მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის მომავალი წლის პრიორიტეტები

29.12.2016 • 5890
აჭარის მთავრობის მომავალი წლის პრიორიტეტები

აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 315 მილიონი ლარით განისაზღვრა და ის უმაღლესმა საბჭომ უკვე დაამტკიცა.

რეგიონის მომავალი წლის მთავარი საფინანასო დოკუმენტის მიხედვით 1 მილიონ 600 ათასი ლარით იზრდება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაფინანსება. მომავალ წელს დეპარტამენტის ბიუჯეტი 7 მილიონ 400 ათასი ლარი იქნება. ნამატი თანხა აჭარის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენას უნდა მოხმარდეს.

თითქმის 8 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში 46 მილიონს შეადგენს საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დაფინანსება. აქედან 27 მილიონი ლარი გზების რეაბილიტაციას, 9 მილიონი ლარი კი საგზაო და სამელიორაციო სისტემების მოვლა-შენახვას მოხმარდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს ბიუჯეტი გასულ წელს 18 მილიონი ლარი იყო, მომავალ წელს კი 34 მილიონი ლარი იქნება. ძირითადი ზრდა არაფინანსურ აქტივებზე მოდის. სამინისტრომ მომავალ წელს 21 მილიონი ლარი გაითვალისწინა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და აჭარის მაღალმთიანეთის გაზიფიცირებისთვის, აქედან გაზიფიცირებაზე მხოლოდ 250 ათასი ლარი დაიხარჯება. დანარჩენი კი გზებს მოხმარდება.

ამავე სამინისტრომ ბათუმის ბულვარისთვის 7 მილიონ 500 ათასი ლარი გაითვალისწინა. აქედან მილიონ 55 ათასი ლარი ბულვარის მართვის, ხოლო 6 მილიონ 500 ათასი ლარი ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა -პატრონობისთვის გაწერეს. მომავალ წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შავი ზღვის სანაპირო ზოლში სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარების მიზნით 240 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

გასულ წელთან შედარებით იზრდება ეკონომიკური ობსერვატორიის დაფინანსებაც და მისი ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 100 ათას ლარს შეადგენს. სამაგიეროდ თითქმის 200 ათასი ლარით მცირდება მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის პროგრამა.

მომავალ წელს 4 მილიონით იზრდება განათლების სამინისტროს ბიუჯეტი. ნამატი ძირითადად აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.

ნახევარი მილიონი ლარით გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება.

ხუთ მილიონამდე ლარით იზრდება სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება. სამინისტრო მომავალ წელს სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით 6 მილიონ 500 ათასი ლარის, ხოლო ადგილობრივო პროდუქტის რეალიზაციისთვის 2 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამდენივეა გათვალისწინებული სასათბურე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. თითქმის მილიონი ლარი დაიხარჯება მომავალ წელს ერთწლიანი კულტურების წარმოების დასაწყებად.

აჭარის ბიუჯეტიდან მომავალ წელს რეგიონის მუნიციპალიტეტებიც დაფინანსდება.

გადაბეჭდვის წესი