მთავარი,სიახლეები

გაძვირდება თუ არა დენი – სემეკის წევრის განმარტებები

20.12.2016 • 3141
გაძვირდება თუ არა დენი – სემეკის წევრის განმარტებები

ელექტროენერგიის ტარიფი 2015 წელს 3,95 თეთრით გაიზარდა. მაშინ გაძვირების მიზეზად დოლარის მიმართ ლარის გაუფასურება დასახელდა. ლარი დოლართან მიმართებაში დღითი დღე უფასურდება. გადახედავენ თუ არა მომავალი წლისთვის დენის ტარიფს და როგორია სემეკის პოზიცია? ამ თემაზე  „ბათუმელებთან“  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ ისაუბრა.

ბატონო გოჩა, ბოლო დღეებია მედიაში ინტენსიურად საუბრობენ იმაზე, რომ სემეკი ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას აპირებს. მიღებულია თუ არა დენის გაძვირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება?

დენის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით სემეკისგან არ წამოსულა საუბარი. სემეკი არასდროს არ ამბობს რა მოხდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ ვიტყოდით.

ანუ სემეკში ამაზე არ მიდის საუბარი?

არა, მუშაობა მიდის, რადგან „თელასმა“  და  „ენერგო პრო-ჯორჯიამ“  შემოიტანეს სატარიფო განაცხადები აგვისტოს ბოლოს და მათ განაცხადებზე ვმუშაობთ. ამ თვის ბოლოს არის სხდომა ჩანიშნული და ამ სხდომაზე დეპარტამენტი გამოიტანს საკითხს, წარმოადგენს თავის მოსაზრებებს ტარიფებთან დაკავშირებით და, შესაბამისად, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას.

ენერგოკომპანიები რას ასახელებენ ტარიფის ცვლის მიზეზად?

ეს არის გეგმიური განხილვა, –  ჩვენ ყოველ წელს ვითვლით ტარიფებს. შარშანაც გადავხედეთ, შარშანწინაც და მომავალ წელსაც გადაიხედება. კომპანიებმა იციან ამის შესახებ და შემოაქვთ სათადარიგო განაცხადები.

მაინც რამდენი თეთრით გაძვირებას ითხოვენ კომპანიები?

რთულია ჯერ ამაზე წინასწარ საუბარი, თუმცა, მოსახლეობისთვის დენის ტარიფის გაძვირება არ იკვეთება. კომერციულ ნაწილში ჩვენ სამი ძაბვის საფეხური გვაქვს და, შესაბამისად, სამივე ძაბვაზე მიმდინარეობს ცალ-ცალკე ანალიზი, მაგრამ როგორ იქნება, ამაზე წინასწარ საუბარი რთულია. კომპანიებს ევალებათ დადგენილი მეთოდოლოგიით წარმოადგინონ სატარიფო განაცხადები ყოველწლიურად და კომისია ითვლის ამ ტარიფებს. თუ არის დასაკორექტირებელი ფასი, აკორექტირებს, თუ არა, ტოვებს იმავეს.

ტარიფის კორექტირება ლარის კურსს უკავშირდება, თუ სხვა მიზეზები სახელდება კომპანიების მხრიდან?

ჩვენ ტარიფს იმიტომ კი არ ვაკორექტირებთ, რომ ლარის კურსი იცვლება, ჩვენ მაინც დავაკორექტირებდით ტარიფს, ლარის კურსი რომც არ შეცვლილიყო. ეს ყოველწლიურად ხდება… რაღაც კომპონენტები მოქმედებს ტარიფზე თავისთავად, – იცვლება იმპორტის ფასი, ელექტროენერგიის წარმოების ფასი, ახლა ენგურს გაეზარდა ტარიფი. ეს ყველაფერი ახდენს გავლენას გამანაწილებელ კომპანიებზე. შესაბამისად, თუკი ტარიფის კორექტირება მოხდება, პირველი იანვრიდან შევა ძალაში და ერთი წლის ვადით იმოქმედებს.

კახა კალაძემაც განაცხადა, რომ ტარიფი არ გაიზრდება. ტარიფის მატება ან კლება სემეკის მიერ დადგენილ სტანდარტებზეა დამოკიდებული, თუ პოლიტიკურ ნებაზე?

არანაირი პოლიტიკური გავლენები არ არის კომისიაზე, აბსოლუტურად დამოუკიდებლად ითვლის სემეკი და ეს დამოკიდებულია მეთოდოლოგიაზე, რომელიც ასევე კანონის საფუძველზეა დამტკიცებული. მეთოდოლოგიაში გაწერილია ძირითადი პრინციპები, თუ როგორ უნდა დაითვალოს ტარიფები და დეპარტამენტიც შესაბამისად ითვლის.


ამავე თემაზე:

სემეკი ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: