მთავარი,სიახლეები

ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში

26.12.2016 • 9088
ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები“- შუალედური კვლევის შედეგები ამ თემაზე „ახალგაზრდა იურიტთა ასოციაციამ“ წარმოადგინა. შედეგების გაცნობის პარალალურად მესამე სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა – ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში.

„ბათუმში გამართული ამ დისკუსიიდანაც გამოიკვეთა, რომ სავალდებულო კვოტირება უნდა დაწესდეს და განხორციელდეს ცვლილებები პარტიების ფინანსურად წამახალისებელ ფორმებში,“ -გვიყვება ირმა პავლიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების მენეჯერი.

ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ რეგიონებში გამართულ დისკუსიებზე ისმენს ქალთა ჩართულობის გაზრდაზე დაკვეთას, ამაზე საუბრობენ პოლიტიკური პარტიებიც, თუმცა საკანონმდებლო ნორმებიც კი ვერ უზრუნველყოფს მეტ წარმომადგენლობას პოზიციებზე, სადაც გადაწყვეტილებებს ქალები მიიღებენ: „ხშირ შემთხვევაში ჩანს, რომ არსებული ნორმები ვერ უზრუნველყოფს მეტი ქალის ჩართვას პოლიტიკურ პროცესში, ასევე არ ხდება მონიტორინგი, თუ რაში დახარჯა პარტიამ ამ კუთხით მიღებული თანხა, რამდენად მოხმარდა იგი ქალთა პოლიტიკური აქტივობების გაძლიერებას იგივე შიდაპარტიულ სიტუაციაში”.

საიას შუალედური კვლევის შედეგად სამი მიმართულებით გამოიკვეთა გამოწვევა. პირველი არის საკანონმდელო დონეზე მისაღები ცვლილებები, რადგან საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქალთა წარმომადგენლობას არჩევით ორგანოებში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მეორე გამოწვევად შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებას ასახელებს და მესამე: მუშაობა საზოგადოების ცნობიერების გაზრდის კუთხით იმ სტერეოტიპების დასამსხვრევად, რასაც პატრიარქალური საზოგადოება გვთავაზობს.

ამავე კვლევის მიხედვით, დღეს, საქართველოში, ადგილობრივი წარმომადგენლობით ორგანოებში ჯამში მხოლოდ 15,46 % ქალია, ხოლო 10 გუბერნატორიდან არცერთი არაა ქალი.

ხელისუფლების განშტოებებს შორის გენდერული ბალანსი მხოლოდ სასამართლოშია დაცული. აქ 238 მოსამართლიდან 128 ქალია. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ დროისთვის 19 მინისტრიდან 2 ქალია, ხოლო პარლამენტში 150 დეპუტატიდან 24 ქალია, რაც მთლიანი შემადგენლობის 16%-ს შეადგენს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: