მთავარი,სიახლეები

მთავრობამ ფსიქიატრიულის 50 წლით შენარჩუნება გადაწყვიტა

29.12.2016 • 3162
მთავრობამ ფსიქიატრიულის 50 წლით შენარჩუნება გადაწყვიტა

აჭარის მთავრობამ შპს „ბათუმის რესპუბლიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ გასხვისებისთვის 16 დეკემბერს გამოცხადებული აუქციონის პირობები შეცვალა. მყიდველი 10 წლის ნაცვლად, ვალდებული იქნება, 50 წლით შეინარჩუნოს ფსიქიატრიული სააავადმყოფოს პროფილი. რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მან ამ სფეროში მომუშავე ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაცია გაითვალისწინა, თუმცა მესამე სექტორის შენიშვნას „უსაფუძვლო შიშსა და ეჭვებს“ უწოდებს.

„რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობას წერილობით ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აუქციონის შეჩერების თხოვნით მომართა. როგორც ჩანს, არასწორად იქნა აღქმული ელექტრონული აუქციონის ერთ-ერთი პირობა, არსებული სამედიცინო პროფილის 10 წლით შენარჩუნებასთან დაკავშირებით და გაჩნდა უსაფუძვლო ეჭვი, რომ შესაძლოა 10 წლის შემდეგ რეგიონს აღარ ჰქონოდა ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო. გამომდინარე იქედან, რომ გვსურს პროცესის აბსოლუტური გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ და გავფანტოთ უსაფუძვლო შიში 10 წლის შემდეგ კლინიკის პროფილის შეცვლის თაობაზე, აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სამედიცინო დაწესებულების მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ პირობად სამედიცინო პროფილის არანაკლებ 50 წლის ვადით შენარჩუნება განისაზღვრა“ – ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინსიტრო ასევე აღნიშნავს, რომ  ქონების შეძენით დაინტერსებული პირებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონული აუქციონის დასრულების არსებულ ვადას (30 დეკემბერი) 2 კვირა დაემატა.

27 დეკემბერს რამაზ ბოლქვაძემ „ბათუმელებთან“ თქვა, რომ მან კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა გამოიყენა, როცა პროფილის ვადათ 10 წელი განსაზღვრა. დღეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გვითხრა: „აღარ მახსოვს, ზუსტად როგორ ვთქვი… მე ვიგულისხმე პრაქტიკა, რომელიც ამ კუთხით არსებობდა. 10 წელი იყო მაქსიმალური ვადა, რაც გამოგვიყენებია და მაშინაც ვთქვი, რომ თუკი ინვესტორი ამ ხნის განმავლობაში ინვეტიციას ჩადებს, 10 წლის შემდეგაც აღარ იქნებოდა იმის საფრთხე, რომ საავადმყოფო დაეხურა“.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს პირობებიან, ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. საწყისი ფასი 100 ათასი ლარია. ინვესტორმა საავადმყოფოში მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: