მთავარი,სიახლეები

ენმ-ს ყრილობაზე აჭარიდან 700 დელეგატი გაემგზავრება

09.01.2017 • 2072
ენმ-ს ყრილობაზე აჭარიდან 700 დელეგატი გაემგზავრება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 20 იანვრისთვის დაგეგმილ ყრილობაზე აჭარიდან 700 დელეგატი გაემგზავრება. ამის შესახებ „ბათუმელებთან“ პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა.

„დღეს ხულოში ჩატარდება კონფერენცია სადაც შეირჩევა 58 დელეგატი. კონფერენციას ატარებს საორგანიზაციო კომისია, რომელსაც დავალებული აქვს დელეგატების შერჩევა ყრილობისთვის, საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენელი კი მე გახლავართ.  აჭარაში ყველა დელეგატი ფაქტობრივად შერჩეულია, ხულოშიც შევარჩევთ და ამით აჭარა მზად იქნება პარტიის ყრილობისთვის“ – აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ყრილობის საორგანიზაციო საკითხები სადაო გახდა. 30 ნოემბრის  პოლიტსაბჭოს სხდომაზე, უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ყრილობა, რომელმაც ენმ-ის ახალი მენეჯმენტი უნდა აირჩიოს, მინიმუმ 7000 დელეგატის მონაწილეობით ჩატარდება, თუმცა აზრთა სხვადასხვაობასა და დაპირისპირებას იწვევს ის, თუ როგორ განხორციელდება შეკრების ორგანიზება.

ხულოში კონფერენციას დღეს, სავარაუდოდ, არ დაესწრება პარტიის ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა დეკანაძე.

„კახა დეკანაძესთან ერთად რამდენიმე ადამიანი აფიქსირებს განსხვავებულ აზრს ხულოში, სხვა რაიმე დაპირისპირება აჭარის ორგანიზაციაში არ არის. სამწუხაროდ, პარტიის ამ მცირე ე.წ. ბოკერიას ჯგუფს შეუერთდა კახა დეკანაძეც და გახდა აუცილებლობა იმისა, რომ ხულოში ჩატარდეს კონფერენცია“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ელგუჯა ბაგრატიონმა.

დღეს, 9 იანვარს, ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის ოფისში ომარ მეგრელიძის პარტიული სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით ბრიფინგიც გაიმართა.

„საპარლამენტო არჩევნებში აჭარამ 50 ათასი ხმა მოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“ და სამწუხაროდ მცირე ჯგუფმა, მათ შორის აღმოჩნდა სერგო რატიანიც,  მიიღო გადაწყვეტილება პარტიზანული გზებით – ჩუმად და მალულად ამოიღეს პარტიული სიიდან ომარ მეგრელიძე – ერთადერთი წარმომადგენელი აჭარიდან. ეს არ იყო ომარ მეგრელიძეზე და პოლიტსაბჭოს წევრებზე შურისძიება, ეს იყო ამ 50 ათასი ამომრჩევლის შეურაცხყოფა. ორი ადამიანი რომ ამოღებულიყო სიიდან დეპუტატობა უწევდა ომარ მეგრელიძეს, მაგრამ ვინაიდან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, შესაბამისად, დასაჯეს სიიდან ამოღებით“ – აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.

დღეს, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე, ფრაქციის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაყენებაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა სხდომა დღეს აღარ გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: