მთავარი,სიახლეები

უსკო დაფინანსების გაზრდას ითხოვს

21.12.2016 • 7853
უსკო დაფინანსების გაზრდას ითხოვს

„სტრატეგიული განვითარების სამსახური“, – ამ სახელწოდებით ახალი სამსახურისა და შესაბამისად შტატების დამატებას აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] ითხოვს. ახალმა სამსახურმა არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო მოხელეების განათლებისა და უსკოს შესაძლებლობების გაზრდაზე უნდა იმუშაოს.

ამჟამად უსკოს ყოველწლიური ბიუჯეტი [საარჩევნო წლის გარდა] ნახევარ მილიონზე მეტია და  იგი მიმდინარე წელს 582 500 ლარს შეადგენს. თუკი უსკოს მოთხოვნას უმაღლესი საბჭო დააკმაყოფილებს, ამ უწყების დაფინანსება წელიწადში 627 200 ლარი იქნება. შესაბამისად, უსკოში დასაქმებულთა რაოდენობაც 19-დან 21-მდე გაიზრდება.

„აქამდეც ვამბობდი, რომ უსკომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს განათლების ფუნქცია. ეს სამსახური უზრუნველყოფს სასწავლო ტრენინგების ჩატარებას, შეადგენს მოდულებს, ასევე უნდა იმუშაოს გრანტების მოძიებაზე, რაც მოხმარდება უსკოს შესაძლებლობის გაძლიერებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პარმენ ჯალაღონიამ, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. მისი თქმით, უსკოში ამჟამად დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ ამ მიმართულებით საჭირო გამოცდილება.

რატომ არ შეიძლება უსკომ არსებული რესურსი გამოიყენოს, როცა არჩევნებიდან არჩევნებამდე უსკო ფაქტობრივად უფუნქციოდაა, ან რატომ არ შეიძლება გამოცხადდეს რეორგანიზაცია და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები ისე შეირჩეს, რომ ამას შტატების გაზრდა არ დასჭირდეს? – კითხვაზე პარმენ ჯალაღონიამ გვითხრა, რომ რეორგანიზაციაზეც იფიქრებს, თუკი უმაღლესი საბჭო შტატების გაზრდაზე უარს ეტყვის: „ეს უფრო რთული გზაა, მაშინ მინიმუმ სამი სპეციალისტი უნდა გავუშვა სამსახურიდან… ამას შესაბამისი დასაბუთება დასჭირდება“.

უმაღლესი საბჭო უსკოსთვის დაფინანსების გაზრდის საკითხს აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს გადაწყვეტს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: