15673140_1495601237136513_1782790228_n

პიროტექნიკის ხარისხსა და უსაფრთხოებას ისევ არავინ აკონტროლებს

საახალწლო განწყობის „ხლაფუშკების“ აფეთქებით შექმნის პარალელურად, დაშავებულები წელსაც არსებობენ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მოზარდს „ხლაფუშკა“ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე აუფეთქდა და ქუჩაში მდგომი  წინასწარი დაკავების იზოლატორის დაცვის თანამშრომელი თვალის არეში მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს. პიროტექნიკის გამოყენებაზე რეგულაციებს ხელისუფლება დღემდე არ აწესებს.

„ვინმეს არ მოუცია ნებართვა, ჩემით მოვედი და დავდექი“, – გვითხრა „ბათუმის კარიბჭესთან“ გამართულ საახალწლო ბაზრობაზე მალხაზ ტარიელაძემ. ის პიროტექნიკას ბათუმში წლებია ყიდის. გვარწმუნებს, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობას ბავშვები არ ყიდულობენ. ტარიელი პიროტექნიკაზე ქართულ ენაზე დატანილ ინსტრუქციას გვაჩვენებს: „აქ ყველაფერი ახსნილია, როგორ უნდა გამოიყენო. ხარისხიანია თუ არა, მე საიდან უნდა ვიცოდე…“

რამდენად ხარისხიანია პიროტექნიკა, რომელიც საქართველოში იყიდება, არავინ იცის. ლია თოდუა, momxmarebeli.ge-ს დირექტორი გვეუბნება, რომ საქართველოში ვერ იპოვა ლაბორატორია, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობების ხარისხს დაადგენდა. „კანონი ითვალისწინებს მხოლოდ იმას, რომ ნებისმიერი პროდუქცია, მათ შორის, პიროტექნიკა, უნდა იყოს უსაფრთხო. ასევე მოთხოვნაა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები არ მიყიდონ ბავშვებს და ინსტრუქცია უსაფრთხოების შესახებ უნდა იყოს ქართულ ენაზე. ეს მოთხოვნები არ სრულდება – ჩვენ არაერთი ფაქტი ვიცით, როგორ ჩნდება ხანძარი, როგორ შავდებიან ადამიანები. საქართველოში არ არსებობს ამ კუთხით მაკონტროლებელი უწყება“, – გვიყვება ლია თოდუა.

„კონკრეტულად პიროტექნიკის გამოყენებაზე არანაირი რეგულაცია არ არსებობს კანონმდებლობაში“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე. იურისტი 2014 წელს ე.წ. ხოფის ბაზრობაზე, პიროტექნიკის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარს იხსენებს და დაპირებებს ხელისუფლებისგან, რომ რეგულაციები დაწესდებოდა:

„დისკუსია მაშინ აქტიურდება, როცა კონკრეტული უბედური შემთხვევა ხდება. ამ კუთხით კანონში არაფერი შეცვლილა. პიროტექნიკის უსაფრთხოდ გამოყენება დამოკიდებულია ხარისხსა და ვადების დაცვაზე, ასევე უსაფრთხოდ შენახვაზე. ამის შემოწმებასა და კონტროლს სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანი სჭირდება.“

ბრძანების მიღების ნაცვლად, შინაგან საქმეთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებით საზოგადოებას მოუწოდა, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და გაუფრთხილდნენ საკუთარ თუ გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.

momxmarebeli.ge -ს ხელმძღვანელი ლია თოდუა ამბობს, რომ ხელისუფლებას ჰქონდა დაპირება, პიროტექნიკის გამოყენებაზე ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექციის მიერ  კონტროლის განხორციელებაზე: „დღეს ეს ინსპექცია მხოლოდ ლიფტებისა და საბაგიროების კონტროლითაა დაკავებული. ინსპექცია ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება. როდიდან მიანიჭებენ მას პიროტექნიკის უსაფრთხოებაზე კონტროლის ფუნქციას, არავინ იცის. დღეს მომხარებელი აბსოლუტურად დაუცველია“.

ბათუმის მერიამ წელს, უკვე მეორედ, პიროტექნიკის გასაყიდად სპეციალური ადგილი ბათუმის კარიბჭესთან გამოყო. მერიაში გვითხრეს, რომ ამ კუთხით კონტროლის უფლებამოსილება არ აქვთ და ვერც რეგულაციებს დააწესებენ, მაგრამ კონკრეტული ადგილის გამოყოფით შესაძლებელია რისკების დაზღვევა: „ჩამოვლებს ვაკეთებთ და ვთხოვთ, რომ როცა გაყიდიან პიროტექნიკას, მოსახლეობას მიაწოდონ სრული ინსტრუქცია, ასევე არ მიყიდონ ასაფეთქებლები ბავშვებს. ისინი არც ნებართვებს იღებენ და არც მოსაკრებელს იხდიან, რადგან მხოლოდ წინასაახალწლოდ იმართება ეს ბაზრობა. გასაგებია, რომ მზის ქვეშაც არ უნდა ეწყოს პიროტექნიკა, მაგრამ აქვთ ქოლგები და იმას იყენებენ“, – გვითხრა მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის თანამშრომელმა, თამაზ გოგიტიძემ.

„ევროპის ქვეყნებში პიროტექნიკა ასე არ იყიდება. აუცილებლად მოწმდება ხარისხი და დიდი სიმძლავრის ასაფეთქებელ მოწყობილობას მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ორგანიზაცია ყიდულობს,“ – გვიყვება მომხმარებელთა უფლებების დამცველი ლია თოდუა. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ დაზარალებული მომხმარებელი ვერავის მოსთხოვს პასუხს, თუკი პიროტექნიკას ქუჩაში შეიძენს: „მაღაზიას შესაძლებელია სასამართლოში უჩივლოს, თუმცა ჩვენი კანონმდებლობით მწარმოებელია პასუხისმგებელი. ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, თუმცა დაზარალებული ძალიან ბევრია“.

ავტორი