15542293_580357912163940_5975438009474549684_n

ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მერია ეძებს კომპანიას, რომელიც სცენას მორთავს

ახალი წლის დადგომამდე ორი კვირა რჩება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი კომპანია გაუწევს ორგანიზებას საახალწლო ღონისძიებებს, რადგან ამ მომსახურებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ ნოემბრის ბოლოს გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთმა მონაწილე კომპანიამ, „კრეატივ-ჯგუფმა“ ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

საახალწლო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 340 000 ლარია გამოყოფილი, აქედან ღონისძიებებისთვის საჭირო დეკორაციებისა და ინვენტარის შეძენა-განთავსებაზე 105 755 ლარი დაიხარჯება. ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მერიაში გადაწყვიტეს, რომ ამ მომსახურების შესყიდვა პირდაპირი წესით განახორციელონ, საამისოდ მერიას ჯერ შესყიდვების სამსახურის, შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თანხმობა სჭირდება. „ახლა უკვე მთავრობას მივმართავთ, რომ პირდაპირი შესყიდვით დავუდოთ რომელიმე კომპანიას ხელშეკრულება, იქამდე კი ვატარებთ ბაზრის კვლევას, რომლის ფარგლებშიც სამ კომპანიას გავუგზავნით პირობებს და მათგან რომელიც უფრო დაბალ ფასში შემოგვთავაზებს ამ ღონისძიებების ორგანიზებას, მასთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას,“ – გვითხრა ჯონი საბაშვილმა, მერიის ა(ა)იპ-ის „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორმა. კითხვაზე, რა ნიშნით შეირჩევა ეს კომპანიები, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა გვიპასუხა, რომ მათთან თანამშრომლობის გამოცდილების ქონა არ არის გადამწყვეტი, მთავარია კომპანია იყოს სანდო და ჰქონდეს დარგში შესაბამისი გამოცდილება. „მიკერძოებული რომ არ ვიყოთ, სულ სხვადასხვა კომპანიებს ვარჩევთ,“ – ამბობს ჯონი საბაშვილი. მისივე განმარტებით, ბაზრის კვლევა დაახლოებით ორ-სამ დღეს მოიცავს. „ორგანიზაციებს ეგრევე ვაწვდით ინფორმაციას, რომ დაგვითვალეთ და მოგვაწოდეთ პასუხი – რა თანხაში შეძლებთ მათ შესრულებას, რომ ვიცოდეთ, შეძლებენ თუ ვერა.“ – განმარტავს ის.

რამდენად მოასწრებს ახალი კომპანია საახალწლოდ ქალაქის იმ ადგილების მორთვას, სადაც კონცერტები უნდა გაიმართოს და ღონისძიებებისთვის მომზადებას, მაშინ, როცა კომპანია „კრეატივ-ჯგუფი“ ვალდებულებების არ აღების ერთ-ერთ მიზეზად დროის სიმცირეს და დეტალებზე მუშაობას ასახელებს?

„რაღაცების გაკეთება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. დროის მომენტიც ერთ-ერთი ფაქტორი იყო ჩვენს შემთხვევაში. სანამ მონაწილეობას მივიღებდით ტენდერში, დრო მანამდეც იყო ჩემთვის ცნობილი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დრო არ იყო ცოტა. ტენდერის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო ცოტა დრო რჩება, რადგან იქ კიდევ ერთკვირიანი ვადაა – ხელშეკრულება არ შეიძლება სამი დღით ადრე რომ დადო და სხვა, მთელი რიგი კანონით განსაზღვრული ვადებია გათვალისწინებული,“ – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი თამაზ ბიჩინაშვილი. ის მიიჩნევს, რომ ასეთი ღონისძიებებისთვის ტენდერი ზაფხულში ან მინიმუმ ერთი-ორი თვით ადრე მაინც უნდა გამოცხადდეს: „თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი რამის გაკეთება შესაძლოა ბევრად უფრო იაფი დაგიჯდეს, როცა ადრე იწყებ, მაგალითად, მასალას შემოიტან ან სხვა.“

რატომ არ გამოაცხადა მერიამ ტენდერი ნოემბრამდე? ჯონი საბაშვილის თქმით, ამის მიზეზი საახალწლო პროგრამაზე მუშაობაა, რომელშიც ბოლო მომენტამდე შედის ცვლილებები.

ეს არგუმენტი დამაჯერებლად არ მიაჩნია საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს სპიკერსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელს, ნათია აფხაზავას. მისი აზრით, საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის კოორდინირებული მუშაობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ, კულტურის სამინისტროსთან, ტურიზმის დეპარტამენტთან და სხვა უწყებებთან ერთად, ბევრად უფრო ადრე უნდა დაიწყოს:

„ახალი წელი არ არის „მოძრავი დღესასწაული“, რომ ქალაქმა თავისი საბიუჯეტო სახსრები წინასწარ ვერ დაგეგმოს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ის პასუხისმგებელი ორგანოები, თუ აიპი უფრო მიზნობრივად გეგმავდეს ღონისძიებას. ამ პროგრამაზე კოორდინირება და შეთანხმება ბევრად უფრო ადრე შეიძლება მოხდეს,“ – ამბობს ნათია.

გასულ წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო დეკორაციებისა და ინვენტარის შეძენა-განთავსებაზე მერიის ტენდერი შპს Funday Entertainment-მა მოიგო. „საშუალოდ ერთი კვირა გვქონდა ამ სამუშაოების შესასრულებლად და ამ ვადაში ჩავეტიეთ, თუმცა ცხადია, რაც უფრო ცოტა დროა, უფრო მეტ ადამიანურ რესურსსა და ხარჯს მოითხოვს სამუშაოები. თან გააჩნია როგორ არის გადანაწილებული ეს ვალდებულებები და რა უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ცოტათი მეტი დრო ივენთის გასაკეთებლად – თუ რაღაც ხარვეზი აღმოჩნდა პროცესში, აღმოსაფხვრელად დრო გაქვს,“ – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი თევდორე მაყაშვილი.

წელს ბათუმში საახალწლო ღონისძიებები და კონცერტები ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს დაიწყება და 3 იანვრამდე გაგრძელდება. მოედნის მიმდებარე ტერიტორია, გამსახურდიასა და აბაშიძის ქუჩების კვეთიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთამდე გადაიკეტება და დაიდგმება სხვადასხვა ტიპის გასართობი ატრაქციონები.

ბათუმის ქუჩების, შენობების ფასადებისა და სკვერების საახალწლო მანათობელი აქსესუარებითა და გირლანდებით მორთვა ბათუმის მერიამ ხუთ ოქტომბერს დაიწყო და ჯერ არ დაუსრულებია. მერიამ წელს ახალი მანათობელი კონსტრუქციები შეიძინა, რომლებიც გოგებაშვილის, შ. ხიმშიაშვილის, კაჩინსკების, აბაშიძის, აეროპორტის ახალ გზასა და თამარ მეფის გზატკეცილზე არსებულ წრიულებზე დამონტაჟდება. საახალწლო აქსესუარები ასევე დამონტაჟდება იუსტიციის სახლთან, ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, საბაგიროსთან, ევროპის მოედანსა და შინდისის გმირების სახელობის სკვერში.

ბათუმის მერიამ წელს ახალი ნაძვის ხეც შეიძინა, რომელიც ასევე ახალი 840 ცალი წითელი, ოქროსფერი და მწვანე სათამაშოთი, კენწეროზე კი ოქროსფერი ვარსკვლავით მოირთვება. ბათუმის ახალი ნაძვის ხისა და დეკორაციებისთვის მერიამ ჯამში 256 730 ლარი გადაიხადა.ახალი ნაძვის ხე 2017 წლის დადგომამდე ექვსი დღით ადრე, საზეიმოდ აინთება. მისი სიმაღლე 22 მეტრი, ხოლო დიამეტრი 11 მეტრი იქნება.

ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან