კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ადამიანის უფლებების დარღვევის გახმაურებული შემთხვევები აჭარაში 2016 წელს

30.12.2016 • 5991
ადამიანის უფლებების დარღვევის გახმაურებული შემთხვევები აჭარაში 2016 წელს

ავღანეთში, ISAF -ის სამხედრო მისიის შესრულების დროს გონიოელი რამაზ ბერიძე ნაღმზე აფეთქდა. იმავე დღეს მეორეჯერ მოხვდა ნაღმზე, როცა ის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავდათ. რამაზმა ცალ ყურში მთლიანად დაკარგა სმენა, მეორეში – ნაწილობრივ. ავღანეთიდან დაბრუნებულ ოთხი ომის მონაწილეს და ათწლიანი სამხედრო გამოცდილების მქონე ვეტერანს თავდაცვის სამინისტრომ 2014 წელს ისე შეუწყვიტა ხელშეკრულება, რომ კომპენსაციაც არ გადაუხადა. რამაზ ბერიძის შესახებ „ბათუმელები“ აპრილში წერდა. მაშინ გამოცდილი ვეტერანი თურქეთში თხილის პლანტაციაში მუშაობდა ოჯახის სარჩენად… რამაზ ბერიძის გარდა, „ბათუმელები“ კიდევ რამდენიმე ისტორიას გაგახსენებთ, რომლებიც აჩვენებს, რა რეალობა გვქონდა წელს უფლებების დაცვის კუთხით.  ჩვენ ასევე დავინტერესდით, რა შეიცვალა იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვისზეც „ბათუმელები“ წერდა რუბრიკაში „ადამიანის უფლებები“.

საბედნიეროდ რამაზ ბერიძის ცხოვრება შეიცვალა. „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მისი ისტორია ტელევიზიებმაც გააშუქეს. „სამი თვის წინ სამინისტროს ლოჯისტიკის ქვედანაყოფში დამნიშნეს. ხელახლა შეისწავლეს ჩემი საბუთები და დარწმუნდნენ ჩემ სიმართლეში“, – გვითხრა ვეტერანმა.

„ბავშვები ძალადობის წრეში“ – წლის განმავლობაში ქობულეთში ორი შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ოჯახში, როცა მშობელმა ბავშვს სცემა. თებერვალში მამამ სცემა შვილს, აგვისტოში – დედამ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში მხილებულ ორ სხვადასხვა მშობელს პირობითი მსჯავრი შეუფარდა. მამას შვილის ნახვის უფლება მხოლოდ განსაზღვრულ დროს აქვს, დედას შვილები დაუბრუნეს.

„ორსულთა ბრძოლა“შემთხვევა პირველი: აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში ფეხმძიმე ქალი სამსახურიდან გაუშვეს. „უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“ – ეს ჩაწერა სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ იმ ქალის გათავისუფლების ბრძანებაში, რომელმაც მანამდე ხელმძღვანელთან თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ამხილა. გათავისუფლებული ქალის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა.

ვახტანგ წულაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება სასამართლოს სამივე ინსტანციამ უკანონოდ მიიჩნია. მან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაახლოებით 4 თვით გააჭიანურა, რითაც კიდევ უფრო გაიზარდა ქალისთვის ბიუჯეტის ხარჯზე განაცდურის ანაზღაურების მოცულობა. მოხელის თვითნებობაზე აჭარის მთავრობას რეაგირება არ მოუხდენია. პირიქით, ვახტან წულაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარია აჭარის უმაღლეს საბჭოში.

შემთხვევა მეორე: ფეხმძიმე ქალს შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ხელვაჩაურის გამგებელმა. გულნაზ ღლონტი სოფელ განთიადში რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. ბათუმის  სასამართლომ მიიჩნია, რომ გამგეობას ამ შემთხვევაში ვაკანსია არ ჰქონდა, რადგან თანამდებობა დეკრეტულ შვებულებაში გასულ ქალს ეკუთვნოდა. „ეს იყო ანომალიური მოვლენა. სასამართლოს მხრიდან ასეთ გადაწყვეტილებას სხვაგან ვერ ნახავთ“, – ასე შეაფასა ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება. გულნაზ ღლონტმა მოიგო პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც. ამჟამად ის ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილებას ელოდება.

რა შეიცვალა „ქობულეთის პანსიონის საქმეში“ – 19 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაციაში ამხილა სამი პირი. საუბარია პანსიონზე, სადაც ადგილობრივებმა ღორის თავი მიაჭედეს და მუსლიმ თემს პანსიონში შესვლის საშუალება არ მისცეს. სასამართლოს მიერ დისკრიმინაციის დადგენამ მუსლიმ თემს ვერ მისცა პანსიონის კარის გახსნის უფლება. ხათუნა ბოლქვაძის მიღებულ გადაწყვეტილებას ამ დღეებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს. ქობულეთის გამგეობას კი, არც სახალხო დამცველის რეკომენდაცია შეუსრულებია, რომელიც ასევე 19 სექტემბერს გამოიცა. ომბუდსმენმა გამგეობას პანსიონისთვის წყლისა და კანალიზაციის სისტემაში ჩართვის უზრუნვლეყოფა მოსთხოვა. „მოსახლეობა ისევ წინააღმდეგია იქ პანსიონის გახსნის“, – გვითხრა სულხან ევგენიძემ, ქობულეთის გამგებელმა. ის მიიჩნევს, რომ თანხმობა ორივე მხარეს უნდა არსებობდეს და ვიდრე ამას არ მიაღწევს, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას არ აპირებს: „არ ვიცი, ამას რამდენი დრო დასჭირდება, სამი დღე, ერთი კვირა თუ ერთი წელი…“

„ირაკლი ქაჯაიას საქმე“ – ეს ის ბიჭია, ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში ნეკნი რომ ჩაუმტვრიეს. „მას ჯანმრთელობის დაზიანება არ აღენიშნება“ – ასე წერია პოლიციელის მიერ გაფორმებულ ოქმში, რომელიც მან დაკავებულ ირაკლი ქაჯაიას განყოფილებაში შესვლის დროს გააფორმა. ოქმი „ბათუმელებმა“ მოიპოვა. პოლიციის განყოფილებიდან ირაკლი ქაჯაია პირდაპირ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ნეკნის მოტეხილობა დააფიქსირეს. პოლიციელების სავარაუდო სამართალდარღვევაზე გამოძიება აგვისტოდან დღემდე პროკურატურას არ დაუსრულებია. „ექსპერტიზის დასკვნითაც ასევე დადასტურდა სისხლის ლაქები მაისურზე და სხვა დაზიანებები. საქმის მასალებს პერიოდულად გვაცნობენ, თუმცა პოლიციელების ამოცნობა ჯერ არ ჩატარებულა. პოლიციელების ჩვენებებით, ირაკლი ქაჯაია დაკავების დროს უწევდა მათ წინააღმდეგობას“, – გვიყვება პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

დაისაჯა თუ არა პოლიციელი, რომელმაც ქუჩაში ქალი გაიტანა – აგვისტოში, გურამიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაში პოლიციელი მანქანით ქალს დაეჯახა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციელი მუშაობას დღემდე აგრძელებს. პროკურატურამ სექტემბერში გვითხრა, რომ გამოძიება დაწყებულია. დღეს ეს უწყება არ პასუხობს კითხვას, რატომ ვერ დასრულდა გამოძიება?

საქმე, სადაც პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა – იაგო ც.-ს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავება, თუმცა იარაღზე მის ნაცვლად პოლიციის საიდუმლო თანამშრომლის, ანუ კონფიდენტის თითის ანაბეჭდი დააფიქსირა ექსპერტიზამ. კონფიდენტმა სასამართლოს დახურულ სხდომაზე უთხრა მოსამართლეს, რომ მან იარაღს შემთხვევით მოჰკიდა ხელი, როცა ის იაგოს მანქანაში აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა. საქმეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა, რომელიც ხელვაჩაურის სასამართლოში გადავიდა. 9-თვიანი პაუზის შემდეგ საქმის განხილვას მოსამართლე ირაკლი შავაძე განაგრძობს.

ტყუილში გამოჭერილი პოლიციელები – ასეთი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ყველა შემთხვევაში „ბათუმელებმა“ შსს-გან მიიღო პასუხი, რომ გენინსპექცია ამ პოლიციელებით მას შემდეგ დაინტერესდება, თუკი სამივე ინსტანციის სასამართლო დაადასტურებს მათ მიერ სასამართლოში ნათქვამ სიცრუეს. რამდენიმე შემთხვევაში პოლიციელების მიერ ნათქვამი ვიდეო სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებულმა კადრებმა დააყენა ეჭვქვეშ. ამ ჩანაწერებზე წვდომა მხოლოდ პროკურატურას აქვს. ამ კუთხით შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევაზე სარჩელის განხილვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლომ.

შალვა ქორიძის საქმე – ტყუილში გამოჭერილი პოლიციელებიდან ყველაზე საინტერესო შალვა ქორიძის შემთხვევა იყო, სადაც პოლიციელების სიცრუე თავად პოლიციელების მიერ გადაღებულმა ვიდეოკადრებმა გამოააშკარავა. ადვოკატმა, რამინ პაპიძემ ვიდეოჩანაწერი არსებითი განხილვის დასრულების ეტაპზე წარმოადგინა, საიდანაც ჩანს, რომ შალვა ქორიძეს ის პოლიციელები კი არ აკავებენ, რომლებაც სასამართლოს ჩვენება მისცეს, არამედ სპეცრაზმელები. ამ საქმეზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. „არ ვიცი, როდის მოხდა ამ კადრების გადაღება, ეს არაა დაკავების ოქმის ჩანაწერებში ასახული… ჟურნალისტურ გამოძიებას მე ვერ ჩავატარებ“, – თქვა პროკურმა რამაზ შავაძემ კადრების ნახვის შემდეგ.

თორნიკე ხარაზის საქმე – ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი აფთიაქ „ფარმადეპოს“ ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი აღმოჩნდა. პოლიციელების მიერ აღწერილი დაკავება არ ემთხვეოდა კამერით დაფიქსირებულს. თორნიკე ხარაზს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებოდა. საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, შსს-მ „ფარმადეპოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან უჩივლა. თორნიკე ხარაზი ციხეში დააბრუნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. ამ საქმის გარდა, მოსამართლე ვერა დოლიძემ წელს ბათუმის სასამართლოს მიერ გამართლებულ 4 პირს გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ბათუმის სასამართლომ წელს 15 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ადვოკატები შენიშნავენ, რომ წლის განმავლობაში უჩვეულოდ იმატა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის საქმეებმა, სადაც მოწმე პოლიციელები ყვებიან, რომ მათ სამხრეებიანი პერანგები შემოახიეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: