მთავარი,სიახლეები

როგორ გადავარჩინოთ ბათუმი თვითმკვლელობას?

23.12.2016 • 34375
როგორ გადავარჩინოთ ბათუმი თვითმკვლელობას?

ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი _ ყველა თანხმდება, რომ ბათუმში ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობებს შველა სჭირდება, თუმცა ძველი ბათუმის ყოველი დანგრეული სახლი მათი პასუხისმგებლობის საკითხიცაა. რა შეიძლება იყოს გამოსავალი ძველი ბათუმის სერიული ნგრევის ფონზე?

მოსახლეობის ინტერესები – „სად იყავით მაშინ, როცა სახლი ინგრეოდა?“

„წლებია გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ, ამ სახლში ცხოვრება შეუძლებელი იყო“.. „ახლა რომ ლაპარაკობთ ისტორიული სახლი იყოო, მაშინ სად იყავით, თავზე რომ გვენგრეოდა?“ „შენობა ამორტიზებული იყო, მოგვეცით ნორმალურად ცხოვრების საშუალება!“ – კულტურული მემკვიდრეობის დამცველების მისამართით გამოთქმულ ასეთ რეპლიკებს და შეკითხვებს ხშირად მოისმენთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაში ან ისტორიულ სახლში ცხოვრობენ. მენაშენე, რომელიც ძველ სახლს დაანგრევს და მის ადგილას კორპუსს ააშენებს, ძველ, ბათუმურ სახლებში მცხოვრებთათვის ხშირად ნამდვილი ხსნაა. ეს ნიშნავს, რომ ისინი გაიუმჯობესებენ ცხოვრების პირობებს, მიიღებენ კეთილმოწყობილ ბინას, ხშირად – უფრო მეტ ფართობს და სხვა ფინანსურ სარგებელსაც. შედეგად კი ვიღებთ დანგრეულ ძველ ბათუმს და ისტორიული სახლის ადგილას – კორპუსებს. ქალაქის განაშენიანების ისტორია იშლება, ძველი ბათუმი თანდათან მრავალსართულიანი კორპუსების მწკრივებში იკარგება.

კულტურული მემკვიდრეობის დამცველები მოსახლეობის ინტერესებს კანონით პასუხობენ, კანონით, რომელიც იცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, თუმცა ვერ აუმჯობესებს მოსახლეობის რთულ საცხოვრებელ პირობებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში ან ისტორიულ შენობაში. ამ სიტუაციაში სახელმწიფოს ჩართულობა და დამოკიდებულება, რომელიც საზოგადოებასთან ერთად ვალდებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობაზე, მცირეა და ხშირად გულგრილიც – მთავრობა ამბობს, რომ სახლებს, რომლებიც კერძო საკუთრებაშია, ვერ შეაკეთებს, ამისათვის სახელმწიფოს ფული არ აქვს.

ფული არ აქვთ არც იმ ადამიანებს, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში და ისტორიულ სახლებში ცხოვრობენ. სამაგიეროდ ფული აქვს მენაშენეს, რომელიც ანგრევს სახლს და აშენებს კორპუსს. სახელმწიფო მოვალეობის ტვირთს იხსნის, მენაშენე, რომელიც ისტორიული სახლის ადგილას აგებულ კორპუსში კვ/მეტრს 500-დან 1200 დოლარამდე ფასად ყიდის – მოგებულია, კმაყოფილია მოსახლეობა, რომელმაც საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესა, ისტორიული ქალაქი კი განადგურებულია, იგი მხოლოდ ძველ ფოტოსურათებზე რჩება, როგორც მოგონება. სწორედ ამ პროცესს უწოდა კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა ურბანული გენოციდი და აღნიშნა, რომ „ჩვენ ვაშენებთ თვითმკვლელ ქალაქებს.“

როგორ შეიძლება წრის გარღვევა

აჭარის მთავრობა და ქალაქის მერია ბიუჯეტის შედგენისას მრავალ გარემოებასა და საზოგადოებრივ ინტერესს ითვალისწინებს, თუმცა ამ დრომდე არც აჭარის მთავრობისა და არც ბათუმის მერიის პრიორიტეტებში არ დასახელებულა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში სულ 342 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მათგან 60 – განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია. შეიძლება თუ არა გამოინახოს თანხა, პირველ რიგში, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არსებული შენობების გადასარჩენად, როცა მოსახლეობა ვერ ახერხებს საკუთარი ძალებით მათ შეკეთებას?

კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ხშირად აღნიშნავენ, რომ მთავარი, რაც ამ საკითხის გადაწყვეტას უშლის ხელს, პოლიტიკური ნების არარსებობაა. შესაძლებელია თუ არა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაზე სახელმწიფომ იზრუნოს და ბათუმის ძველი არქიტექტურა გადაარჩინოს დანგრევას? – მსგავსი შინაარსის შეკითხვა „ბათუმელებმა~ ქალაქის მერს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დაუსვა.

ქალაქ ბათუმის არჩეული მერი, გიორგი ერმაკოვი ჯერ კიდევ მერობის კანდიდატი იყო, როცა ხელი მოაწერა მემორანდუმს საზოგადოება „ბათომთან“, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ქალაქის არჩეული მერი განსაკუთრებით იზრუნებდა ბათუმის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე. გიორგი ერმაკოვი ახლა ამბობს, რომ ამ მიმართულებით მერია შეზღუდულია, რადგან, კერძო საკუთრების რეაბილიტაციას ვერ შეძლებს.

„თუ კი შენობა სახელმწიფოს განკარგვაშია, იქ ადვილია საუბარი, რესტავრაციას გააკეთებ, მაგრამ თუ კი მასში ცხოვრებენ ადამიანები, მერიას აქვს ვალდებულება მისი ფასადის გაკეთებაზე, რომ მას ძეგლის სახე შერჩეს, მერე ამას მოყვება – „აბა, იატაკი გამომიცვალე“ და ა.შ. წმინდა სამართლებრივად შევდივართ კერძო პირებთან ურთიერთობაში. იგივე, რომ ავიღოთ თბილისის მაგალითი, „პლეხანოვი“ კეთდება, რიყე გაკეთდა – ეს ფასადური შეკეთებებია, რომ მას ისტორიული იერსახე არ დაეკარგოს“ – ამბობს ქალაქის მერი. ის ამბობს, რომ ბათუმის ისტორიული არქიტექტურის დაკარგვა მასაც შეეხო: „მე ძალიან გული მწყდება. გორგილაძისა და ლერმონტოვის კვეთაში ჩვენ გვქონდა სახლი, ბელეტაჟი, რომელიც ახლა აღარ არსებობს.“

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე კი მიიჩნევს, რომ ქალაქის ბიუჯეტს ძეგლების მოვლა-პატრონობაზე ზრუნვა გაუჭირდება და მათზე თავად მესაკუთრეებმა უნდა იზრუნონ: „ძეგლი ბევრია და ბიუჯეტს ისედაც პრობლემები აქვს.“

ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ბედი აწუხებს დავით გაბაიძესაც, აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალარჩეულ თავმჯდომარეს. ის ხელმძღვანელობს სახელმწიფო ორგანოს, რომელიც აჭარის ბიუჯეტს ამტკიცებს. კითხვაზე, დაუჭერდა თუ არა მხარს ინიციატივას, რომელიც ბიუჯეტის სახსრებით ქალაქის ტერიტორიაზე დაზიანებული ძეგლების რეაბილიტაციაზე იზრუნებდა, დავით გაბაიძე პასუხობს, რომ – „კი“, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭირო თანხა გამოიძებნება:

„ეს მთლიანად არა, მაგრამ ნაწილობრივ მოაგვარებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ბედს, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ რესურსი. ხუთი ათეული სახლი მაინც იქნება, რომელიც სასწრაფოდ შველას საჭიროებს და ჩვენ რომ ავიღოთ და პროგრამაში გავწეროთ, აჭარის ერთი წლის ბიუჯეტი არ ეყოფა ალბათ. მე მხარს დავუჭერ იმას, რაც ძეგლს შველის, მაგრამ ეს რა რესურსის ხარჯზე იქნება, სად ვნახავთ ამ თანხას, რას მოვაკლებთ – ამაზე იქნება დამოკიდებული,“ – ამბობს დავით გაბაიძე.

„ბათუმელებმა“ ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პრობლემაზე გასულ თვეებში ზურაბ პატარაძესაც ჰკითხა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. ზურაბ პატარაძემ მაშინ აღნიშნა, რომ მას „ძალიან სტკივა ეს საკითხი“ და არ არის გამორიცხული ამ მიმართულებით გადახედონ სტრატეგიას.

ძველი ბათუმის არქიტექტურა რომ შველას საჭიროებს, ამას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძეც ეთანხმება. სწორედ ამ სამინისტროს მიმართ ისმის ყველაზე ხშირად კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა ბრალდებები. მინისტრი ამბობს, რომ თანახმაა ამ მიმართულებით ბიუჯეტში თანხა გაჩნდეს:

„როგორც მოქალაქეს, რამაზ ბოლქვაძეს, რომ მკითხოთ, ვფიქრობ, აუცილებელიც არის ასეთი შენობების შესწავლა და მეტიც, შესაძლებელია სხვა სამინისტროს კომპეტენციაში გადავდივარ, მაგრამ მე თანახმა ვიქნები და მხარს დავუჭერ, როგორც მთავრობის წევრი, რომ გაჩნდეს ახალი პროგრამა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ან ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების რესტავრაცია ჩატარდეს, თუნდაც სახელმწიფოს ხარჯზე. შეიძლება რაღაც დოზით ბიზნესიც შემოვიდეს, ოღონდ გათვლა ბიზნესზე კი არ უნდა გაკეთდეს, ძეგლებისთვის უნდა იყოს მომგებიანი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან რომ თანხები დაიხარჯოს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც გაკეთდა მარჯანიშვილის ქუჩის რესტავრაცია თბილისში, მე ვფიქრობ, კარგი პროექტია და მსგავსი პროექტები რომ გაკეთდეს ბათუმში, მე ვიქნები მხარდამჭერი. მე ახლა უფლებამოსილი ვარ, რომ რაღაც გადაწყვეტილება მივიღო და ამ შემთხვევაში მზად ვარ, მხარი დავუჭირო ასეთ ინიციატივებს. ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია,“ – ამბობს მინისტრი.

ჯერჯერობით არც აჭარის და არც ბათუმის ბიუჯეტის პროექტში გაწერილი არ არის პროგრამა, რომელიც ძველი ბათუმის გადარჩენას შეუწყობდა ხელს. თუმცა ჯერ არც ბიუჯეტია დამტკიცებული და თუ აჭარის ხელისუფლებას მართლაც აქვს პოლიტიკური ნება ძველი ბათუმი გადაარჩინოს, ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამის გათვალისწინება არც ახლა არის გვიან.

მთავარ ფოტოზე: სასტუმრო „ლონდონის” ნგრევა ბათუმში. შოთა გუჯაბიძის ფოტო.

ამავე თემაზე: 

ისტორიული სახლების ნგრევის სერია ბათუმში

საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარის ღია წერილი გიორგი ერმაკოვს

ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კულტურული მემკვიდრეობის მოვლისთვის თანხა არ გაითვალისწინეს

რა შეუძლია მოქალაქეს ძველი ბათუმის დასაცავად

ცირა ელისაშვილი: ჩვენ ვაშენებთ თვითმკვლელ ქალაქებს 

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა 

ხმაური და დაპირისპირება ბათუმის ძველი ბულვარის გარშემო 

ერთსართულიანი ბათუმი 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: