სიახლეები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტის ორი მხარე

24.11.2012 • 1961
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტის ორი მხარე

თამარ, აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, შეძლებს მაუწყებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას?

კარგი ფაქტია, როცა ვიღაცას გაახსენდა, რომ სახელმწიფო ტელევიზია ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. შესაბამისად, კარგია, რომ ვიღაც ზრუნავს მისი სტატუსის შეცვლაზე. მაგრამ ამ კანონპროექტში ერთი მნიშვნელოვანი რამ არ ჩანს: ტელევიზიის სამეურვეო საბჭოსა და დირექტორის უფლებამოსილებები არ არის კარგად განსაზღვრული და საერთოდ არ არის განსაზღვრული უფლებამოსილების შეწყვეტის ფორმები. მესმის, რომ ეს შეიძლება იყოს გარდამავალი დებულება, მაგრამ ამ ფორმით მისი მიღება, ალბათ, რთული იქნება.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია აღებულია მაუწყებლობის შესახებ კანონიდან. პრაქტიკამ კი აჩვენა, რომ მაუწყებლის ფორმირების ეს პრინციპები მიუღებელია და პროფესიული წრეები მუშაობენ მის შეცვლაზე. მაგალითად, კანდიდატების დასახელების უფლება უნდა ჰქონდეს ყველას, მაგრამ პრეზიდენტი არ უნდა არჩევდეს დასახელებულ კანდიდატთაგან სამს, ეს პარლამენტის პრეროგატივა უნდა იყოს. აჭარის ტელერადიო დეპარტამენტთან დაკავშირებითაც იგივე მოდელია შერჩეული – მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, ვინ წარუდგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად. 

თქვენი აზრით, ვინ უნდა წარადგინოს კანდიდატები?

ეს შეიძლება უმაღლესი საბჭოს ფუნქცია იყოს… თუ ამ პროექტს საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნონ, რომ ეს არის დროებითი მოქმედების წესი და არა საკითხის კონცეპტუალური გადაწყვეტა.

 

თქვენ, როგორც იურისტი, ამ კანონში რას შეცვლიდით?

უკვე მომზადებული პროექტი იმ მოდელის შესაბამისია, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი პირების დამოუკიდებლობას. ისინი დამოკიდებულნი არიან იმათზე, ვინც მათ ირჩევს. შესაბამისად, მოდელის განმეორება მაშინ, როცა შეგვიძლია კარგი მოდელი გავაკეთოთ, პროგრესული გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს. მაგრამ გარდამავალ ეტაპზე, როცა, მაგალითად, აჭარის მთავრობას ბიუჯეტი აქვს შესამუშავებელი და არ სურს ჰქონდეს სახელმწიფო ტელევიზია, ეს კარგია. ოღონდ მის ამ სურვილის გათვალისწინება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე.

 

ახალი და კარგი მოდელი რა არის?

რა პრობლემები არსებობს დღევანდელ საზოგადოებრივ მაუწყებელში? – მაუწყებლის საბჭოსა თუ დირექტორის არჩევის წესი ხარვეზებს შეიცავს. უფრო მეტად სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესშია ხარვეზები, რადგან პრეზიდენტის ნებაზეა დამოკიდებული, ვინ იქნება საბჭოში. ამ კანონით მაღალი იმუნიტეტი აქვს საბჭოს, ხოლო გენერალური დირექტორი აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა საზოგადოებისა და პარლამენტის წინაშეც კი – გენერალური დირექტორი ხელშეკრულებით და კანონით მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წინაშეა ანგარიშვალდებული.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიები, მაგრამ ეს გარანტიები საკანონმდებლო უპასუხისმგებლობაში არ უნდა გადადიოდეს. დღეს სწორედ ამ ფარგლებში ვართ – თუ გენერალური დირექტორი სათანადოდ ვერ ასრულებს მოვალეობას და სამეურვეო საბჭო თვალს ხუჭავს ამაზე, დირექტორის პასუხისმგებლობის დაყენება გარედან შეუძლებელია, თუ, ვთქვათ, სისხლის სამართლის დანაშაული არ დამტკიცდა. საზოგადოებამ რომც დაამტკიცოს, რომ გენერალური დირექტორი ცუდი მენეჯერია, მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა სამეურვეო საბჭოზეა დამოკიდებული. ეს არის ცუდი.

 

სამეურვეო საბჭო და დირექტორი აჭარის მაუწყებლის შემთხვევაში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, ინიშნებიან ერთი წლის ვადით. ამ პირობებში რამდენად ქმედით ორგანოს მივიღებთ?

ასე, ალბათ, სწორედ იმიტომ არის, რომ ეს ყველაფერი დროებითია. თუმცა მისი დაფინანსების წყაროც ზუსტად ისეთივეა, როგორიც საზოგადოებრივ მაუწყებელში – პირდაპირ არის ბიუჯეტზე მიბმული. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დამოუკიდებლობას მარტო ფორმირების წესი არ უზრუნველყოფს, მას განსაზღვრავს ფინანსები. დამოუკიდებელი ტელევიზიის შექმნისათვის სამართლებრივი ნორმები არ არის საკმარისი.

 

დაფინანსების რა მეთოდით შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დამოუკიდებლობის მყარი გარანტიების მიცემა?

საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება არსებობდეს მოქალაქეების გადახდილი საშემოსავლო გადასახადის წილიდან, მაგრამ, თავის დროზე, როდესაც ამაზე მიდიოდა მსჯელობა, ითქვა, რომ ეს გაუზრდიდა საშემოსავლო გადასახადებს მოქალაქეებს, რაც გამოიწვევდა უკმაყოფილებას, ამიტომაც შემოიღეს დაფინანსების დროებითი წესი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამ საკითხზე მსჯელობა არ მიდის. საშემოსავლო გადასახადებიდან დაფინანსების მუხლის სრულყოფილად ამოქმედებამდე საქართველოს მაუწყებელს ბიუჯეტი 0,13 პროცენტით აფინანსებს.

 

ესაუბრა ეთერ თურაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: