მთავარი,სიახლეები

პედაგოგები განვითარების სქემისა და გამოცდების შესახებ

21.12.2016 • 2259
პედაგოგები განვითარების სქემისა და გამოცდების შესახებ

რას ფიქრობენ პედაგოგები განათლების მინისტრის მოსაზრებაზე, რომ გამოცდები არ უნდა იყოს მასწავლებლისთვის სავალდებულო? რა ზიანი ადგება განათლების სისტემას დაუსრულებელი რეფორმებით და რამ უნდა განსაზღვროს პედაგოგის კომპეტენცია? თემაზე „ბათუმელებთან“ საჯარო სკოლის პედაგოგებმა ისაუბრეს.

ქეთევან გიორგაძე უფროსი კატეგორიის ლიტერატურის მასწავლებელია ბათუმის #6 საჯარო სკოლაში. ის მიიჩნევს, რომ მასწავლებელმა უნდა იცოდეს თავისი საგანი და არც საგნის ჩაბარება არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას. „ჩემი აზრით, საშუალო დონის პედაგოგს მისი ჩაბარება უნდა შეეძლოს, მაგრამ არ უნდა იყოს იერიში მასწავლებელზე  – „თუ არ ჩააბარებთ, გაგყრით სკოლიდან“…

ქეთევან გიორგაძის აზრით, როცა პედაგოგი იძულებულია მხოლოდ ხელფასისთვის აკეთოს ის, რაც მის ძალებს აღემატება, ის ვერ შეძლებს კარგი გაკვეთილის ჩატარებას. მეტიც, პედაგოგი, რომელსაც მაღალ კვალიფიკაციასა და ნაყოფიერ გაკვეთილებს სთხოვენ, დღეში სამ გაკვეთილზე მეტს არ უნდა ატარებდეს. „მასწავლებელი გაკვეთილზე ცოცხალი, ენერგიული უნდა იყოს და ასეთი ვერ იქნება, თუკი ის დღეში ხუთ-ექვს გაკვეთილს ატარებს. მაღალი ხარისხის გაკვეთილის ჩატარებისთვის პედაგოგს ანაზღაურებაც მაღალი უნდა ჰქონდეს.“

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ახერხებენ ამას ის მასწავლებლები, ვინც სქემის მიხედვით წარმატებულად მიიჩნევიან, ქეთევან გიორგაძე ამბობს, რომ ადამიანი ინდივიდუალური არსებაა და ვიღაც ახერხებს, ვიღაც ვერა: „მეც ვცდილობ ბევრი რამ მოვახერხო, თუმცა ეს კიდევ ცალკე საკამათო თემაა.“

ქეთევან გიორგაძის აზრით, დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემის ყველაზე დიდი ხარვეზი არასისტემურობაა: „განათლება შინაგან ნათელს ნიშნავს. მე მომეწონა მინისტრის მოსაზრება, როცა მან თქვა, რომ ბავშვის აღზრდა შიგნიდან უნდა დავიწყოთო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისიც წინააღმდეგობაშია, – ვერც სამინისტრო ჩამოყალიბდა ზუსტად რა უნდა, რა მიმართულებას ირჩევს.

ჯერ სახელმწიფომ განსაზღვროს თავისი პრიორიტეტები და როცა ვიღაც ნათლად გვეტყვის, რა უნდა გავაკეთოთ, გავიგებთ და გავაკეთებთ. დაიწყება რეფორმა – შეწყდება, დაიწყება – შეწყდება, ამ ყველაფერს ჩამოუყალიბებელი და იმპულსური სახე აქვს. მინდა ვხედავდე, რომ როცა რამეს მასწავლი, მისი ზუსტი ადაპტირება კი არ უნდა მომთხოვო, შემოქმედებისთვისაც უნდა დამიტოვო ადგილი. ჩემმა თაობამ ბევრი რეფორმა გამოიარა, მაგრამ ბოლომდე არც ერთი არ მისულა“.

ქეთევან გიორგაძის თქმით, ყველაზე მეტ პრობლემას სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოუყალიბებლობა ქმნის: „სახელმწიფო პოლიტიკის აბსურდულობაა ის, როცა ვერ ერკვევი რას გთხოვენ. ჩავაბარე ერთი გამოცდა, შემდეგ ამან დაკარგა თავისი მნიშვნელობა, ჩაბარებული მაქვს უნარების გამოცდაც, მაგრამ ბევრი რამ აქაც იყო ხელოვნური. კალკირებული, არაბუნებრივი ენით დაწერილი და ჩვენ გონებაში გვიხდებოდა მისი „თარგმნა“, შინაარსი რომ გაგვეგო. შემდეგ შემოვიდა საგნობრივი გამოცდა – ჩავაბარეთ. ახლა გვეუბნებიან, რომ არც ეს არის საჭირო, ტრენინგები საკმარისიაო. ცხადია, დაბნეული ვარ და ნიჰილისტურად რომ ვიყო განწყობილი ამ ცვლილებების მიმართ, ესეც ბუნებრივია“.

ქეთევან გიორგაძის აზრით, იმისთვის, რომ ხარისხიანი საგანმანათლებლო სისტემა გვქონდეს, საჭიროა თანმიმდევრული და გააზრებული რეფორმები, პედაგოგის კომპეტენციის შეფასებისა და გავნითარების სქემაში კი – ოქროს შუალედის გამონახვა:  „ალბათ, უნდა იყოს გამოცდაც, ტრენინგიც, მაგრამ არა მასწავლებლის ტერორი“.

ლელა თედორაძე ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებელია. მისი აზრით, კარიერული ზრდა პედაგოგისთვის აუცილებელია, თუმცა „არა ასე მკაცრად, არამედ იოლ ფარგლებში“.  „ბათუმელების“  კითხვაზე, თუ რას გულისხმობს სიმკაცრეში, ლელა თედორაძე ამბობს, რომ საგნობრივი გამოცდების პროცედურა პედაგოგისთვის დამთრგუნველია:

„გამოცდაზე პირველად რომ გავედი, თავი ციხეში მეგონა. სამსაათიანი გამოცდა, მეთვალყურე, კამერები… პროფესიული უნარების გამოცდა ჩავაბარე, საგნობრივი – ვერა. შემდეგ აღარ გავედი, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ სამინისტრო უნდა ჩამოყალიბდეს რა არის პედაგოგის განვითარებისთვის საჭირო, როგორ უნდა დადგინდეს კომპეტენციის ზღვარი უფრო ეფექტურად და მერე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე“.

პედაგოგის აზრით, მასწავლებლის კომპეტენცია იმით განისაზღვრება, აქვს თუ არა მას  გაკვეთილზე ინტერაქტივი.  „ჩართული ჰყავს თუ არა მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში, ბავშვები გისმენენ და გპასუხობენ თუ არა, როგორია შედეგი…  სოფლის სკოლა გვაქვს, მაგრამ გვყავდა ისეთი მოსწავლეები, რომლებიც სკოლის ცოდნით ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში და გრანტიც აიღეს“.

ლელა თედორაძის აზრით, პედაგოგის კომპეტენციის დასადგენად სხვადასხვა მიდგომა უნდა არსებობდეს, თუმცა რა მიდგომებია მისთვის მისაღები, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს: „უნდა მოვიფიქროთ, რადგან გამოცდებით მასწავლებელი ითრგუნება და თავის თავში აღარ არის დარწმუნებული“.

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ქეთინო რუსია ბევრი კოლეგის მსგავსად მიიჩნევს, რომ პედაგოგის განვითარება აუცილებელია, თუმცა კარიერულ სქემაში ბევრი რამ არის დასახვეწი. „2016 წლის მაისში გავიარე ხუთკრედიტიანი ტრენინგები, ჩაბარებული მაქვს საგნობრივი გამოცდაც. სექტემბრისთვის ველოდებოდი, რომ მივიღებდი უფროსი მასწავლებლის სტატუსს და მომემატებოდა ხელფასი. თუმცა, ახლა მეუბნებიან, რომ 2017 წლის მაისამდე ვერ მივიღებ. ხელოვნურად აჭიანურებენ, რომ ეს კრედიტი არ ავიღო“, – გვეუბნება პედაგოგი.

რაც შეეხება საგნობრივ გამოცდებს, ქეთინო რუსიას აზრით, პროფესიონალი პედაგოგისთვის გამოცდა ბარიერს არ უნდა წარმოადგენდეს:

„აქ არაფერია ისეთი, რომ პროფესიონალმა ვერ ჩააბაროს. ის, რაც მოცემულია საგამოცდო საკითხებში, მასწავლებელმა ყველა უნდა იცოდეს. თუმცა, მიმაჩნია, რომ მასწავლებლის ყველაზე კარგი შეფასება გაკვეთილზე დასწრებაა„.

პედაგოგს მიაჩნია, რომ განათლების ხარისხი მხოლოდ მასწავლებელზე არ არის დამოკიდებული, არამედ პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზეც: „საშინელი და გაუგებარი სახელმძღვანელოებია. ვხსნი გაკვეთილს – მოსწავლე ამბობს, რომ ხვდება; მეორე დღეს კი მეუბნება, სახლში რომ წავიკითხე, ვერაფერი გავიგეო. ასე მეორდება ყველა კლასში. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. ყველაფერი დასახვეწია. რეფორმები მარტო მასწავლებელზე კი არა, მოსწავლეზეც უნდა იყოს ორიენტირებული“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: