კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

პრორექტორობიდან განათლების მინისტრის პოსტზე

19.12.2016 • 4363
პრორექტორობიდან განათლების მინისტრის პოსტზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ინგა შამილიშვილი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მისი კანდიდატურა განსახილველად გასულ კვირას წარუდგინა აჭარის უმაღლეს საბჭოს. მინისტრობის კანდიდატებს უმაღლესი საბჭოს კომისიებშიც მოუსმინეს. აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო დღეს, 19 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს. როგორ ხედავს საკუთარ შესაძლებლობებს ინგა შამილიშვილი ახალ პოსტზე და რა მიაჩნია მას პირად წარმატებად? ამ თემაზე მინისტრობის კანდიდატმა „ბათუმელებთან“ ისაუბრა.

– ქალბატონო ინგა, როგორ ფიქრობთ, რატომ გაკეთდა თქვენზე არჩევანი და ვისი გადაწყვეტილება იყო ეს?

ინგა შამილიშვილი

ინგა შამილიშვილი

– საერთოდ, ჩემი კანდიდატურა რომ გაჟღერდა, ეს უკვე დიდი პასუხისმგებლობაა. სავარაუდოდ, არჩევანი ჩემზე იმიტომ  შეჩერდა, რომ მაქვს გარკვეული ბეგრაუნდი განათლების მიმართულებით – 1993 წლიდან უნივერსიტეტში ვარ და 2009 წლიდან ადმინისტრაციული თანამდებობები მიკავია, მათ შორის ხარისხის სამსახურის უფროსი ვიყავი, სანამ რექტორის მოადგილე გავხდებოდი. მაქვს გარკვეული კომუნიკაცია და საერთაშორისო ურთიერთობები. ის, რაც უნივერსიტეტში გავაკეთე ამ ხნის მანძილზე და, ზოგადად, ჩემ შესახებ რა  ინფორმაციაც არსებობს უნივერსიტეტში [მიმაჩნია, რომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია], ამ ყველაფერმა, ალბათ, იმოქმედა იმაზე, რომ ჩემს კანდიდატურაზე შეჩერდა არჩევანი.

– ვინ იყო თქვენი კანდიდატურის დასახელების ინიციატორი?

– შიდა სამზარეულოზე ვერ ვისაუბრებ. ვიცი, რომ რამდენიმე კანდიდატურაზე იყო საუბარი და მე ვთვლი, რომ გარკვეული შეჯერების საფუძველზე მოხდა შერჩევა. მიმაჩნია, რომ ეს არის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მიღებული გარკვეული კონსულტაციების საფუძველზე.

ანუ მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძისგან წამოვიდა ინიციატივა?

– არ ვიცი, მე ამას ვერ გეტყვით. ვიცი, რომ იყო სხვადასხვა კანდიდატურაზე საუბარი, უბრალოდ, შეჩერდა ჩემზე და ეს არ არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება.

– რატომ გაგიჩნდათ მინისტრობის სურვილი და როგორ ხედავთ თქვენს თავს ამ პოსტზე?

– ეს არ არის ჩემთვის უცხო სფერო. მე ვაცნობიერებ, რომ ეს არ არის მხოლოდ განათლების მიმართულება და არის კულტურა და სპორტიც. თუმცა ეს არის ის გამოწვევა, როცა შემიძლია გარკვეული შედეგი დავდო, რადგან მაქვს ადმინისტრაციული გამოცდილება და კომუნიკაციის უნარი ადამიანებთან, შინაგანი პასუხისმგებლობა და საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ. ეს ყველაფერი მაძლევს  იმის საფუძველს, რომ ეს გამოწვევა მივიღო. რატომაც არა.

– აჭარის განათლების სამინისტრო შეზღუდულია თავის უფლებამოსილებებში, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მნიშვნელოვანი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში?

–  მე, რა თქმა უნდა, მქონდა შეხება სამინისტროსთან, რადგან ვმუშაობდი უმაღლესი განათლების ხელშეწყობის კომისიაში, ამიტომ წარმოდგენა მაქვს. თუმცა კონკრეტულად ამ საკითხებზე გარკვეული დროის შემდეგ შემიძლია ვისაუბრო, თუკი ეს ყველაფერი ჩაივლის კარგად. მე ვიტოვებ უფლებას, მქონდეს ოპტიმალური ვადა იმისთვის, რომ შიგნიდან გავიცნო სისტემა და საკუთარი ხედვები ჩამომიყალიბდეს.

– თუკი აღმოჩნდება, რომ თქვენი ხედვები და სისტემა ერთმანეთს ვერ ეგუება, მაშინ რა მოხდება?

– მე არ ვამბობ, რომ არ ვიცი სისტემა, უბრალოდ, მჭირდება უფრო ღრმად ჩახედვა ამაში. მე ვხედავ ჩემს ადგილს აქ და ვთვლი, რომ ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, უბრალოდ, შეფასებები შემიძლია გავაკეთო.

– რა იქნება თქვენი პრიორიტეტები განათლებაში, კულტურაში. თუ გაქვთ ნაფიქრი ამაზე?

– მთავარი პრიორიტეტი, რაზეც მიფიქრია, არის ინტერნაციონალიზაცია ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს კულტურა, განათლება თუ სპორტი და შესაძლებელია ამ ყველაფრის განხორციელება. ვთვლი, რომ ეს ის სამინისტროა, რომელიც მთლიანად უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ სიახლეებს. აქტივობები და ახალი იდეების გენერირება სამინისტროს ქვედა რგოლებიდან უნდა წამოვიდეს. ეს საკმაოდ საინტერესო პროცესი იქნება.

– თუ გამოყოფთ რომელიმე პროგრამას, პროექტს, რომელსაც უფრო მეტად უნდა მიექცეს ყურადღება ან აქამდეც უნდა ყოფილიყო, ვთქვათ, დაფინანსებული და განხორციელებული.

– მე ვისურვებდი, რომ ეს სამი მიმართულება, – სპორტი, განათლება და კულტურა დამოუკიდებლად კი არ არსებობდეს, არამედ ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს და განხორციელდეს ერთობლივი პროექტები, რაც საბოლოოდ შედეგს მოგვცემს. მაგალითად, სასკოლო სპორტული კლუბების არსებობა უცხოურ საგანმანათლებლო სისტემაში აუცილებელია. იგივე ამერიკის სკოლებში მიღებულია სასკოლო გუნდების არსებობა, რისი დამკვიდრება აქაც შესაძლებელია. ამიტომ, სპორტისა და განათლების თანხვედრაში მოყვანა სავსებით შესაძლებელია.

– კულტურაზე რას ფიქრობთ, არის ისეთი პროექტები, რომლებშიც, თქვენი აზრით, არ ღირს ფულის ხარჯვა ან პირიქით?

– ბიუჯეტზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან მე არ ვიყავი ჩართული ბიუჯეტის ფორმირებაში. ორ დღეში ძნელია ამაში გაერკვე და რაღაც პრიორიტეტები განსაზღვრო. ამიტომ პრიორიტეტებზე და ბიუჯეტურ გათვლებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

– თქვენ საუბრობდით უნივერსიტეტში თქვენს მიღწევებზე. რისი შეცვლა შეძელით თქვენი პოზიციებიდან?

– ძალიან ბევრი რამის. ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით და გუნდური პრინციპი გვაქვს, თუმცა ჩემი ინიცირებით გაკეთდა თუნდაც იგივე ფაბლაბი, რომელიც უნივერსიტეტის სავიზიტო ბარათი გახდა. სწორედ ჩემი ინიცირებით დაიწყო თუნდაც ის, რომ დღეს უნივერსიტეტში არსებობს სატელევიზიო სტუდია, ამის ინიციატორიც თავის დროზე მე ვიყავი. თუმცა, რომ არ ყოფილიყო რექტორის, კანცლერის მხარდაჭერა, ვერ განვახორციელებდი. გარდა ამისა, მე ვიყავი თანამედროვე სწავლების ახალი მეთოდების სახელმძღვანელოს შექმნის ინიციატორი, მაშინ ხარისხის სამსახურის უფროსი ვიყავი და თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავი პროცესში. მე ვთვლი, რომ ის, რაც გაკეთდა ამ ორი წლის განმავლობაში, მე ვიყავი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და მხარდამჭერი ყველა იმ ინიციატივისა თუ სიახლის, რომელიც უნივერსიტეტში გვქონდა.

– სოციალურ ქსელში ზოგიერთმა სტუდენტმა უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ზაფხულში თქვენ გამოფინეთ რუსეთის დროშა ერთ-ერთ შეხვედრაზე უნივერსიტეტში და არ გქონდათ მკვეთრი პოზიცია უნივერსიტეტში იარაღიანი პირის ყოფნის გამო. თუ შეიძლება, ამ ადამიანებს რომ უპასუხოთ.

– არ წამიკითხავს ეს კომენტარები. რაც შეეხება რუსულ დროშას, აქ აქცენტი გაკეთდა ვიზუალიზაციაზე და არა შინაარსობრივ მხარეზე, ამას მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაცია. იქ არ ყოფილა საუბარი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე, ეს იყო ურთიერთგაგების მემორანდუმი ნორვეგიის მხარის ინიცირებით, – ჩვენ ჩართული ვართ ნორვეგიასთან ბევრ პროექტში: ჩვენი სტუდენტები ტელემარკის უნივერსიტეტში გაივლიან კვალიფიკაციას – ოთხი სტუდენტი მოამზადებს საბაკალავრო ნაშრომს ნორვეგიაში. მათი ინიცირება იყო, რომ კონსორციუმში თანამშრომლობა ყოფილიყო.

– რუსეთის დროშა რა ნიშნით იყო წარმოდგენილი?

– რუსეთი კონსორციუმში იყო ნორვეგიასთან, ტელემარკის უნივერსიტეტთან ტურიზმის ფაკულტეტზე, ერაზმუს +-მაც ჩასვა რუსეთი კონსორციუმში… ამიტომ უარი ვთქვათ ამ პროგრამაში მონაწილეობაზე?

რაც შეეხება იარაღიან პირს უნივერსიტეტში, თავის დროზე ეს თემა გავიარეთ და მე აღარ ვაპირებ ამის ისევ წამოწევას. რაც შეეხება ჩემს პრინციპებს, ვარ ძალიან ობიექტური, გარკვეულწილად პრინციპული და ხშირად ვიცავ ჩემს პოზიციებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: