სიახლეები

გაითიშება თუ არა ტელევიზიები არჩევნების შემდეგ

26.09.2012 • 1641
გაითიშება თუ არა ტელევიზიები არჩევნების შემდეგ

 

პრესკაფე, ბათუმი. საინფორმაციო გამოშვების დროს.
პრესკაფე, ბათუმი. საინფორმაციო გამოშვების დროს.

 

ბათუმში მცხოვრები თემურ ხალვაში მოითხოვს, რომ არ შეწყდეს ზემოთ აღნიშნული ტელეკომპანიების ჩართვა, განსაკუთრებით კი „მეცხრე არხის”  ტრანსლირების გაგრძელებას ითხოვს. „ღმერთმა დაიფაროს, ეს არხი გათიშოს! აბა სხვას რაღას უნდა ვუყუროთ? ერთადერთი ინფორმაციის წყარო ეს არხებია. სრულიად ვენდობი მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“, –  ამბობს თემურ ხალვაში. 

 

 

ასეთივე აზრის არიან „ბათუმელების“ მიერ გამოკითხული სხვა რესპონდენტებიც. გამოკითხული ათი რესპონდენტიდან ათივემ აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმისა, უყურებენ თუ არა ამ ტელეარხებს, ისინი მაინც უნდა დარჩნენ საკაბელოების პაკეტებში ინფორმაციული მრავალფეროვნებისთვის. „ჯერ მეცხრე არხს და მაესტროს ვუყურებ და შემდეგ ვამოწმებ ინფორმაციას იმედსა და რუსთავი 2-ზე, ყველა არხს უნდა ვუყუროთ, რომ დასკვნები გამოვიტანოთ“, – ამბობს ბათუმელი ჯეინ-მარი ბოლქვაძე. 

 

 

საქართველოს პარლამენტმა ივლისში საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილება და საკაბელო ოპერატორებსა და მაუწყებლებს წინასაარჩევნოდ, 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, „მასთ ქერისა“ და „მასთ ოფერის“ პრინციპების გატარება დაავალდებულა. 

 

 

2012 წლის ივნისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს საერთაშორისო მოდელის „მასთ ქერის“ ქართული ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებდა „მეცხრე არხისა“ და „მაესტროს“ პრობლემების გამოსწორებას –  საკაბელო ოპერატორები უარს აცხადებდნენ მათ ტრანსლირებაზე, „მასთ ქერი“ კი მათ ავალდებულებდა ტელეკომპანიების სიგნალის შეფერხების გარეშე გადაცემას.

 

 

გაგრძელდება თუ არა „მასთ ქერი“ არჩევნების დღის შემდეგ? ამ კითხვაზე საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში პასუხობენ, რომ ეს საკაბელო ოპერატორებსა და ტელეკომპანიებს შორის მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს. კომისია კი თავის მხრივ, ვერ ჩაერევა კერძო სუბიექტების საქმიანობაში.

 

 

„ჩვენ გვევალება აღვასრულოთ საკანონმდებლო ცვლილებები. ამ დროისათვის კი პარლამენტი არ განიხილავს „მასთ ქერის“ ვადებში რაიმე ცვლილების შეტანას“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა.

 

 

აჭარაში საკაბელო ოპერატორების 17.181 აბონენტს 6 კომპანია ემსახურება, აქედან უმრავლესობა – 16.797 აბონენტი მხოლოდ ბათუმზე მოდის, 188 – ქობულეთზე, 97 – შუახევზე.

 

 

 

ბათუმში მოქმედ საკაბელო ოპერატორ „ერაში“ ამბობენ, რომ ისინი გააგრძელებენ ყველა ტელეკომპანიის ტრანსლირებას, ამის მიზეზად კი აბონენტების ინტერესს ასახელებენ. „ჩვენ არ გვაქვს იმის ფინანსური სახსრები, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩავატაროთ, თუმცა ზოგადი სიტუაცია ვიცით, რომ აბონენტებს აქვთ ე.წ. ოპოზიციური არხების ყურების სურვილი და მათ გათიშვას არ ვაპირებთ“, – ამბობს „ერას“ პრესმდივანი ნანა ჩხარტიშვილი.

 

 

შილკ თV-ში, რომელსაც 65 000 აბონენტი ჰყავს, „მასთ ქერის“ შესახებ ამბობენ, რომ  1-ელი ოქტომბრის შემდეგ თითოეულ ტელეკომპანიასთან ინდივიდუალური მოლაპარაკება დაიწყება. „მასთ ქერის“ შემოღების შემდეგ მათ პაკეტებში შეიტანეს „მეცხრე არხი“, „თრიალეთი“, „25-ე არხი“ და „მაესტრო“. თუმცა საკანონმდებლო ვალდებულების მიუხედავად, მისი აბონენტების თითქმის ნახევარს ტელეკომპანია „მაესტრო“ არ მიეწოდება. „სილკ ტივი”  სატელევიზიო სიგნალს აბონენტებს ორი გზით – სპილენძისა და ინტერნეტის კაბელებით აწვდის. „მაესტროს“ სიგნალი კი ტექნიკური ხარვეზის გამო ფერხდება.

 

 

ციფრული ტელევიზია Gლობალ თV-ი აპირებს ყველა ტელეკომპანიის ჩართვის გაგრძელებას, თუმცა ამბობენ, რომ მათ არც არასდროს გაუთიშავთ რომელიმე არხი მათი სურვილით. „ჩვენ მასთ ქერის პრობლემა არასოდეს გვქონია. ისედაც ჩართული გვქონდა ყველა არხი. ჩვენ გვაქვს მასთ ოფერის პრობლემა. რუსთავი 2 და იმედი საკანონმდებლო ვალდებულების გამო არიან ფაქტიურად ჩვენს პაკეტებში, თორემ როგორც კი ვადა გავა, სავარაუდოდ, უარს იტყვიან მათი სიგნალის გავრცელებაზე. დაახლოებით 12 000 აბონენტი გვყვავს და არ მჯერა, რომ მათ არ აქვთ ინტერესი, მათი გადაცემები ამხელა აუდიტორიას მიეწოდოს“, – ამბობენ „გლობალ თვ”-ში. 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია 114 საკაბელო ოპერატორი, თუმცა რეალურად მათგან მხოლოდ 97 მუშაობს. მათი აბონენტების საერთო რაოდენობა 199 000-მდეა.  

 

 

განსხვავებული მონაცემები აქვს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მედიაანალიტიკოს მამუკა ანდღულაძეს, რომელმაც „ლევან მიქელაძის ფონდის“ იურისტ ლევან დოლიძესთან და ალექსანდრე დავითაშვილთან ერთად, საქართველოს მასშტაბით, „მასთ ქერის“ მედიამონიტორინგი აწარმოა. მისი თქმით, საკაბელო ოპერატორებს „მასთ ქერის“ პრინციპების შემოღებამდე 190 000 აბონენტი ჰყავდათ, თუმცა მოქალაქეების მხრიდან ინტერესის ზრდის გამო აბონენტთა რაოდენობა 215 000-მდე გაიზარდა. მამუკა ანდღულაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის ყველა საკაბელო ოპერატორს მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ყველა ტელეარხი აქვს ჩართული. 

 

 

„საკაბელოებსაც და ტელევიზიებსაც უნდა ჰქონდეთ ინტერესი, რომ, ერთი მხრივ,  საკაბელოებმა მიიღონ მეტი შემოსავალი მეტი არხის ჩართვით და მეორე მხრივ, ტელევიზიებმა გაავრცელონ სიგნალი დიდ აუდიტორიაზე და შესაბამისად მიიღონ ბევრი რეკლამა“ – ამბობს მამუკა ანდღულაძე. 

 

 

რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა: “ეს შენ გეხება”, “აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა” და „მედიის ადვოკატირების კოალიცია” გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც „მასთ ქერის“ პრინციპების გაგრძელებას მოითხოვენ.  

 

 

ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ამზადებს პეტიციას, „მასთ ქერის“ ვადის გაგრძელების მოთხოვნით და აგროვებს 15 000 ხელმოწერას. პეტიციას – „Must Carry Must Stay“ (მასთ ქერი უნდა დარჩეს) – ამ დროისათვის უკვე 10 000 ხელმომწერი ჰყავს.  

 

 

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ ამგვარი სამოქალაქო აქტივობა მნიშვნელოვანია და შესაძლოა დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს.„კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას აქვს ვალდებულება, დაიცვას და გაითვალისწინოს მომხმარებელთა უფლებები და ინტერესები. თუ კი შეგროვდება 15 000 ხელმოწერა, ეს შეიძლება გახდეს „მასთ ქერის“ გაგრძელების საფუძველი“, – ამბობს ნათია კაპანაძე. 

 

 

მომხმარებელთა მხრიდან მაღალ ინტერესს ადასტურებს NDI-ის მიერ 2012 წლის აგვისტოში ჩატარებული კვლევაც. კითხვაზე „არსებობს შემოთავაზება, რომ „მასთ ქერის“ ვალდებულება გავრცელდეს არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში. ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით ამ შემოთავაზებას?“ გამოკითხულთა 47% ეთანხმება, 6% არ ეთანხმება, 4% არ პასუხობს შეკითხვას და 44%-ის პასუხია „არ ვიცი“. ამასთან, გამოკითხულთა 88%-სთვის ტელევიზია პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის პირველი წყაროა და 44% ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყაროდან იღებს. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: