მთავარი,სიახლეები

უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი ბათუმის ციხეში

28.12.2016 • 3684
უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი ბათუმის ციხეში

კახა მეცხვარიშვილი ბათუმის ციხიდან წლის განმავლობაში აგზავნის წერილებს. „ბათუმელებისთვის“ და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებებისთვის მიწერილ წერილებში ის სამედიცინო მომსახურების ხარისხს უჩიოდა და დახმარებას ითხოვდა. მისი ერთ-ერთი წერილის საფუძველზე შემოწმება ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ჩაატარა და სხვადასხვა ხარვეზთან ერთად, უკანონო სამედიცინო საქმიანობის შემთხვევაც დაადგინა.

მარტში, როცა „ბათუმელებმა“ კახა მეცხვარიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, გვქონდა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო ეს კომენტარიც: „მსჯავრდებული კ.მ, რომელიც სასჯელს N3 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფილია. მას უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევა და მედიკამენტები ექიმის დანიშნულებისამებრ მიეწოდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, მსჯავრდებულმა კ.მ-მ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მადლობის წერილით მომართა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ N3 დაწესებულებაში პროფესიონალი ექიმები არიან დასაქმებული, მადლობას უხდის მათ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს“.

რამდენიმე დღის წინ კახა მეცხვარიშვილმა კიდევ ერთი წერილი გამოგვიგზავნა, სადაც პატიმარი წერს, რომ პრეტენზია, რომელსაც სასჯელაღსრულების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფდა, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დასკვნით დაადასტურა.

ბათუმის ციხეში აღმოჩენილ დარღვევებზე ინფორმაცია დაგვიდასტურეს სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტოში. ამ უწყებას შემოწმება სახალხო დამცველის თხვნის საფუძველზე ჩაუტარებია. სააგენტომ უკანონო სამედიცინო საქმიანობა სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულების ექიმის, თამილა ვარშალომიძის მიმართ დაადგინა.

„საკითხი განიხილა პროფესიული განვითარების საბჭომ და მას ერთი თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატი. მას აქვს სერთიფიკატი ანესთეზიოლიოგიაში და ამ მსჯავრდებულის დაავადებებზე მას არ შეეძლო სამედიცინო მომსახურების გაწევა. ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით, ეს ექიმი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღარ მუშაობს“, – გვითხრა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, ინგა პაიჭაძემ.

სააგენტოს წარმომადგენელმა ასევე დაგვიდასტურა ხარვეზების დაფიქსირება სხვა ექიმების მიერ გაწეულ სამედიცინო საქმიანობაში, მაგალითად, ზურაბ ორაგველიძის, ვის შესახებაც მსჯავრდებული კახა მეცხვარიშვილი წლის განმავლობაში ხშირად წერდა.

„ამ ხარვეზებზე გავუგზავნეთ წერილი სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, განხორციელდა თუ არა რაიმე ზომები ამ კუთხით. რიგ შემთხვევაში, სამინისტრო გვაწვდის პასუხებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების სამინისტროს ჩვენთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია, რა რეაგირება მოყვა დაფიქსირებულ დარღვევებს“, – ამბობს ინგა პაიჭაძე.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ ამ დრომდე არ მოგვაწოდა ინფორმაცია რეაგირების შესახებ, რაც დაფიქისირებულ დარღვევებს წესით უნდა მოჰყოლოდა. სამინისტროს „ბათუმელებმა“ ორშაბათს, 26 დეკემბერს მიმართა.

სამინისტრომ არ უპასუხა ასევე კითხვას, შიმშილობს თუ არა ამჟამად კახა მეცხვარიშვილი. ბათუმის ციხიდან გამოგზავნილ წერილში, პატიმარი წერს იმასაც, რომ 22 დეკემბრიდან პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს.

მსჯავრდებული ამჯერად სამარტოო საკანში უსაფუძვლოდ გადაყვნას და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან აგრესიას აპროტესტებს. მისი თქმით, 16 დეკემბერს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ალერგოლოგს შეახვედრეს, რომელმაც კონკრეტული მედიკამენტების მიღება ურჩია. იმის გამო, რომ ციხეში კონკრეტული მედიკამენტი არ ჰქონდათ, პატიმარს ოჯახთან დაკავშირება უთხოვია ტელეფონით. ამონარიდი პატიმრის წერილიდან:

„ეს გავაპროტესტე, რადგან კანონებში ვერ ერკვევიან… შემომიცვივდნენ საკანში 5-6 თანამშრომელი და მითხრეს, ადექი, სამარტოვო საკანში გადადიხარო. რატომ მეთქი და მოვითხოვე ოქმი. ყველაზე აგრესიულად გამოირჩეოდა კორპუსის უფროსი, ირაკლი, რას ალაპარაკებთო, ამოუტრიალეთ ხელები და წამოათრიერთო და სადაც გინდა, იქ წერეო. კორპუსის კალიდორში დედაზე შემაგინა, ჩამიყვანა კარცერში, როცა ჩხრეკას მიტარებდნენ, ინსტიქტურად მომიხდა წყლის შლანგზე და საცვალი და მაისური, მთლიანად სველი ვიყავი, არც გამომაცვლევინეს, დამადეს ხელბორკილი და ორი საათი ვიყავი სველ სვიტერში. შემდეგ დღენახევარი სიცივეში გამატარებინეს უსაფრთხო საკანში… ადმინისტრაცია იმუქრება დასჯებით, მაგრამ მე მუქარის არ მეშინია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: