კვირის ამბები,კვირის ამბები,სიახლეები

სამედიცინო ტურიზმის პერსპექტივა საქართველოში

26.12.2016 • 7415
სამედიცინო ტურიზმის პერსპექტივა საქართველოში

სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო ბაზარი, რომელიც სამედიცინო სერვისების მისაღებად პაციენტების სხვა დანიშნულების ადგილებში გამგზავრებას გულისხმობს, 2012 წელს 100 მილიარდი აშშ დოლარით შეფასდა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ჯანდაცვითი ინიციატივების“ დირექტორმა, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა ბერნარდო რამირესმა ბათუმში ჩატარებულ სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად სამედიცინო ტურიზმის საქართველოს ბაზარზე და რა პერსპექტივები აქვს ამ მხრივ აჭარის რეგიონს.

სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია Med-Tour-ის მონაცემებით, ყველაზე ხშირად ქართველი პაციენტები თურქეთსა და გერმანიაში მიდიან სამკურნალოდ. ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი ტურისტი შემოდის საქართველოში სამედიცინო სერვისების მისაღებად, არ არსებობს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2016 წლის ათი თვის ჯამური მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5 406 188 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.1%-ით მეტია. ბათუმში ჩატარებული სამედიცინო ტურიზმის კონფერენციის ორგანიზატორი და გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ გერზმავა ამბობს, რომ სტატისტიკურად, ამ ტურისტების მინიმუმ 2-3% მძიმე ავადმყოფები არიან, რომელთაც აუცილებლად სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, დაახლოებით 8 პროცენტი კი უფრო მსუბუქი დაავადებებით ან პროფილაქტიკისთვის მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს. მისივე თქმით, საქართველოში უკვე მრავლად არიან სამედიცინო სერვისებით დაინტერესებული უცხოელი ტურისტები.

„საქართველოში უკვე შემოდის უამრავი პაციენტი, მაგრამ რამდენი ჩამოდის, სტატისტიკურ სამმართველოს არ აინტერესებს. მაგალითად, თურქეთი მილიარდ ნახევარს იღებს მოგებას ყოველწლიურად იმიტომ, რომ სტატისტიკურ მაჩვენებლებში უდევს უკვე სამედიცინო ტურიზმი. ჩვენთანაც უნდა გაკეთდეს ერთი გრაფა – რამდენი უცხოელი პაციენტი გყავდათ და რამდენი გადაიხადეს. ამის შემდეგ გამოჩნდება, რომ უკვე არის ასი ათასობით აშშ დოლარი, რომელიც სწორედ სამედიცინო ტურიზმიდან შემოვიდა ქვეყანაში,“ – ამბობს ის.

ოთარ გერზმავას განმარტებით, სამედიცინო სერვისების მაძიებელ ტურისტებს საკმაოდ დიდი თანხა შემოაქვთ ქვეყნის ბიუჯეტში, მაგალითისთვის მას ის წყვილები მოჰყავს, რომლებიც უშვილობის სამკურნალოდ ჩამოდიან თბილისსა და ბათუმში:

„მათ სჭირდებათ სასტუმრო, მომსახურე პერსონალი, ხარჯავენ თანხას საკვებში და რა თქმა უნდა, სამედიცინო პროცედურებში, რითაც ჩვენს ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა შემოაქვთ“.

სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით სამედიცინო სერვისების მაძიებელი ტურისტები, თითოეულ ასეთ გამგზავრებაზე 7475-15833 აშშ დოლარს ხარჯავენ.

ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად საქართველოს სამედიცინო ტურიზმში სტომატოლოგია მიიჩნევა. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ზურაბ ალხანიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის დიდი ტურისტული პოტენციალის, საქართველოს სტომატოლოგიური ბაზრისა და მომსახურების ხარისხის სწრაფი განვითარების მიუხედავად, საქართველოში სტომატოლოგიური ტურიზმი ეფექტიან ბიზნესსაქმიანობად მაინც ვერ ჩამოყალიბდა. მისივე თქმით, ჩვენს კლინიკებს უცხოელი პაციენტები ხშირად სტუმრობენ, თუმცა ეს არაფერს ცვლის – ეს კერძო ინიციატივებია და რამდენიმე ფასილიტატორი, რომელმაც საქართველოში ეს საქმიანობა წამოიწყო, უკვე გავიდა ბაზრიდან:

„სამედიცინო ტურიზმში, ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი პოტენციალის მქონე სწორედ სტომატოლოგიური მომსახურებაა. დღესდღეობით საქართველო ძალიან მომგებიან პოზიციაშია. სტომატოლოგიური მომსახურების სიძვირით გამოირჩევა: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ქვეყნების უმეტესობა, ხოლო სტომატოლოგიური ტურიზმის ლიდერი ქვეყნებია: მექსიკა, კოსტა რიკა, ინდოეთი, რუმინეთი, პოლონეთი, ლიტვა და ა.შ. მაშინ, როცა, მაგალითად, აშშ-ში ან გაერთიანებულ სამეფოში ერთი დენტალური იმპლანტის ფასი საშუალოდ თუ 3500-4000 დოლარია, სამედიცინო ტურიზმის ლიდერ ქვეყნებში ფასები 800-900 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

საქართველოში კი საშუალო ფასი – 300 დოლარია. ენდოდონტური მკურნალობის (ფესვის არხების) ფასი მსოფლიოში საშუალოდ 500-დან 2000 დოლარამდეა, ყველაზე ხშირად – 1 000-1 300 დოლარია, საქართველოში კი – 20-50 დოლარია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხარისხის ხარჯზე ნაკლებად ხდება. დაახლოებით ჩვენი მსგავსი სიტუაციაა მეზობელ ქვეყნებშიც, მაგალითად, სომხეთში, ხოლო თურქეთი სულ უფრო უახლოვდება ევროპულ ფასებს,“ – ამბობს ის.

ოთარ გერზმავა ამბობს, რომ გარდა სტომატოლოგიური მიმართულებისა, საქართველოში სამედიცინო ტურიზმის მხრივ დიდი პოტენციალი აქვს კარდიოქირურგიასაც. „სულ ცოტა ხნის წინ კარდიოქირურგიისთვის საქართველოდან ძალიან დიდი ნაკადი გადიოდა თურქეთში, ახლა კი ადგილზე, მათ შორის ბათუმშიც გვაქვს ძალიან კარგი კარდიოქირურგიული ცენტრები, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, რადგან ჩვენ უკვე გვყავს კარგი განათლებისა და უცხოური გამოცდილების მქონე ადგილობრივი სპეციალისტები, რომლებიც მოტივირებულები არიან თავიანთ ქვეყანაში იმუშაონ,“ – ამბობს ის.

სამედიცინო ტურიზმში, საქართველოს კიდევ ერთ პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევა ბალნეოთერაპია და კლიმატოთერაპია. საქართველოს კურორტების ნუსხაში ასზე მეტი ასეთი კურორტი შედის, მათგან შვიდი (ციხისძირი, ქობულეთი, მწვანე კონცხი, მახინჯაური, ბეშუმი, ბათუმი) აჭარაშია. ოთარ გერზმავას თქმით, ამ მიმართულების განვითარების მთავარი პრობლემა კურორტების მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა, რომელსაც დიდი ინვესტიციები სჭირდება.

„მაგალითად, წყალტუბოში ინფრასტრუქტურა არის ისეთი, რომ საერთაშორისო სტანდარტებით მივიღებთ ერთეულებს, მაგრამ ათიათასობით ადამიანს – ვერა. თუ გაჩნდება ინტერესი და კაპიტალი და ბიზნესი დაინახავს, რომ ხალხი აქეთ მოედინება, დარწმუნებული ვარ, სამ წელიწადში იგივე გაკეთდება, რაც ბათუმში გაკეთდა, როცა პროვინციული პატარა ქალაქიდან ბათუმი გადაიქცა მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქად. მაგალითად, ბათუმში უკვე არის ძალიან კარგი ჰოსპიტალი, რომელიც იღებს უამრავ თურქ პაციენტს, არის ძალიან კარგი რეპროდუქტოლოგიური სამსახური, კეთდება კარდიოქირურგიული ოპერაციები და ა.შ.“ – ამბობს ოთარ გერზმავა.

სამედიცინო ტურიზმის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მამუკა ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ აჭარას სამედიცინო ტურიზმს განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია:

„ამის თქმის საფუძველს რეგიონში საქმიანი ტურიზმისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურული გარემო და მრავალფეროვანი სამკურნალო-ბალნეოლოგიური რესურსის არსებობა იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა სამკურნალო და ბალნეოლოგიური ცენტრების აღდგენისა და განვითარების კუთხით. მახინჯაურში მოვიზიდეთ ინვესტორი, რომელიც ყოფილ სანატორიუმ „მზიურის“ ადგილას სანატორიუმის ტიპის სასტუმროს ააშენებს. მომავალში, მსგავსი ტიპის სასტუმრო-ცენტრები აუცილებლად მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ შიდა თუ უცხოელ ტურისტს“.

ფოტოზე: პირველი საერთაშორისო კონფერენცია სამედიცინო ტურიზმის შესახებ. ბათუმი, 2016 წლის ნოემბერი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: