მთავარი,სიახლეები

8 ნოემბრის დარბევის გამოძიება 5 წლის შემდეგ

03.12.2012 • 2729
8 ნოემბრის დარბევის გამოძიება 5 წლის შემდეგ

ბათუმელი მერაბ ღოღობერიძე გასულ კვირას აჭარის პროკურატურაში დაიბარეს დაკითხვაზე. ღოღობერიძის თქმით, პროკურორ ზვიად ფხაკაძეს აინტერესებდა, რატომ არის 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევის შემდეგ დაკავებული ღოღობერიძის საქმის მასალაში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება.

მერაბ ღოღობერიძე სამართალდამცავებმა 2007 წლის 8 ნოემბერს, უნივერსიტეტში გაზის გაშვებისა და სტუდენტების დარბევის შემდეგ, ჟურნალისტების თვალწინ დააკავეს. ის თეთრი ფერის უნომრო „07“ მარკის ავტომანქანაში ჩატენეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

დავით ბედია უნივერსიტეტის დარბევის დროს
დავით ბედია უნივერსიტეტის დარბევის დროს

რატომ დევს საქმეში ღოღობერიძის ხელმოწერილი, ორი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება? – მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელების“ მკითხველისთვის ყვება, თუ რითი დაინტერესდა გამოძიება დარბევიდან ხუთი წლის შემდეგ, ანუ გასულ კვირას:

„მაშინ პროკურატურაში საჩივარი მე არ შემიტანია, სახალხო დაცველმა ჩემს ჩვენებაზე დაყრდნობით მიმართა პროკურატურას. მე სახალხო დამცველის წარმომადგენელს მოვუყევი, როგორ მირტყამდნენ თავში ფეხებს, როგორ დამადეს შუბლზე პისტოლეტი. აი, ამ ახსნა-განმარტების საფუძველზე შეიტანეს მათ საჩივარი, რომელსაც ხელს ვაწერდი.

საქმეში დევს მეორე ოქმიც. ამ ოქმს ხელი იმ დღეს მოვაწერე. –  უნივერსიტეტის ეზოდან წამიყვანეს ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილებაში. მანქანაში ნიღბიანებმა ფეხებში ჩამტენეს და პოლიციაში მისვლამდე თავში ფეხებს მირტყამდნენ. შენობაში პისტოლეტიც კი დამადეს შუბლზე. მცემდნენ და მეუბნებოდნენ, „რა გგონია, შეგრჩებოდა კაბის ჩამოკიდებაო“ – 8 ნოემბრამდე ცოტა ხნით ადრე ლევან ვარშალომიძესა და დავით ბედიას კაბები ჩამოვუკიდე სამსახურის წინ.

მერე შემოიყვანეს გამომძიებელი ჯემალ ბერიძე, რომელმაც არც კი იცოდა, რატომ ვიყავი დაკავებული. მან შეადგინა ადმინისტრაციული ოქმი, სადაც ჩაწერა, რომ დამაკავეს რუსთაველისა და ენგელსის ქუჩების კვეთაში პოლიციის შეურაცხყოფისთვის.

მე უარს ვამბობდი ოქმის ხელმოწერაზე. ჯემალ ბერიძემ გამაფრთხილა, ნუ მაგდებ უხერხულ მდგომარეობაში, ეგენი მაინც მოგაწერინებენო. ისევ შემოვიდა სპეცრაზმი… მოვაწერე ხელი, რომ ვიგინებოდი და გამომიშვეს… ცუდად ვიყავი, ტვინის შერყევა მქონდა და ვიწექი.

აი, ამიტომ დევს საქმეში ორი სხვადასხვა შინაარსის დოკუმენტი“.

მერაბ ღოღობერიძემ 8 ნოემბრის დაკავების გამო საჩივარი პროკურატურაში გასულ კვირას შეიტანა. როგორც მერაბ ღოღობერიძე ამბობს, მას „პროკურორი ზვიად ფხაკაზე შეხვდა და ესაუბრა“. ღოღობერიძე ითხოვს სახალხო დამცველის მოხსენების საფუძველზე საქმის ხელახალ გამოძიებას.

აჭარის პროკურორის ლევან გზირიშვილის თქმით, ამ დროისთვის 8 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურაში მხოლოდ ერთი საქმე დევს. ის ამბობს, რომ თუ უნივერსიტეტის დარბევის ფაქტზე საჩივრები შევა, ამ საქმეს აუცილებლად გამოიძიებენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რუსთაველის უნივერსიტეტს ამ დროისთვის პროკურატურისთვის 8 ნოემბრის დარბევის გამოძიების თხოვნით არ მიუმართავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: