მთავარი,სიახლეები

მინისტრი: “ბასკოს” შენობა არ ინგრევა

08.01.2017 • 7629
მინისტრი: “ბასკოს” შენობა არ ინგრევა

ბათუმში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება იმის წინააღმდეგ, რომ ქალაქში არ დაინგრეს კიდევ ერთი სპორტული კომპლექსი – ეგრეთ წოდებული „ბასკოს“ შენობა, სადაც სპორტსმენები სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ. ამის კვალდაკვალ, დღეს, 8 იანვარს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ “ბასკოს” შენობის დანგრევა ისედაც არ იგეგმება. გარდა ამისა, რამაზ ბოლქვაძემ თქვა, რომ სპორტსმენებისთვის შენდება ახალი შენობა. რამაზ ბოლქვაძის გაცხადებით, „სასპორტო სკოლის უკან არსებულ ორ სპორტულ ცენტრში მოღვაწე სპორტსმენებს, არათუ შენობა არ ექნებათ, არამედ ექნებათ ახალი შენობა და კიდევ უფრო უკეთესი პირობები სპორტული საქმიანობისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმში კიდევ ერთი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია ყინულის სასახლესთან, რაც აჭარაში სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს”.

ტერიტორია, სადაც მინისტრის თქმით, მრავლფუნქციური სასპორტო სკოლა შენდება. ფოტო: კახა გურგენიძე

ტერიტორია, სადაც მინისტრის თქმით, მრავლფუნქციური სასპორტო სკოლა შენდება. ფოტო: კახა გურგენიძე

მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერი წერია იმის შესახებ, თუ რა ვადებში აშენდება ახალი სპორტული კომპლექსი. ტერიტორიაზე, სადაც მინისტრის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს „მულტიფუნქციური კომპნექსის მშენებლობა“, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯერჯერობით სამშენებლო სამუშაოები არ ტარდება. ამ ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაგრამ მძიმე ტექნიკა აქ, დღემდე, კვლავაც ნარჩენების გატანით არის დაკავებული.

შენობა, სადაც სპორტსმენები ვარჯიშობდნენ მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით ბათუმის საკრებულომ და მთავრობამ კომპანია „ორბი ჯგუფს“ გასული წლის ბოლოს გადასცა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, „ ბათუმში 200 მილიონი ლარის უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციის განხორციელება იწყება. შპს „ორბი ჯგუფი“ ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის მიმდებარედ 15 227 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მასშტაბური კომპლექსის მშენებლობას განახორციელებს. ინვესტიციით 1000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი და 4500-ზე მეტი განთავსების ადგილი გაჩნდება ქალაქში. ხელშეკრულების მიხედვით ტერიტორიაზე რეკარეაციული ზონა მოეწყობა. პროექტი ასევე სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის, ღია სპორტული მოედნის, საგამოფენო დარბაზის, რესტორნების, კაფეების და ბავშვთა გასართობი ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალი პროექტით ხიმშიაშვილის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი პირველი ხიდი აშენდება, რაშიც 1 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ასევე ინვესტორი 10 მეტრი სიგანის ახალი საავტომობილო გზის მოწყობას უზრუნველყოფს, რომელიც გმირთა ხეივანს დავით ხახუტაიშვილის ქუჩასთან დააკავშირებს. საავტომობილო გზა გარე განათებით აღიჭურვება“.

ასევე გასათავლისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბოლო წლებში ბათუმში არაერთი სპორტული დაწესებულება დაინგრა ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. დანგრევის ინიციატორი ყველა ხელისუფლება სპორტული დაწესებულებების ნგრევის მოტივად თანამედროვე სასპორტო კომპლექსების მშენებლობას ასახელებდა. თუმცა, თითქმის არც ერთი სასპორტო დაწესებულება დღემდე არ აშენებულა, მათ შორის არც ფეხბურთის სტადიონი. შესაბამისად, სპორტსმენებს, თვით ოლიმპიურ სახეობებშიც კი, ყველაზე უარეს პირობებში უწევთ ვარჯიში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: