სიახლეები

რამინ პაპიძე მედიას დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

27.09.2012 • 1918
რამინ პაპიძე მედიას დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, განცხადება დღეს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და იურისტებთან გააკეთა. მისი განცხადებით, „ტელეარხი 25„ -ის და აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილება არასამართლიანია და მას შეფასება უნდა მიეცეს.

 

 

„25-არხის პროდიუსერმა განმიცხადა, რომ კანონი მას მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის დროის დათმობას ავალდებულებს. კანონში წერია, რომ კვალიფიციურ სუბიექტებს თანაბარი დრო უნდა დაუთმონ და არსად წერია რომ არაკვალიფიციური სუბიექტები არ უნდა მიიწვიონ დებატებში. აჭარის ტელევიზიამ განაცხადა, რომ დებატებში მხოლოდ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატებს იწვევდა, მაგრამ ეთერი დაუთმო „ქართული ოცნების“  და „ნაციონალური მოძრაობის„ მაჟორიტარობის კანდიდატებს და ეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა. მაგრამ როცა მან დაუშვა პრეცენდენტი, ახლა ვალდებულება ეკისრება, რომ სხვა სუბიექტებსაც დაუთმოს დრო.“    

 

არაკვალიფიციურია საარჩევნო სუბიექტი, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში.

რამინ პაპიძე კონსტიტუციურ უფლებაზეც საუბრობს: „საარჩევნო კანონში რომც არ ეწეროს, კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე. ამიტომ საარჩევნო კოდექსის 51 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები, სადაც საუბარია მხოლოდ კვალიფიციურ სუბიექტებზე, ანტიკონსტიტუციურია და მედიას უფლება აქვს ისარგებლოს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით“.   

 

 

იურიტ ირაკლი შავაძის განცხადებით, ტელევიზიის პოზიცია, რომ მათ არა აქვთ ვალდებულება რამინ პაპიძე მიიწვიო დებატებში, არასწორია: „საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ამ საკითხებს, მიღებული იქნა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ პოლიტიკური კონსესუსის შედეგად, ამიტომ, სამართლებრივად რამდენად სწორია ეს ნორმა, ამაზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ ის, რომ მედიას არ ევალება არაკვალიფიციური სუბიექტების მიწვევა დებატებში, არსად წერია და მედიამ არ უნდა დაუშვას დისკრიმინაცია“.   

 

„არაკვალიფიციური სუბიექტი არის სამი, მათ შორის რამინ პაპიძე. იმის გამო, რომ დანარჩენი ორი სუბიექტი საერთოდ არ ჩანს და არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, ამიტომ დებატებში ვეღარ დავსვით, მაგრამ ამის საკომპენსაციოდ რამინ პაპიძე სამჯერ იყო ეთერში. იმის გამო, რომ მაინც აქვს პრეტენზია, კი ბატონო მოვიდეს და თუ სხვა სუბიექტებიც ვიპოვეთ, დავსვამთ დებატებში“ – აცხადებს გადაცემა „დიალოგის“ პროდიუსერი ირმა ზოიძე. 

 

 

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ცირა აბულაძე კი აცხადებს: „ამ პარტიის სიის პირველ ნომერს ჩვენ დავუთმეთ ეთერი და შეეძლო მას ნაცვლად რამინ პაპიძე მოსულიყო. რაც შეეხება გია ბარამიძის და მურმან დუმბაძის მოწვევას, იმ დღეებში გავრცელდა პატიმართა წამების კადრები და ბარამიძეს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს უნდა გაეცა კითხვებზე პასუხი, მურმან დუმბაძე კი მოპაექრე მხარე იყო“.    

 

გადაბეჭდვის წესი