აჭარაში გრიპის შემთხვევებმა იმატა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებებით ამბულატორიული შემთხვევების (ILI) მომართვიანობა ყოველ 100 000 მოსახლეზე შეადგენს 404-ს [საქართველოს საშუალო მაჩვენებელი 252,1-ია]. ცენტრის ინფორმაციით, უკანასკნელი 2 კვირის მონაცემებით ფიქსირდება შემთხვევათა მატების ტენდენცია, რაც დამახასიათებელია გრიპის ეპიდსეზონისათვის. შემთხვევათა 80% კი რეგისტრირდება ქალაქ ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში.

რაც შეეხება გრიპისმაგვარ დაავადებათა ჰოსპიტალურ შემთხვევებს (SARI), შემთხვევათა რაოდენობა უკანასკნელი კვირის ინფორმაციით შეადგენს 132-ს რეგიონში [სულ ჰოსპიტალური შემთხვევების 14%]. საშუალოდ გრიპისმაგვარი დაავადებების სტაციონარული შემთხვევების რაოდენობა [გასული] წლის მე-40 კვირიდან მერყეობდა 60-დან 132 -ის ფარგლებში კვირის განმავლობაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 2016-17 წლების გრიპის სეზონზე საქართველოში  გამოვლენილია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის  161 შემთხვევა, აქედან 1-B, 160 – A/H3 გრიპის ვირუსის ქვეტიპი [აჭარაში დადასტურდა ერთი A/H3].

ინფორმაციისათვის:

  1. გრიპისმაგვარი დაავადების (ILI)  (ამბულატორიული) შემთხვევის განსაზღვრება:
    უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში განვითარებული მწვავე რესპირატორული დაავადება, რომელსაც ახასიათებს:
    – ტემპერატურა 38,
    – ხველება.
  2. მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის (SARI) შემთხვევის განსაზღვრება:
    უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში განვითარებული მწვავე რესპირატორული დაავადება, რომელსაც ახასიათებს:
    – ტემპერატურა 38,
    – ხველება,
    – ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ღამისთევით.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით რეგიონში გრიპის ვირუსის გამო რეანიმაციაში მოთავსების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაცია:

  • გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს!
  • იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!
  • გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს სეზონურ გრიპზე ლაბორატორიული კვლევები დამატებითი დიგნოსტირებისთვის, გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისათვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად არ ესაჭიროებათ.

სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის პრევენციისა და კონტროლის რეკომენდაციები:

  • გრიპით დაავადებული პაციენტები უნდა მოთავსდნენ ცალკე პალატაში ან კოჰორტულად;
  • შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს პაციენტების პალატის გარეთ გადაადგილება;
  • პაციენტებს პალატის გარეთ გადაადგილებისას ან ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ეკეთოთ ნიღაბი;
  • სამედიცინო პერსონალმა მკაცრად უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები
  • სამედიცინო პერსონალმა უშუალოდ პალატიდან გამოსვლის წინ ხელები უნდა დაიმუშაოს ანტისეპტიკური საშუალებებით; • სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, პალატაში შესვლის დროს გაიკეთოს ერთჯერადი ხელთათმანები;
  • სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ატაროს ნიღაბი;
  • მკაცრად უნდა იქნეს დაცული დეზინფექციისა და სტერილიზაციის ჩატარების წესები.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი ტელ.: [0422] 27 45 12 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com