სიახლეები

ხიფათი ნაგვის ურნებიდან

26.11.2012 • 1330
ხიფათი ნაგვის ურნებიდან

ბოსტნეულის ნაფცქვენები, პამპერსები, ფერადი პარკები და ნაგვის ნარჩენები  შარაბიძეების დასახლების შესასვლელთან ცენტრალური მაგისტრალის მეორე მხარესაა მიმობნეული. ერთ მხარეს კი ორი თუნუქის კონტეინერი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით თითქმის სავსეა. ოდნავ მოშორებით განთავსებულ კიდევ ერთ კონტეინერთან ძროხებისა და ძაღლების სიმრავლე შეიმჩნევა. ისინი ამ კონტეინერიდან იკვებებიან.

 

ნაგვის კონტეინერების უკანა მხარეს კორპუსებია, რომლის ეზოშიც ხშირად თავს იყრიან იქვე მცხოვრებნი, ხშირად იმ ძროხების პატრონებიც, რომლებსაც ამ ყველაფერზე რეაქცია არ აქვთ, ან დიქტოფონთან საუბარი არ უნდათ. – ასეთ სურათს შარაბიძეების დასახლების შესასვლელთან ყოველდღე ნახავთ.

 

თითქმის იგივე სიტუაციაა ხოფის დასახლებასა და ქალაქის სხვა გარეუბნებშიც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კი ეს საკითხი შედარებით მოწესრიგებულია. 

 

მოსახლეობა ამბობს, რომ ზოგჯერ არც კონტეინერის ირგვლივ ყრია ნაგავი და კონტეინერს თავსახურიც ახურავს, მაგრამ ნაგვის სუნი კორპუსებამდე მაინც აღწევს. „ხშირად ამ კონტეინერებს იმდენად ბევრი მწერი ესევა, რომ  ახლოს მისვლაც შეგეშინდება“. – ამბობს ხატია დიასამიძე. მისი თქმით, იყო შემთხვევებიც, როცა გავსებული კონტეინერიდან ნაგავი სამი დღის განმავლობაში არ გაუტანიათ, რამაც ეზოში სუნი და მწერების მომრავლება გამოიწვია: „ცხელ ხაზზეც დავრეკეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით“.

 

„ჩვენ თვითონაც ცუდად ვიქცევით, ეს კი ყველაზე დიდი პრობლემაა, ხალხს პირდაპირ ვედროთი გამოაქვს ნაგავი და კონტეინერში ასე ყრის. არ შეიძლება პარკში შეაგროვო და ისე მოათავსო კონტეინერში? ან რომ ჩაყრი, თავი დაახურო კონტეინერს? – მაგრამ ჩვენ არაფერი გვეშველება. ამას რომ ვამბობ, კიდევ კარგი არ ესმით, თორემ აქეთ შემომედავებიან, რას ლაპარაკობო. აბა, იმ პატიოსან ხალხზე რა უნდა ვთქვა, კი აგვიანებენ ხანდახან ორ და სამ დღეს არ მოდიან, მაგრამ ჯერ ჩვენი ვთქვათ და მერე სხვისი“, – ამბობს მურად შარაბიძე.

 

სპეციალისტების განმარტებით, კონტეინერი მეორე, სუფთა კონტეინერით ჩანაცვლება მინიმუმ თვეში ერთხელ უნდა ხდებოდეს, აუცილებელია ყოველდღიურად ირეცხებოდეს სატვირთო მანქანებიც, რომლებითაც „სანდასუფთავებას“ კონტეინერებში შეგროვილი ნარჩენები ნაგავსაყარზე გააქვს.

 

„ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს სტანდარტული ნაგავსაყარი. არსებულ ნაგავსაყარზე კი ძალიან ცუდი სიტუაციაა, ამიტომ იქ შესული მანქანა გაურეცხავად და საბურავების სპეციალურ გამწმენდზე შემოწმების გარეშე ქალაქში არ უნდა გამოდიოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის იქნება საფრთხე, რომ ამ მანქანების საშუალებით რაიმე დაავადება გავრცელდეს“. – ამბობს გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნებისა და ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსი ნოდარ კონცელიძე. 

 

ქალაქის დასუფთავებისთვის მერიის 2012 წლის ბიუჯეტში 6 მილიონ 479  ათასი  ლარია გათვალისწინებული. სანდასუფთავების მუშაობას კი მერია  მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით აკონტროლებს. ამ სამსახურის თანამშრომლის თამაზ ველიაძის თქმით, გარეუბნებში დასუფთავების პრობლემა დგას, თუმცა სპეციალისტი „ბათუმელებთან“ ყურადღებას პრობლემის მიზეზებზე ამახვილებს: „გასულ წელს მხოლოდ იმ კონტეინერების რეცხვას ახერხებდნენ, რაც ქალაქის ტერიტორიაზეა განთავსებული. შემოერთებულ ტერიტორიებსა და გარეუბნებში განთავსებული კონტეინერების რეცხვას კი ვეღარ ასწრებდნენ, რადგან ტერიტორიების შემოერთებასთან ერთად სამსახურს საქმე მოემატა, გაიზარდა მოცულობა და გასატანი კონტეინერების რიცხვიც“.

 

 თამაზ ველიაძის თქმით, ზოგ შემთხვევაში მათი რეცხვა სამ თვეში ერთხელ ხერხდებოდა, რაც საკმარისი არ არის, მაგრამ მათ მეტს ვერ მოსთხოვდნენ, რადგან შესაბამისი სახსრები გათვალისწინებული არ ჰქონდათ: „მომავალში ბიუჯეტის დაგეგმვისას ეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“.

 

„სანდასუფთავების“ ფინანსური მენეჯერის ნარგიზ ფალავანდიშვილის განმარტებით კი მათი სამსახური იმაზე მეტ სამუშაოს ასრულებს, ვიდრე ეს ტენდერის პირობებითაა გათვალისწინებული: „ჩვენ გვაქვს პირობა, რომ შეგროვილი ნარჩენები დღეში ორჯერ გამოვიტანოთ, მაგრამ როცა ამის საჭიროება არის, მესამედაც გავდივართ. კარგი იქნება, თუ მოსახლეობის პასუხისმგებლობასაც შეეხებით, რადგან ხშირად ნაგვის ურნამდე მიტანაც არ უნდათ და პარკებით სადარბაზოსთან ტოვებენ. რაც შეეხება კონტეინერებს – მათ მონაცვლეობით ვრეცხავდით, რადგან როცა კონტეინერს გასარეცხად წამოიღებ, მის ნაცვლად სხვა უნდა დატოვო. საკმარისი რაოდენობის კონტეინერი კი არ გვქონდა. ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. ტენდერი გამოვაცხადეთ, რაც დროში გაწელილი პროცესია. ამჯერად უკვე გვაქვს საკმარისი რაოდენობის კონტეინერი და გარეუბნებშიც სიტუაცია შედარებით გამოსწორდება, მაგრამ მოსახლეობის მიდგომაც უნდა შეიცვალოს“.

 

ბათუმის საკრებულოს 2012 წლის იანვრის დადგენილებით, ქვეითად მოსიარულეების მიერ ან ავტოსატრანსპორტო სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრა მოქალაქის 50 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ბულვარში, პარკსა და სკვერში ნარჩენების დატოვებისთვის  ფიზიკური პირი 50 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით უნდა ჯარიმდებოდეს. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ჯარიმები უნდა გაორმაგდეს. ამ დადგენილების აღსრულება მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობებშია. 

 

გარემოს დამცველების ინფორმაციით შესაცვლელია სანდასუფთავების მიდგომებიც. გასულ წელს ეს სამსახური გარემოს დაცვის სამმართველოს შუამდგომლობით არსატანდარტული მუშაობისთვის დაჯარიმდა.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: