ხულოში, სოფელ ყინჩაურში ახალ წელს საპროტესტო აქციით ხვდებიან

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის მოსახლეობა ახალ წელს საპროტესტო აქციით ხვდება. 31 დეკემბერს სოფელში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეების თქმით, ისინი ახალ წელს აქციის ფონზე გაატარებენ და ჰესის მშენებელ კომპანია „აჭარისწყალ ჯორჯიას“ არ მისცემენ სამუშაოების გაგრძელების საშუალებას.

“ადგილი, სადაც „აჭარისწყალი ჯორჯია“ აწარმოებს სამუშაოებს, ჩვენი საცხოვრებელი ადგილებისთვის საფრთხის შემცველია. რამდენიმე კვირის წინ გვქონდა შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან  და შეხვედრაზე თავმჯდომარემ წაიღო ჩვენი დოკუმენტები და დაგვპირდა, რომ შექმნიდა სპეციალურ კომისიას და შეისწავლიდა ჩვენს მდგომარეობას, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ისევ პასუხის მოლოდინში ვართ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შევაჩეროთ მიმდინარე სამუშაოები და მოვითხოვთ, რომ დროულად მოხდეს რეაგირება ჩვენს მოთხოვნაზე“ – უთხრა „ბათუმელებს“ რომან აბაშიძემ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მისი თქმით, მათ აქვთ გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ადასტურებს მათ განცხადებას.

აქციის ფოტო მოგვაწოდა მაია ფუტკარაძემ

აქციის ფოტო მოგვაწოდა მაია ფუტკარაძემ

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის განმარტებით კი, ტერიტორია, სადაც კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აწარმოებს გვირაბმშენებლობის სამუშაოებს, შესწავლილია შესაბამისი სპეციალისტების მიერ და “კვლევაში განმარტებულია, რომ გვირაბმშენებლობის სამუშაოები არ უკავშირდება საფრთხეებს” .

“ბათუმელები“ აღნიშნული საკითხზე  არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელს დავით ჭიპაშვილს ესაუბრა.

“ეს არის პროექტი, რომლის სამშენებლო ნებართვა გაიცა ისე, რომ კომპანიას არ ჩაუტარებია დეტალური გეოლოგიური შესწავლა. მხოლოდ შესწავლა კი არ არის მთავარი – „შევისწავლე და მორჩა“, მას თან უნდა ახლდეს შემარბილებელი ღონისძიებები, გეგმები და ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო მშენებლობის ნებართვის გაცემამდე, 2013 წლამდე უნდა ჩატარებულიყო დეტალური გეოლოგიური კვლევა და არა მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო.

დეტალურ გეოლოგიური კვლევების საფუძველზე უნდა განსაზღვრულიყო პროექტის ზემოქმედების არეალი და არა ისე, როგორც განსაზღვრა კომპანიამ – “გვირაბია ჩვენი და დანარჩენი არ მაინტერესებს”. პროექტის არეალი მთლიანად უნდა განსაზღვრულიყო, შესაბამისად ისიც, საპროექტო ზონაში მოქცეული ოჯახებზე ან სოფლებზე რა ზემოქმედება ექნებოდა ამ პროექტს და რა შემარბილებელი ღონისძიებები უნდა გატარებულიყო” – ამბობს დავით ჭიპაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


როინ გუნდაძე