სიახლეები

„ბათუმელების” რეპორტიორისთვის უცნობი პირი ფოტოკამერის წართმევას შეეცადა

22.09.2012 • 1518
„ბათუმელების” რეპორტიორისთვის უცნობი პირი ფოტოკამერის წართმევას შეეცადა

ბათუმში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის გასაშუქებლად მისულ „გაზეთ ბათუმელების” სტაჟიორს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმიანობათა ინსტიტუტის სტუდენტს, გოგებაშვილის ქუჩაზე უცნობმა სამოქალაქო პირმა ჯერ ფოტოს გადაღება აუკრძალა, მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტმა სთხოვა აეხსნა, რატომ არ შეიძლებოდა გადაღება, ფოტოაპარატის წართმევა სცადა.   

 

 

სამოქალაქო პირს არ წარუდგენია ვინაობის დამადასტურებელი საბუთი. რეპორტიორი ამბობს, რომ იძულებული გახდა კამერა გამოერთო, რადგან უცნობი პირი ხელზე წვდა და ეცადა ძალით გამოეგლიჯა კამერა. აპარატის გამორთვის შემდეგ მან ჟურნალისტს კადრების წაშლა მოსთხოვა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ შეიძლებოდა საჯარო ადგილას ფოტოს გადაღება, უცნობმა პირმა მოკლედ უპასუხა: „იმიტომ, რომ ასე მინდა”.  

 

 

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დღეს საქართველოს პრეზდენტმა გახსნა. გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩები რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა საპატრულო პოლიციას.   

 

 

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გაზეთ „ბათუმელების” ჟურნალისტებს, საჯარო ადგილას, პრეზიდენტის იქ ყოფნის დროს, უცნობი პირები ფოტოს გადაღებას უკრძალავენ. გაზეთ „ბათუმელების” რეპორტიორს, მანანა ქველიაშვილს ვალერი მელაძის კონცერტის მსვლელობისას პრეზიდენტის ფოტოები წაუშალეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ რეპორტიორს უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიიდან დაუკავშირდნენ და ფაქტის დადასტურება სთხოვეს. კომისიის წამომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა უარყო, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი.     

გადაბეჭდვის წესი


ასევე: