სიახლეები

ნახვამდის, უფრო ზუსტად, დროებით!

28.11.2012 • 1547
ნახვამდის, უფრო ზუსტად, დროებით!

სესილია, ჩემი ექვსი წლის შვილი, შეიძლება ითქვას, რომ „ბათუმელებში“ გაიზარდა. ერთი თვის წინ მის სკოლასთან მანქანა დაიწვა, სამსახურში მომაკითხა და ამბების მოყოლა ზუსტად ისე დაიწყო, როგორც მე დავიწყებდი,  პირველივე საფეხურიდან. „იცით რა მოხდა? დიდი კვამლი იყო, მანქანა იწვოდა, სასწრაფო იყო, ცეცხლი დიდმა მანქანებმა ჩააქრეს, ბავშვებს შეგვეშინდა, ჩემმა მეგობარმა იტირა, მეც…“ – სწრაფად და სულმოუთქმელად საუბრობდა, ისტორიის მოყოლა რედაქტორის კაბინეტში დაასრულა. მე ვვარაუდობ, რომ სესილიას არჩევანიც რეპორტიორობა იქნება. არ ჩავერეოდი, თუმცა ვისურვებდი, რომ მის კარიერაშიც იყოს ისეთ გაზეთი, როგორშიც მე ვიმუშავე ბოლო ოთხი წელი.

 

 

გამოდის, რომ 11 წელია რეპორტაჟებს ვწერ, უბრალოდ მედიასაშუალებებს ვიცვლი. სამსახურებიდან ძირითადად ჩემი სურვილით მოვდივარ და არასდროს მაქვს განცდა, რომ იქნებ სჯობდა კიდევ დავრჩენილიყავი. `ბათუმელების“ შემთხვევაში კი რაღაც უცნაური განცდა მაქვს. მივდივარ და გულისტკივილი მაქვს. ვტოვებ ქალაქს, სახლს, შვილებს და სამუშაო მაგიდას „ბათუმელებში“, სადაც  დევს ნახევრად შესწავლილი ასობით დოკუმენტი (აქ დოკუმენტის გარეშე არფერი დამიწერია),  ახალნაყიდი ლამფა, ყავის კერამიკულაი მადუღარა ორი ჭიქით, ორი დეკორატიული სანთელი და ერთი აქციდაან წამოღებული პლაკატი, რომელიც იმიტომ წამოვიღე, რომ როცა ამ ორგანიზაციას დახურავდნენ, არ გამეპროტესტებინა. 

 

 

წასვლის წინ გამონაკლისს დავუშვებ და პირად ნივთებს, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს, არ წავიღებ, იმიტომ რომ ვიცი, წლების შემდეგ აქ დავბრუნდები. რთულია ამის ხმამაღლა თქმა, შეიძლება დრომ გადააფასოს, მაგრამ ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ შედარებით მნიშვნელოვანი რეპორტაჟების მომზადება სწორედ აქ მოვახერხე. მქონდა დიდი იმედგაცრუებაც, როცა საგამოძიებო წერილებს ვაქვეყნებდით, მინდოდა, რომ შედეგი და ცვლილება დამენახა. ამის ნიშანწყალიც კი არ იყო, მაგრამ აქ ჰქონდათ არგუმენტი, რატომ უნდა გაგვეგრძელებინა და ეს სიმართლე აღმოჩნდა.

 

 

ათასჯერ მომისმენია ჩვენი მისამართით _ „საქმე არ გაქვთ, წერეთ და იკითხეთ“,  „გვაკრიტიკებთ პრემიების გამო, იმიტომ რომ გშურთ“, „ოპოზიცია ხართ“, „გულში მთავრობისკენ ხართ“, „ლიბერტანიალებო“, „გამოკითხვებით მანიპულირებთ“ – ამ ფრაზების ავტორების ერთი ნაწილი უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები არიან,  ნაწილი კი – ოპოზიციის. ბუნებით ცინიკოსი არ ვარ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა დამიცინია გულში პოლიტიკოსისათვის, ზოგჯერ ასეთი ფრაზის გამოც, რომელსაც მაშინ წარმოთქვამენ, როდესც კითხვაზე პასუხი არ აქვთ; როცა პარტიის ოფისში ინტერვიუს ჩასაწერად ვყოფილვარ და მინახავს, როგორი პატივისცემით ექცეოდნენ კოლეგებს დედაქალაქიდან მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ქალაქიდან იყვნენ.

 

 

ეს არ გამაღიზიანებდა, რომ არ მომესმინა რეგიონში ერთადერთი ღია ეთერის გადაცემის წამყვანის დაუმსახურებელი კრიტიკა, ან ეთერში რომ არ მენახა, როგორ უყვიროდნენ წამყვანს ადამიანები, რომლებიც თავს პოლიტიკოსს ეძახიან. ჯაბა ანანიძის შესახებ ვსაუბრობ. არადა, თამამად მინდა ვთქვა, მან ქართულ ჟურნალისტიკაში პრეცედენტი შექმნა. ტელევიზიაში, რომელშიც მუშაობდა, მისი მფლობელების წინააღმდეგ გაზეთ „ბათუმელების“ წამოწყებული გამოძიება გააგრძელა და მფლობელების მიერ ტელევიზიის გასხვისების კანონიერებაზე ეჭვი მიიტანა. პრეცედენტი იყო ისიც, რომ ამ ფილმის შემდეგ მან სამსახური შეინარჩუნა, სარედაქციო პოლიტიკა მფლობელებისგან გაიმიჯნა.

 

 

რისი ახსნა მინდა ამით? „ბათუმელებიდან“ იმიტომ კი არ მივდივარ, რომ მეც ზოგიერთი პოლიტიკოსივით ვფიქრობ: თითქოს რეგიონული მედია ნაციონალურს განვითარების დონით ჩამორჩება. პატიოსანი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ შეიძლება ვცდები, მაგრამ ხანდახან პირიქითაც მგონია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში გაზეთი „ბათუმელები“ ყველაზე კარგი გაზეთია. აქ არის მცდელობა მოვლენების ანალიზის, აქ ყველას ყველაფერზე ერთი აზრი არ აქვს, საერთო მხოლოდ ძირითადი ღირებულებებია. აქ შეიძლება არ მოგეწონოს რომელიმე რედაქტორისგან თემის შემოთავაზება და თუ მწვავე კამათის დროს ბოლო არგუმენტი შენია, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სხვა თემაზე იმუშავებ.

 

 

თუ ასეთია სივრცეა, რატომ მივდივარ?  ტელევიზიაში დაბრუნება და ცვლილება მჭირდება. ბათუმში ორი ტელევიზიაა, ორივეში მიმუშავია, არც ერთ მათგანში დაბრუნების სურვილი აღარ გამჩენია.

 

 

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის ამ ტელევიზიების ბედი სულერთია. ვცდილობდი ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით დისკუსიაში არ ჩავრთულიყავი, თუმცა დიდი ინტერესით წავიკითხავ ინფორმაციას ტელევიზიის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ. ეს ჩემთვის, როგორც ერთი ჟურნალისტისთვის, რეგიონული მთავრობის ტესტია დემოკრატიაზე. იმედს ვიტოვებ, ეს პირი იქნება ის, ვისაც 8 წლის მანძილზე ერთხელ მაინც გაუპროტესტებია მთავრობის მედიაზე გავლენა. ამ ტელევიზიისთვის ბიუჯეტიდან მიღებულ ფულზე უფრო მნიშვნელოვანი ხალხის ნდობაა, რომელიც ჩემდა სამწახუროდ, არასდროს ჰქონია.

 

 

ეს წერილი „ბათუმელებში“ ორშაბათს გამოქვეყნდება. ორშაბათს აქ დიდი თათბირის დღეა. შეიკრიბებიან ცაგო, მანანა, ნანა, ლელა, ეთერი, ირაკლი, ქეთი და შემდეგი ორშაბათის გაზეთს დაგეგმავენ. დაიგეგმება გარემოს, საზოგადოების, ეკონომიკის, სამართლის, სპორტის, განათლების, ჯანდაცვის, ბულვარისა და რევიუს რუბრიკები, ბუნებრივია პოლიტიკაც. ამ დროს მზია კიბეზე აივლის გაზეთით ხელში, მისი გამომეტყველება ალბათ ისევ ისეთი იქნება, „უკეთესიც შეიძლებოდა“ (მზია მენეჯერია), ალბათ ცაგო ისევ ყველაზე ცოტას ილაპარაკებს, ლელას ჩემი გაჩუმება აღარ მოუწევს. მე ამ თათბირის ნაცვლად უკვე ახალ სამსახურში ვიქნები, „ბათუმელებს“ კი, როგორც მკითხველი დაველოდები. 

 

 

ადრე ვწერდი, „ბათუმელებში“ რაც არ გვაქვს, სარკეა-მეთქი. ახლა კი ვხვდები, რატომ არ არის საჭირო ის. გაზეთია საზოგადოების სარკე და თუ ის სარკის ფუნქციას კარგავს, კარგავს კონტაქტს მთავართან. ტელევიზიას, რომელშიც მე გადავდივარ სამუშაოდ, რამდენიმე თვის წინ სარკის ფუნქცია ჰქონდა დაკარგული, ახლა „იმედდთან“ დაკავშირებით იმედი გაჩნდა. 

 

 

მინდოდა მეთქვა ნახვამდის, მაგრამ ალბათ უფრო ზუსტი იქნება – დროებით. როცა საზოგადოების გულგრილობას, ან პირიქით, საზოგადოების მიმართ გულგრილობას აუღელვებივარ, აქ მოვრბოდი, „ბათუმელებში“, რომელსაც ხუმრობით ევროპასაც ვეძახდი. ჰო, მართალა, ჩემი მუშაობიდან 4 წლის შემდეგ რედაქციაში აღარ არის წარწერები სიჩუმის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ალბათ აზრი დაკარგა. მოწოდების მიუხედავად, ჩუმად ყოფნა არასდროს შემეძლო.

 

გადაბეჭდვის წესი