1471449006_aparatebi_01

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გატეხვის საქმე

სწრაფი ჩარიცხვის 6 აპარატის გატეხვას და დაახლოებით 16 ათასი ლარის მიტაცებას პროკურატურა მამუკა თურმანიძესა და გივი თავაძეს ედავება. გამოძიების ვერსიით, ბათუმში, სხვადასხვა ქუჩაზე, ამ პირებმა ძალაყინების საშუალებით აპარატები გატეხეს და თანხა მიიტაცეს. 22 აპრილს, ღამით, პოლიციელებმა მსჯავრდებულები შავშეთის ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის გატეხილ აპარატთან ახლოს დააკავეს და ჩხრეკის შედეგად 275 ლარი ამოიღეს. საქმეზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა მსჯავრდებულების ბინებიდან ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები. „მოვიშველიებ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას,“ – აღნიშნა დავით მამისეიშვილმა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვამდე. „ერთ-ერთ მსგავს საქმეზე, ბრალდებულის სიმამრთან აღმოჩნდა მოპარული ნივთები, მაგრამ უშუალოდ ქურდობის ფაქტი ვერ დასტურდებოდა. შესაბამისად, ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიმაჩნია საკმარისად…“

შავშეთის ქუჩაზე, 2016 წლის 22 აპრილს, გივი თავაძისა და მამუკა თურმანიძის დაკავების შემდეგ, პოლიციელებმა მათი საცხოვრებელი ბინები გაჩხრიკეს. პროკურატურამ დაკავებულებს მანამდე სხვა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გატეხვა და წინასწარი განზრახვით ჯგუფური ქურდობა წაუყენა ბრალად. პოლიციელების ჩვენების მიხედვით, 22 აპრილს მსჯავრდებულები სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან არ დაუნახავთ, მაგრამ ნახეს, როგორ გარბოდნენ ისინი პუშკინის ქუჩაზე ხელში ძალაყინითა და ფულით.

„პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია,“ – მიმართა მოსამართლეს თავის საკამათო სიტყვაში ადვოკატმა, ირაკლი აბაშიძემ. ადვოკატის მტკიცებით, გივი და მამუკა იმ ღამით ერთად არ იმყოფებოდნენ. „მამუკა მიდიოდა კაზინო „ლეო გრანდში“პუშკინის ქუჩის გავლით, როცა პოლიციელებმა იძულებით ჩასვეს მანქანაში და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მას. პოლიციელი ჩხრეკის ოქმში წერს, რომ ჯიბიდან ამოუღო დაკავებულს თეთრი ქისა, რომელშიც იყო 225 ლარი, სატეხი და სხვა ნივთები. ჩვენების დროს კი, იმავე პოლიციელმა გვითხრა, ქუჩაში რომ გარბოდა, მაშინ დავინახე თეთრი ქისა ეჭირა ხელშიო. მეორეს 50 ლარი ამოუღეს. ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ისინი სხვადასხვა დროს გაჩხრიკეს, ჩვენების მიხედვით – ერთდროულად. ასევე საინტერესოა სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონების ბარათები. რა დადასტურდა ამით? გამოძიება არც კი დაინტერესებულა, შეეხმიანენ თუ არა, მაგალითად, მსჯავრდებულები ერთმანეთს“.

„ეს უზუსტობები იყო საქმეში, მაგრამ იგი არ იყო არსებითი ხასიათის“, – თქვა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანის დროს. მოსამართლემ მსჯავრდებულებს მიმართა, ეთქვათ საბოლოო სიტყვა, თუმცა მათ დუმილი არჩიეს. სასამართლოს წინა სხდომაზე მსჯავრდებულებმა თქვეს, რომ პოლიციელები დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაგრამ ამის შესახებ არ განაცხადეს, რადგან ციხეში ზეწოლის შეეშინდათ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პროკურატურის მიერ წარდგენილი დანაშაულის კვალიფიკაცია შეცვალა. მან 22 აპრილის შემთხვევა მხოლოდ ქურდობის მცდელობად შეაფასა. დანარჩენ 5 ეპიზოდში სასამართლომ მსჯავრდებულები უდანაშაულოდ ცნო. მამუკა თურმანიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო გივი თავაძეს – 6 წლით, რადგან ის ქურდობისთვის აქამდეც იყო ნასამართლევი.

სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ირაკლი აბაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის ამ განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი