უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები „ქართული ოცნებიდან“ შეთავაზებას ელოდებიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის წევრი აკაკი ძნელაძე ისევ უმაღლეს საბჭოში დასაქმდა. ის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნა. ამ კომისიას უმაღლეს საბჭოში განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლადო მგალობლიშვილი ხელმძღვანელობს.

ჯერ-ჯერობით შეთავაზებას ელოდება უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, აგრარულ და გარემოს დაცვის, შემდეგ კი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ანზორ თხილაიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით მას გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განიხილავენ. ეს თანამდებობა მას შემდეგაა ვაკანტური რაც სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.

„მე ამ სფეროს კარგად ვიცნობ, რვა წელი ვიმუშავე გარემოს დაცვის მინისტრად აჭარაში და ვიცი რა პრობლემები გვაქვს ამ კუთხით. ამიტომაც, თუ შემომთავაზებენ რა თქმა უნდა დავთანხმდები“- უთხრა „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში ანზორ თხილაიშვილმა.

შეთავაზებას ელოდება ალექსანდრე ჩიტიშვილიც. ის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით ალექსანდრე ჩიტიშვილმა შესაძლოა დაიკავოს უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდეობა აჭარის მთავრობის აპარატში.

შეთავაზებას არ ელოდება უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ირაკლი ჯაში: „ მე ვინ დამიძახებს 75 წლისა ვარ“.

„ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ვერ დაუკავშირდა. ავთანდილ ბერიძე ტელეფონს არ პასუხობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი