მთავარი,სიახლეები

ქედის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

27.12.2016 • 2981
ქედის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

დღეს, 27 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  რიგგარეშე სხდომაზე 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 17 ხმით სამის წინააღმდეგ დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი  8 მილიონ 157 700 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ, არგუმენტად ოპოზიცია იმ შენიშვნებს ასახელებს, რაც გამგებამ არ გაითვალისწინა.

„არასამეწარმეო იურიდიულ პირებში დასაქმებულ თანამშრომლებს მწირი ანაზღაურება აქვთ, მოვითხოვეთ მათი ხელფასები 30%-ით გაზრდილიყო, ასევე ვითხოვდით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 000 ლარი ქედის მუზეუმს გამოჰყოფოდა ექსპონატების შესასყიდად, გარემოს დაცვითი ღონისძიებებისა და სარეზერვო ფონდის დაფინასება  60 000 ლარამდე გაზრდილიყო, თუმცა ჩვენი არცერთი მოთხოვნა გამგეობამ არ გაითვალისწინა და წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ“, – ამბობს საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, მურმან დავითაძე.

ოპოზიციის შენიშვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან  ცინცაძე:„ბიუჯეტი რაც დავამტკიცეთ, მოსახლეობის საჭიროებაზეა გათვლილი. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, აიპ-ების თანამშრომლების ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტეს არ აქვს შესაძლებლობა ხელფასები გავზარდოთ“

დამტკიცებული ბიუჯეტით ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისთვის მილიონ 608 000 ლარი, თავდაცვაზე – 76 000, ინფრაქტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად – 3 მილიონ 902 000, განათლებაზე მილიონ 219 000, კულტურა, რელიგიასა და სპორტული ღონისძიებებისთვის 960 000, ხოლო ჯანდაცვისთვის 390 000 ლარია გამოყოფილი.

„2017 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტულია ინფრაქტრუქტურის მოწესრიგება, აწჰესის ტერიტორიის მოწესრიგებისთვის 700 000, ხოლო დაბა ქედის კეთილმოწყობისთვის 740 000 ლარი გაიწერა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ,მუნიციპალიტეტში ყველა ადმიანისტრაციულ თემში 340 000 ლარის კეთილმოწყობითი ღონისძიებები გატარდება 2017 წელს“, – ამბობს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ფორმირების განყოფილების უფროსი, გიორგი სურმანიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მთავარი შემოსავალი სოფლის მეურნეობაზე მოდის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ქედის ბიუჯეტში ერთი თეთრიც კი არ არის გამოყოფილი. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის პროგრამებს აჭარისა და ცენტრალური ბიუჯეტი აფინასებს.

ქედის მუნიციპალიტეტი 3 მილიონ ლარს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ხოლო 4 მილიონ 142 200 ლარს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: