მთავარი,სიახლეები

გოჩა თავდუმაძის საქმის მოსმენა განახლდა

10.12.2012 • 2377
გოჩა თავდუმაძის საქმის მოსმენა განახლდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაახლა გოჩა თავდუმაძის საქმის მოსმენა. გასულ ხუთშაბათს მოსამართლე ლერი თედორაძემ მოწმეები დაკითხა. პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე, რომელიც სახელმწიფო ბრალმდებელია, გოჩა თავდუმაძეს დრამატული თეატრისა და მუზეუმის კუთვნილი, დაახლოებით, 80 ათასი ლარის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მითვისებას ედავება.

საქმეზე სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა ვაჟა ცისკარიძე, რომელმაც თქვა, რომ თეატრში დროგამოშვებით ხმის რეჟისორად მუშაობდა. ვაჟა ცისკარიძის ცნობით, 2004 წლის ვარდების რევოლუციიდან მეორე დღეს ის თეატრის დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს დაკარგულად გამოცხადებული აპარატურის აღრიცხვაში დაეხმარა.

მოწმის სახით დაიკითხა პაატა ცეცხლაძეც – შს სამინისტროს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი და ყოფილი „აჭარის უშიშროების“ ასევე ყოფილი თანამშრომელი გენადი საფარიძე.

ძალოვანების წარმომადგენლებმა სასამართლოს უთხრეს, რომ დაკარგულად გამოცხადებული აპარატურა მათ დრამატულ თეატრსა და მუზეუმში 1998 წელს დაამონტაჟეს.

პროცესზე ჩვენების მისაცემად ვერ გამოცხადდა ერთ-ერთი მოწმე – სერგო კუვშინოვი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. პროკურორმა კიდევ ერთი მოწმის შესახებ განაცხადა, რომ ის უკვე გარდაცვლილია.

გოჩა თავდუმაძის საქმე ერთი გარემოებით არის უჩვეულო – სამართალდამცავებმა ის 2004 წელს დააკავეს, მაგრამ ცხრა თვის შემდეგ, ყოველგვარი განაჩენის გარეშე, იმ მიზნით გაათავისუფლეს, რომ ბათუმში სამი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზებაში მიეღო მონაწილეობა. მან მაშინ მართლაც უზრუნველყო აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი სინქრონული თარგმანი და მიკროფონების გამართულად მუშაობა.

გოჩა თავდუმაძეს, დაკავების ეტაპზე, სამართალდამცავები ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობაში სდებდნენ ბრალს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: