სიახლეები

გლეხების აქცია ფინანსთა სამინისტროსთან

24.09.2012 • 1262
გლეხების აქცია ფინანსთა სამინისტროსთან

„2007 წელს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, როდესაც ხელვაჩაურში დაიწყო მუშაობა საკუთრების აღიარების კომისიამ, მივმართეთ კომისიას, წარვადგინეთ საჭირო დოკუმენტები და ნაკვეთები გაგვიფორმეს. არჩევნების ჩატარებიდან სამი თვის შემდეგ კი გვითხრეს – თქვენი დოკუმენტი ყალბიაო. ანუ გამოვიდა, რომ თავად კომისიამ მოგვცა ყალბი დოკუმენტი“, – ამბობს „ბათუმლებთან“ აქციის ერთ-ერთი  მონაწილე.

 

სოფელ მირვეთის მკვიდრის, ზურაბ ჭელიძის თქმით კი, მას საჯარო რეესტრში მისცეს ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ნაკვეთის ერთი ნაწილი, რომელსაც ის წლებია ამუშავებს, აჭარის მთავრობამ თურქულ კომპანიას გადაუფორმა. ზურაბ ჭელიძე ამ მიწის ნაკვეთის დაკანონებას გასულ წელსაც ცდილობდა, რისთვისაც მან ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიას საჭირო დოკუმენტებით მიმართა და დადებითი პასუხიც მიიღო, მაგრამ 218 ლარის გადახდა, რომელიც მას საკუთრების აღიარების საფასურად დაუანგარიშეს ვერ შეძლო“. „ამის შემდეგ დოკუმენტები შევინახე და ნაკვეთის დარეგისტრირება დროებით გადავდე. ახლა კი გავიგე, რომ მიწა მთავრობამ გამიყიდა“.

 

სამინისტროსთან შეკრებილები მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, სულხან ჯორთმენაძის ნაცვლად, მათთან შესახვედრად სამინისტროს ქონების მართვისა და ლიცენზირების სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ჭურკვეიძე გამოვიდა. მან გლეხებს განუცხადა, რომ სამინისტროს მათი ნაკვეთები არ გაუყიდია. ჭურკვეიძეს მოქალაქეებმა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი წარუდგინეს, რაზეც სამინისტროს წარმომადგენელმა მათ უპასუხა, რომ დოკუმენტში ტექნიკური ხარვეზი იყო დაშვებული.

 

იქვე, მედიასთან საუბარში ჭურკვეიძემ საპირისპირო რამ დაადასტურა, მან თქვა, რომ მოსახლეობის ნაკვეთები გასხვისებულია. ზურაბ ჭურკვეიძის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ უკვე გასხვისებული ნაკვეთების მფლობელებს, ინვესტორმა კომპენსაცია მისცეს.  

 

„აჭარ ენერჯი 2007“-ის წარმომადგენლის ინფორმაციით კი, რომელიც მან „ბათუმელებს“ გასულ კვირას მიაწოდა, „ინვესტორი იმ ნაკვეთებში, რაც უკვე კეთილსინდისიერად შეიძინა სახელმწიფოსგან, დამატებით თანხის დახარჯვას არ აპირებს“.

 

„ბათუმელების“ კითხვას, უკვე გაცემული საკუთრების დოკუმენტის გაუქმება იმ არგუმენტით, რომ ის ყალბია, ნიშნავს თუ არა იმას, რომ „მიწის კომისიამ“ უკანონო დოკუმენტები გასცა? – ზურაბ ჭურკვეიძემ უპასუხა, რომ  საქმეს ასე დეტალურად არ იცნობს. – „ვაპირებ დავინტერესდე, შევისწავლი ამ საქმეს, რომ დავეხმარო ამ ადამიანებს“.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: