სიახლეები

ხმის დაკარგული უფლება და საჩივრები ოლქში

05.10.2012 • 1814
ხმის დაკარგული უფლება და საჩივრები ოლქში

გიორგის ნაცვლად საკუთარი ხმის უფლება წაართვეს თეიმურაზ ტუღუშს, აკაკი მიქაძეს, რობერტ ესოიანს, ბესო ხომერიკს, ირაკლი კეჭაყმაძეს, ზვიად მალაყმაძეს, არტურ მარკოსიანს, გარსევან ჯორბენაძეს, ზაზა სარიშვილსა და მამუკა თურმანიძეს. მათ ბათუმის მე-17 უბანზე უნდა მიეცათ ხმა. თუმცა, ისევე როგორც გიორგი გიორგაძის შემთხვევაში, უბანზე მისულებს მათი სახელისა და გვარის გასწვრივ ხელი უკვე მოწერილი დახვდათ.

ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა მიხეილ გაბაიძესაც. ის 58-ე უბანზე აძლევდა ხმას. თუმცა მის ნაცვლად ხმა სხვა პირმა მისცა. მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა 23-ე უბანზე მისული სამი მოქალაქე. როცა უბანზე მივიდნენ, მათ სახელზე ბიულეტენი უკვე გაცემული.

არჩევნების დღეს, პირველ ოქტომბერს ხმების გაყალბების ფაქტზე ბრიფინგი გამართა კოალიცია „ქართულმა ოცნებამაც“. მათი განცხადებით, ბათუმის მე-16 უბანზე დაფიქსირდა ყალბი პასპორტით ხმის მიცემა. ამომრჩეველმა გიორგი კალანდაძემ, სხვის ნაცვლად მისცა ხმა. როგორც „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადეს, მათ მოიპოვეს გიორგი კალანდაძის ფოტო და ასევე უბანზე მყოფი პირის ფოტო, რომელიც გიორგი კალანაძედ ასაღებდა თავს. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარის განცხადებით გიორგი კალანდაძე უშიშროების თანამშრომელია. მათივე ინფორმაციით, მე-12 უბანზე ხმის გაყალბებას ცდილობდა ვინმე ირაკლი თავბერიძე, მაგრამ გამოვლენის შემდეგ ის უბნიდან გაიქცა. 22-ე უბანზე ხმა გაუყალბეს ედნარ მიქელაძეს და ალექსანდრე ტარიელაძეს.

მეცხრე საარჩევნო უბანზე კი „დემოკრატიის და ბიზნესის განვითარების ცენტრის“ დამკვირვებლის მარიამ ხუხუნაიშვილის ინფორმაციით, ფრიდონ სურმანიძის და დავით სვინტრაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხმის ორჯერ მიცემის ფაქტს. ზურაბ ართმელაძის მხრიდან კი ხმის მეორედ მიცემის მცდელობას, რისი უფლებაც დამკვირვებლებმა არ მისცეს.

 

პირველი ოქმი და საჩივრები ოლქში

ბათუმის 79-ე საოლქო კომისიაში პირველი ოქმი, ღამის 12 საათის შემდეგ შევიდა. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, სულხან სალაძე აცხადებს, პირველად ოქმები პატარა საარჩევნო უბნებიდან შემოვიდა. „მესამედ შემოვიდა სპეცუბნის ხმები, სადაც სამხედროები აძლევენ ხმას. ფაქტობრივად ეს ერთადერთი უბანი იყო სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპირატესობა მოიპოვა. დანარჩენი უბნის ოქმების მიხედვით, სერიოზული უპირატესობით იგებდა „ქართული ოცნება“.

როგორც სულხან სალაძე ამბობს, საოლქოზე აშკარა ზეწოლის ფაქტები არ იკვეთებოდა: „შემოდიოდა ოქმები, ოლქის იურისტი საჯაროდ აცხადებდა, თუ რამდენი ხმა ჰქონდა მიღებული მაჟორიატრობის კანდიდატს, შემდეგ ეს მონაცემები ცხრილში შეყავდა  და ეკრანზე იყო გამოტანილი. ასე რომ ყველა დამკვირვებელს შეეძლო თვალის გადევნება ოქმის მონაცემებზე, ასევე ფორმულაც იყო გამოყვანილი და ავტომატურად ჯამდებოდა, ყოველი უბნის დამატების შემდეგ რომელ პარტიას ან მაჟორიტარს რამდენი ხმა ჰქონდა“.

სულხან სალაძის ინფორმაციით, ოლქში არ ყოფილა ზეწოლა მედიაზე და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა პროცესი გაეშუქებინათ: „არ შეიძლება და ნუ ესწრებით – ასეთი განცხადებები არ ყოფილა, უბრალოდ, რადგან ოთხი ბიულეტენი იყო აჭარის შემთხვევაში, იყო 1500-ანი და მეტი უბნები რომლებიც ერთდროულად დაჯამდა, რის გამოც შეიქმნა რიგები, რადგან ბათუმში უბნები გაზრდილი ამ არჩევნებზე“.

ცესკო არჩევნებამდე აცხადებდა რომ ოქმები ონლაინ რეჟიმში ავტომატურად უნდა ატვირთულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.  „მეც მახსოვს ასეთი განცხადება, როცა ცესკომ განაცხადა რომ სანამ ოლქში მივიდოდა უბნიდან ოქმი, მანამდე უნდა მომხდარიყო მისი ვებზე ატვირთა. იმ ოთახიდან სადაც ჩვენ დამკვირვებლები ვისხედით და ექსელის ფაილში ხდებოდა მონაცემების შეყვანა, ოქმი არ იტვირთებოდა, მე გვიან ღამით და მეორე დღესაც შევიხედე ცესკოს საიტზე და ოქმების გრაფა ცარიელი იყო. მხოლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ოქმები იდო ნაწილობრივ“ – აცხადებს სულხან სალაძე.

როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, არცერთი მხარე, არც მმართველი გუნდი და არც ოპოზიცია აღარ საუბრობს იმაზე რომ არჩევნები გაყალბდა.

„საია აკვირდებოდა ფოთსაც და იქ მე-18 უბანზე დავწერეთ საჩივარი, უბნის ბათილობას მოვითხოვთ, რადგან ოთხი საათის განმავლობაში მარკირების გარეშე ხდებოდა ხმის მიცემა. ამიტომ შეუძლებელია იქ განსაზღვრო კარუსელი მუშაობდა თუ არა. თუმცა საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული.“ სულხან სალაძის განცხადებით, ფოთის მე-18 უბანზე დაწერილი საჩივარი სასამართლოში წავა.

საიას მიერ საჩივარი დაიწერა ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ხულოშიც. როგორც სულხან სალაძე ამბობს, ხელვაჩაურში იყო შემთხვევა, როცა არ ფიქსირდებოდა ამომრჩევლის ხელმოწერა, მაგრამ საჩივარი დაკმაყოფილდა.

ბათუმში ძირითადად იყო ისეთი საჩივრები, რომელიც კომისიის წევრების დისციპლინარულ პასუხისმგებლობას შეეხოდა და ეს იყო კენჭისყრის პროცესში დაწერილი საჩივრები. „ნაწილის განხილვა მოხდება დღეს ოლქში. ხულოშიც მიმდინარეობს საიას საჩივრის განხილვა. რამდენიმე უბნის ბათილობაზეა საუბარი, რადგან მარკირების აპარატი არ იყო. ჯერ მოიტანეს განსხვავებული მარკირების აპარატი, შემდეგ ჩაანაცვლეს ისეთი აპარატით, რომელიც იყო ჩვეულებრივ სხვა უბნებზეც“.

უბნებზე აღმოჩენილ დარღვევებზე ოლქში ასამდე საჩივარი შევიდა. საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი მალხაზ ბოლქვაძე ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს: „ოლქში დაიწერა დაახლოებით ექვსი საჩივარი, უბნებში კი როგორც ვიცი ასამდე საჩივარია დაწერილი. დღეს ნაშუადღევს შევიკრიბებით და დავიწყებთ განხილვას. ალბათ ორ დღეში დასრულდება განხილვა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აჭარაში მიმდინარე საარჩევნო პროცესის შეფასებას „ბათუმელებთან“ არ აკეთებს. „

ჯერ საჩივრების განხილვის პროცესში ვართ“- აცხადებენ ორგანიზაციაში. ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, არჩევნების დღეს ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ქვეყნის მასშტაბით უბნებზე 66 საჩივარი დაწერეს, საოლქო კომისიებში კი 58 საჩივარია დაწერილი. ორგანიზაციის ვებპორტალის მიხედვით კი, რომელიც სპეციალურად არჩევნებისთვის შეიქმნა, 2 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით 316 ინცინდენტია ატვირთული. პირველი ოქტომბრის 18:30 საათიანი ბრიფინგის მონაცემებით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ აჭარაში საარჩევნო უბნებზე შემდეგი ტიპის  დარღვევები დაფიქსირდა: პირველი, დაკვირვების ხელისშეშლის ორი ფაქტი ბათუმის 49-ე უბანზე, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ორი შემთხვევა ქობულეთის პირველ უბანზე, დაფიქსირდა სიებთან დაკავშირებული პრობლემების სამი ფაქტი, ერთ-ერთი შემთხვევა ბათუმის 21-ე უბანზე იყო. საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება დაფიქსირდა ქედაში.

საოლქო საარჩევნო კომისია შედეგებს აქვეყნებს 

კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში   80 ათას 328 ამომრჩეველი, ანუ საერთო  მონაწილეთა 59, 73 პროცენტი მონაწილეობდა. 108 უბნის ხმების დათვლის შედეგად  კოალიცია „ქართული ოცნების“ უპირატესობა გამოიკვეთა.

პროპორციული სისტემით, „ქართულმა ოცნებამ“ 51 148 ხმა მიიღო. (ხმების 65%);

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 23 409 ხმა (ხმების 30%).

მაჟორიტარულ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მურმან დუმბაძემ 48 474 ხმა მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ კი, 24 182 ხმა.

საოლქოს მონაცემებით პროპორციულიდან 2 103 ბიულეტენი არის ბათილი, მაჟორიტარულში კი 2 797 ბიულეტინი.

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს. 

გადაბეჭდვის წესი