველაფერს ახლავს. ის, რომ სამშობლო რაოდენ ცუდადაც არ უნდა მოგეპყროს,  ამ კავშირების ბოლომდე გაწყვეტა მაინც ძალიან რთულია.

 

ამავე თემაზე: 

2016 წლის საუკეთესო წიგნები ქართულ ენაზე – პაატა შამუგიას რეკომენდაცია

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com