სიახლეები

ფსიქიკური დაავადება, რომელზეც არ საუბრობენ

04.12.2012 • 4068
ფსიქიკური დაავადება, რომელზეც არ საუბრობენ

ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილი, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანთა ჯგუფებთან წლებია მუშაობს, ამბობს, რომ საქართველოში, როგორც ღვინის ტრადიციების ქვეყანაში, სმის პრობლემა საზოგადოებისთვის მტკივნეული მხოლოდ უკიდურეს ფაზაში ხდება. 

 

„ეს არის ნარკომანიაზე უფრო დიდი სოციალური პრობლემა საქართველოში და განსაკუთრებით რეგიონებში ყვავის. ალკოჰოლიზმი ნარკომანიაზე უფრო ხშირად ვითარდება მისი უფრო ადვილი ხელმისაწვდომობის გამო.“

 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ალკოჰოლი ნარკოტიკულ საშუალებებზე სწრაფად იწვევს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და ფსიქიკური აზროვნების დეგრადაციას.

 

ალკოჰოლიკი გ.კ. იხსენებს, რომ წლების წინ, როცა ალკოჰოლის მიღების შემდეგ საცხოვრებელ კორპუსთან ჩნდებოდა, მეზობლები ეზოდან სახლებში შერბოდნენ.

 

„ისეთი აგრესიული ვხდებოდი, ყველას ეშინოდა ჩემი და სასწრაფოდ ტოვებდნენ იმ ადგილს, სადაც მე ვიყავი,“ – ამბობს გ.კ.

 

მას ალკოჰოლიზმის ფონზე ჯანმრთელობა მკვეთრად გაუუარესდა, შემდეგ კი მისი ცხოვრება ისე განვითარდა, რომ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში 18 თვე სასჯელს იხდიდა ციხეში, თუმცა,  ფიქრობს, რომ ეს დრო სხვა პატიმრებისგან განსხვავებით კარგად გამოიყენა: „ბევრს ვკითხულობდი. ეს ძალიან დამეხმარა იმის მიღწევაში, რომ დღეს ფიზიკურად და ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი ვარ.“

 

ყოფილი ალკოჰოლიკი არ არსებობს. არსებობენ ალკოჰოლიკები, მაგალითად, 5, 10 ან თუნდაც 33 წლის სიფხიზლით. ყველა მათგანი საკუთარ სიფხიზლეს დღემდე სხვა ადამიანების დახმარებით ინარჩუნებს. ხშირად ისინი სიფხიზლის შენარჩუნებაში სხვა ადამიანებსაც ეხმარებიან. ზოგიერთი მათგანი კი AA-ს (Aლცოჰოლიცს Aნონყმოუს -ანონიმურ ალკოჰოლიკთა) ჯგუფის სპიკერი ხდება და დაგროვილი ცოდნით ალკოჰოლიკებს სიფხიზლის შენარჩუნებაში ეხმარება.

 

გ.კ. რამდენიმე კვირაა, რაც ანონიმურ ალკოჰოლიკთა თვითდახმარების ჯგუფს ხელმძღვანელობს და „12 ნაბიჯის“ პროგრამით ალკოჰოლზე დამოკიდებულებს სიფხიზლის შენარჩუნებასა და ფსიქიკურ გამოჯანმრთელებაში ეხმარება.

 

ამ მხრივ ალკოჰოლიკების მიერ დაწერილი „12 ნაბიჯი,“ რომელსაც საფუძველი აშშ-ში 1935 წლიდან ჩაეყარა, ერთადერთი აპრობირებული და შედეგიანი პროგრამაა მთელ მსოფლიოში. მისი პირველი ნაბიჯი კი იმის აღიარებას გულისხმობს, რომ „ხარ ალკოჰოლიკი და უძლური მის წინაშე.“ თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო საქართველოში ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფები ვერ განვითარდნენ. ამ ეტაპზე ქვეყანას ალკოჰოლიზმთან ბრძოლის სტატისტიკაც არ აქვს.

 

„ჩემი დაკვირვებითა და პირადი გამოცდილებით სიფხიზლის შენარჩუნება ალკოჰოლიკებს უფრო უჭირთ, ვიდრე ნარკოდამოკიდებულებს. ჩემივე პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ ნარკოდამოკიდებულებში ეს რიცხვი 4-5%-ია, ალკოჰოლდამოკიდებულებთან მხოლოდ 2-4%. მსოფლიო სტატისტიკა კი, აჩვენებს, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 20-25 %-ია“.

 

ალკოჰოლიზმი, როგორც კომპლექსური დაავადება, გავლენას ადამიანის ფსიქიკაზე, ემოციებსა და ფიზიკურ მდგომარეობაზე ახდენს. ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესება ყველაზე ბოლო ეტაპია და ალკოჰოლიზმის მკურნალობაც სწორედ ამ ეტაპით უნდა დაიწყოს. 

 

კლინიკა „ურანტი“ წლებია ალკო და ნარკოდამოკიდებულთა პროფილით მუშაობს. მისი ხელმძღვანელი, ზურაბ სიხარულიძე ალკოჰოლიზმის განვითარების სამ სტადიაზე საუბრობს.

 

საწყის სტადიაზე ადამიანს საკუთარი კრიტიკის უნარი ჯერ შენარჩუნებული აქვს და მისი ფსიქიკა დეგრადირებული ჯერ არ არის. მეორე და მესამე სტადიაზე როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობა გაუარესებულია. მესამე სტადია, ექიმის განმარტებით, ფსიქიკური თვალსაზრისით თითქმის შეუქცევადი ხდება და პაციენტს ჰალუცინაციები, ციებ-ცხელება და ბოდვები უვითარდება. სამივე სტადიაზე სამედიცინო ჩარევა პაციენტის დეტოქსიკაციით ხდება, რომელიც ალკოჰოლის ნარჩენებისგან ორგანიზმის გასუფთავებას გულისხმობს.

 

„თუმცა, მკურნალობას არანაირი აზრი არ აქვს, სანამ ეს თავად პაციენტის ნება არ გახდება.  კლინიკაში ისინი ძირითადად შეწუხებულ ოჯახის წევრებს მოჰყავთ.“

 

მიმართვიანობის ტენდენცია კლინიკაში მკურნალობის მაღალი საფასურის გამო, დაბალია. ალკოჰოლიზმი, კი, როგორც ექიმი ამბობს, ძირითადად, დაბალი სოციალური სტატუსის მქონე პირთა დაავადებაა.

 

„ალკოჰოლიზმი მაღალი სოციალური სტატუსის ფენასაც ემართება და მას „ვიქენდების“ ალკოჰოლიზმს ვეძახით. ის ძირითადად, იურისტებს, ბანკირებს და ისეთი პროფესიების ადამიანებს ემართება, ვისაც დაძაბული სამუშაო გრაფიკი აქვთ. მთელი კვირა არ სვამენ და პარასკევს საღამოდან იწყებენ. კვირას ძლიერი „პახმელიის“ მოსახსნელად უკვე ჩვენ გვაკითხავენ. იგივე გრძელდება მეორე კვირასაც,“ –  ამბობს სიხარულიძე.

 

კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანაში გახშირდა უმუშევრობის, მთელი დღე სახლში მარტო ყოფნისა და დეპრესიების ფონზე ქალთა ალკოჰოლიზმიც, რომელიც, ძირითადად, დიასახლისებს ემართება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, ალკოჰოლიზმი სიკვდილისა და ინვალიდობის გამომწვევ მეხუთე რისკ-ფაქტორად მიიჩნევა. 

 

მხოლოდ 2004 წელს ამ მიზეზით მსოფლიოში 2,5 მილიონი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 320 ათასი 15-29 წლის ასაკში.

 

ალკოჰოლიზმის ძირითად გამომწვევ გარე ფაქტორებად მედიკოსები ბავშვობაში კომუნიკაციის პრობლემებს, მუდმივ სტრესებს, დეპრესიებს, სოციალურ ფონსა და  უმუშევრობას ასახელებენ. სწორედ ამ ბოლო ფაქტორის გამო დეტოქსიკაციაც ხელმიუწვდომელი რჩება.

 

კლინიკებში, როდესაც პაციენტი პირველადი ეტაპისთვის, დეტოქსიკაციისთვის მიდის, მკურნალობა დღეში საშუალოდ 80-120 ლარი ღირს.

 

„დეტოქსიკაციას და ასეთ სამედიცინო ჩარევას ალკოჰოლიზმის მკურნალობაში მინიმალური წილი აქვს. გამოჯანმრთელების პროცესში და სიფხიზლის შენარჩუნებაში მთავარი ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური ჩარევაა, რაც ასევე ხშირად თანხასთან არის დაკავშირებული. ფსიქოთერაპიული დახმარებისა და ანტიდეპრესანტების თანხა მათ არ აქვთ, როგორც წესი. ამიტომ ურჩევნიათ ისევ ორლარიანი არაყი დალიონ. ალკოჰოლიკთა მკურნალობას კი სახელმწიფო არც ერთი პროგრამა არ ფარავს,” – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

 

საქართველო ამ დრომდე არ იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ მეთოდს, – ყოველი გაყიდული ალკოჰოლური სასმელის აქციზიდან მინიმალური თანხა (მაგალითად, 1 თეთრი) გადარიცხოს ალკოჰოლიკთა მკურნალობის ფონდში.

 

„მერწმუნეთ, ეს თანხა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მკურნალობის ხელმისაწვდომობა მოიხსნას. მაგრამ ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ეს არის საზოგადოების პრობლემა. სახელმწიფო კი ყოველთვის უსმენს საზოგადოებას, რომელიც ფიქრობს – „სვამს, მერე რა მოხდა.“

გადაბეჭდვის წესი