მთავარი,სიახლეები

1 273 მასწავლებელი სტატუსის გარეშე

28.12.2016 • 3357
1 273 მასწავლებელი სტატუსის გარეშე

საქართველოს სკოლებში 1273 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს – ეს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებია. უსტატუსო მასწავლებლები მათ შორის ასწავლიან საბუნებისმეტყველო საგნებსაც. ყველაზე ბევრი – 222 უსტატუსო დაწყებითი საფეხურის პედაგოგია, 195 ინგლისურ ენას ასწავლის, 121 უსტატუსო პედაგოგი კი – ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს სკოლებში ისეთი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც მასწავლებლის კვალიფიკაციას არ შეესაბამებიან. ასეთი სულ 1 273 პედაგოგი ყოფილა სკოლებში. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის მიხედვით, პედაგოგი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. კვალიფიკაციის მიხედვით, არსებობს პედაგოგების ოთხი კატეგორია: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. აქედან ყველაზე მაღალი კატეგორია – მენტორია. ამ კატეგორიის მასწავლებელი საქართველოში არც ერთ სკოლას არ ჰყავს.

„ის მასწავლებლები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სქემის მოთხოვნებსა და დადგენილ სტანდარტს, ვერ იღებენ სტატუსს იმ ეტაპამდე, სანამ სქემით დადგენილ სტანდარტებსა და კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებენ. ამიტომ, ასეთი პედაგოგები, ჯერჯერობით, უსტატუსოდ რჩებიან“, – გვითხრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  პიარ-კონსულტანტმა, თაია მახარაშვილმა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენ ხანს შეიძლება იყოს პედაგოგი უსტატუსოდ? –  თაია მახარაშვილმა განმარტა, რომ კონკრეტული ვადა არ არის ცნობილი. „მანამ, სანამ სტანდარტს არ დააკმაყოფილებენ“,  –  გვეუბნება ის.  – „თუ ადამიანი მუშაობს სკოლაში, მაგრამ არ გააჩნია უმაღლესი განათლება, ის ვერ მიიღებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს. შეიძლება მუსიკალური ათწლედი აქვს დამთავრებული და არა კონსერვატორია, მაგრამ კარგი მუსიკოსია და მუშაობს სკოლაში. ასეთი პედაგოგი, რადგან არ აქვს დიპლომი, ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, არის უსტატუსო“.

2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, პედაგოგების რაოდენობა სკოლებში კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება – იხილეთ ცხრილი.

მასწავლებელთა რაოდენობა საჯარო სკოლებში, პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით

მასწავლებელთა რაოდენობა საჯარო სკოლებში, პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: