კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

რა ვერ გაკეთდა წელს აჭარაში

30.12.2016 • 5493
რა ვერ გაკეთდა წელს აჭარაში

აჭარის მთავრობამ დაპირებული სტადიონის მშენებლობა 2016 წელსაც ვერ დაიწყო, ვერც ბათუმის მერიამ მოაბა თავი „იაფი სახლის“ მშენებლობის დაწყებას. ბიუჯეტიდან კერძო კომპანიებისთვის ავანსად ჩარიცხული მილიონები ისევ სადავოა. ბათუმში უკანონოდ დაანგრიეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ვერც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაიცვა და ვერც მერიამ. მუსლიმები  კი მეჩეთის ასაშენებლად სახელმწიფოსგან დახმარებას აღარ ელოდებიან – კიდევ ვინ, რას და რატომ ვერ მოაბა თავი 2016 წელს?

„ოცნების ქალაქი“

2015 წლის ბოლოს „ოცნების ქალაქში“ 9 წლის ბიჭი გარდაიცვალა, ასაკთან შეუთავსებელი წონით. 2016 წელს აქ მცხოვრები ბავშვების პირობების გასაუმჯობესებლად ხელისუფლებას რაიმე ზომები არ მიუღია. „ოცნების ქალაქში“ ისევ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ – შუქის, წყლისა და კანალიზიაციის გარეშე, თუმცა თვითნებურად დაკავებული ტერიტორიის დატოვებას მაინც არ აპირებენ.

ე.წ. „ოცნების ქალაქი“ ხუთი წლის წინ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე გაჩნდა. ამ ქოხებში უკვე სამი ათასი ოჯახი ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ არიან ეკომიგრანტები, უსახლკაროები….

აჭარის მთავრობამ ამ ხალხის საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ქმედითი არაფერი გაუკეთებია. აჭარის განახლებული მთავრობა ზურაბ პატარაძის ხელმღვანელობით აცხადებს, რომ ე.წ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით აჭარის მთავრობის პოლიტიკა სამართლიანი და თანმიმდევრულია: „სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება და მათთვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“. სხვების მიმართ, ვინც „სახელმწიფოს დახმარებას არ საჭიროებენ, მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება“.

2017 წლის ბიუჯეტში „ოცნების ქალაქზე“ ერთი თეთრიც არ გაუთვალისწინებიათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ ხელმძღვანელი ლევან გობაძე „ოცნების ქალაქში“ შექმნილ ვითარებას კარგად იცნობს. ის მიიჩნევს, რომ, რაც უფრო მეტი დრო გავა, მთავრობას უფრო გაუჭირდება „ოცნების ქალაქის“ საკითხის გადაწყვეტა.

ოცნების ქალაქი

ოცნების ქალაქი

„…ოცნების ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც სხვა სახლი არ გააჩნიათ და ისეთებიც, რომლებსაც საცხოვრებელი აქვთ. რა თქმა უნდა, რთულია ადამიანების განსახლება, ეს გამოიწვევს პროტესტს, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღებია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ,  უზენაესია კანონი, თუ სახელმწიფო პოლიტიკის გატარების დროს საზოგადოებრივი დაჯგუფებების ინტერესებს ვითვალისწინებთ. ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს ხელახალი აღწერა, რომ კვლავ არ შეიცვალოს იქ მცხოვრებთა მოლოდინები. ადამიანები, რომლებიც ექვემდებარებიან დაკმაყოფილებას, ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ, დანარჩენები უნდა გაასახლოს მთავრობამ. ცხადია, ყოველი მმართველი თავს არიდებს ასეთი არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღებას. მაგრამ საბოლოოდ ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ეს საკითხი მოაგვაროს“.

„იაფი სახლი“

ე.წ. „იაფი სახლი“ იმ პროექტებს შორისაა, რომელთა შესახებაც ბათუმის მერიამ ჯერ დაანონსა, შემდეგ კი ბევრი იფიქრა, თუ რა შემოსავლების მქონე ოჯახებს უნდა ჰქონოდათ  ბინის შეღავათიანი პირობებით შესყიდვის უფლება. ამიტომ პროექტს სახელი შეუცვალა და „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ უწოდა. პროექტი ოჯახების მიერ გრძელვადიან პერიოდში, არაკომერციულ ფასად, ბინების გამოსყიდვას ითვალისწინებს. სახლის ასაშენებლად მერიამ კომპანია ტენდერით შეარჩია, თუმცა ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე თვეში მშენებელი გაუჩინარდა, მერიამ კი წინასწარ ჩარიცხული ავანსის – მილიონზე მეტი ლარის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა.

პროექტი „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ავანსად მილიონები გადაურიცხა, შემდეგ კი თანხის დასაბრუნებლად სასამართლოს დახმარება დასჭირდა. მაგალითად, მერია სასამართლოში დღემდე ედავება შპს „ტონი და კომპანის“ ავანსად გადახდილ 1 289 972 ლარს. ამ კომპანიამ მერიას მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაოები ჩააბარა.

იმავე პროექტზე მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ჰიდრომ“ გაიმარჯვა, თუმცა ვალდებულებები ვერც ამ კომპანიამა შეასრულა. მერიას ამჯერად წინასწარ არ ჰქონდა  თანხა გადახდილი და „ჰიდრო“ 250 ათასი ლარით დააჯარიმა.

 „იაფი სახლის“ მშენებელი კომპანია, რომელსაც მერიამ ორ მილიონამდე ლარი გადაუხადა, გაუჩინარდა

„იაფი სახლის“ მშენებელი კომპანია, რომელსაც მერიამ ორ მილიონამდე ლარი გადაუხადა, გაუჩინარდა

რატომ არ გაითვალისწინა მერიამ ცუდი გამოცდილება, არის ეს წინასწარ განზრახვა, თუ საქმე გვაქვს კომპეტენციის დეფიციტთან? – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის, მალხაზ ჭკადუას აზრით, „მერიამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, თუ რამდენად აქვს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილება. ასევე აქვს თუ არა რაიმე ტიპის ფინანსური გარანტია. კომპანია მერიის თანხას არ უნდა ელოდეს, სხვა შემთხვევაში მივიღებთ ისეთ სავალალო შედეგს, რაც გვქონდა რამდენიმე გახმაურებულ შესყიდვასთან დაკავშირებით. იგივე შეიძლება ითქვას სოციალურ სახლებზე – საქმე ეხება  ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლების აშენებას. აქაც არაჯეროვნად შესრულდა სამუშაოები და, შესაბამისად, წყალი ჩასდის ათეულობით ოჯახს, რომლებმაც მიიღეს ეს ბინები. ერთია ფულს განკარგვა მუნიციპალური ბიუჯეტიდან, მაგრამ მეორე სამუშაოების მიმდინარეობისას და მის დასრულებამდე კონტროლის მექანიზმის ქონა.“

ბათუმის სტადიონი – დროში გაყინული პროექტი

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ყველაზე მასშტაბური პროექტი იყო, რომელიც აჭარის მთავრობამ 2015 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა. იდეამ საზოგადოებაში პოზიტიური აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამ ამბავში ყველაზე მარტივი აჭარის მთავრობისთვის იდეის მოფიქრება და მისი რეგიონის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შეტანა იყო. სხვა ვერაფერი, რასაც ბათუმელი სპორტსმენებისა თუ გულშემატკივრის გულები უნდა გაეხარებინა, ვერ განხორციელდა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის  მშენებლობის პროექტი დროში გაიყინა. ამ პროექტის თაობაზე „ბათუმელებმა“ ორი წლის განმავლობაში სტატიების სერია გამოაქვეყნა. ამჯერად პროექტისა და იდეის ავტორები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდებიან. შპს „სტადიონის“ ხელმძღვანელის გიორგი ზირაქაშვილის განმარტებით, ტენდერი ბევრჯერ იმის გამო ჩაიშალა, რომ ტექნიკური ზედამხედველი ვერ შეარჩიეს.

ბათუმის სტადიონის მაკეტირა ვადაში შეიძლება დასრულდეს პროექტის ექსპერტიზა, რის შემდეგაც შპს „სტადიონი“ მშენებელი კომპანიის შერჩევაზე ტენდერს გამოაცხადებს, ეს გიორგი ზირაქაშვილმა ზუსტად არ იცის. შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს ორი პროექტის – საფახბურთო სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს განხორციელების კოორდინირებისთვის შექმნა.

მეჩეთი

აშენდება თუ არა ბათუმში კიდევ ერთი მეჩეთი? ამ თემას არც წელს დაუკარგავს  აქტუალობა. მუსლიმები ამბობენ, რომ პარასკევის ლოცვისთვის მეჩეთში ადგილი არ ჰყოფნით. ხელისუფლებამ მათ ამ საქმეში დახმარება ბევრჯერ აღუთქვა, თუმცა არაფერი გაუკეთებია. რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ მლოცველებმა ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად ნაკვეთი საკუთარი სახსრებით შეისყიდეს.

რამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტო

რამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტო

„ამ წლის ბოლოს დავასრულებთ მეჩეთისთვის შესყიდული ნაკვეთის თანხის გადახდას. უკვე სრულდება პროექტზე მუშაობაც, რასაც წარვუდგენთ შესაბამის ორგანოს მშენებლობის ნებართვის მისაღებად. თუ უარი გვითხრეს, მოვიქცევით ისე, როგორც წესია, ვგულისხმობ სამართლებრივ ბერკეტებს. მაინც ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან მიწა არის ჩვენი და მშენებლობას ვიწყებთ ჩვენი სახსრებით“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.

კულტურული მემკვიდრეობა – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

წელს ბათუმში ინვესტორმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრია ვაჟა-ფშაველს #13-ში. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს უნებართვოდ ჯერ მოაჯირი მოხსნეს, მერე მოანგრიეს შიდა კედლები, ახადეს სახურავი, ბოლოს კი დაანგრიეს. ძეგლების დამცველები ბათუმში მიიჩნევენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არასათანადო ძალისხმევა გაიღო ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე ძეგლის დასაცავად. თვითმმართველობის კოდექსით, ძეგლების მოვლა-პატრონობა ბათუმის მერიის კომპეტენციაა, თუმცა ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის აზრით, ძეგლის გადარჩენა მის კომპეტენციას სცდებოდა.

2016 წელს ინვესტორმა სახურავი ახადა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #27-ში მდებარე ბელეტაჟის ტიპის სახლს. ამ სახლსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახლი დღემდე სახურავის გარეშეა და მას წვიმა აზიანებს.

2016 წელს ბათუმში, გორგასლის #25-ში მდებარე ბელეტაჟი კომპანია „მარდი ჰოლდინგმა“ დაანგრია. სახლს ძეგლის სტატუსი არ გააჩნდა, თუმცა შენობა, ორგანიზაცია „ჯეოგრაფიკის“ დასკვნის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის არეალში მდებარეობდა.

„ჯეოგრაფიკის“ დასკვნის შემდეგ დაანგრიეს XX საუკუნეში აგებული ბათუმური ბელეტაჟი კლდიაშვილის #25-ში. სპეციალისტების აზრით, ამ შენობების შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების შესანარჩუნებლად. გასული სამი კვირის მანძილზე ბათუმში კიდევ სამი ისტორიული მნიშვნელობის სახლი დაანგრიეს.

ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას

ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას

საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარემ ნინო ინაიშვილმა გასულ კვირას ბათუმის მერს ღია წერილით მიმართა, სადაც ის კულტურული მემკვდირეობის ძეგლების მიმართ გულგრილ და არაკომპეტენტურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა: „თქვენი მერად არჩევიდან განვლილ პერიოდში ვხედავთ, რომ კვლავ გრძელდება და  იმდენად საშიშ მასშტაბებს იძენს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში არქიტექტურულად და ისტორიულად ღირებული შენობების (მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) ნგრევა, რომ ნელ-ნელა რეალური ხდება ძველი ქალაქის გაქრობის, ხოლო დანარჩენი ნაწილისათვის – იდენტობის დაკარგვის საფრთხე. “

გადაბეჭდვის წესი


ასევე: