„ვითხოვ 108 ლარს, მდიდრისთვის ეს შეიძლება სიგარეტის ფული იყოს, ჩვენთვის კი მილიონია“

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში მცხოვრებ თებიძეების ოჯახს რთული მდგომარეობის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტომ მოუხსნა როგორც სოციალურად დაუცველის სტატუსი, ისე 108-ლარიანი საარსებო შემწეობა.  ამ თანხით ოჯახი, ძირითადად, მედიკამენტებს ყიდულობდა.

სოფელ ჭინკაძეებში კრამიტით დახურული ხის ორსართულიან სახლში 85 წლის აიშე თებიძე შვილთან, თენგიზ თებიძესთან ერთად ცხოვრობს. აიშეს რამდენიმე დაავადება აწუხებს. მისი ერთადერთი მომვლელი კი თენგიზია.

TebiZeebi 2

აიშე თებიძე

„დედაჩემი წლებია ავადაა. სახლში მარტო ვერ ვტოვებ, ღამითაც კი. მუდმივი ზრუნვა სჭირდება, მე ვარ მისი მომვლელი.  სახლიდან გასვლასაც კი ვერ ვახერხებ, რომ ვიმუშაო“, – გვიყვება თენგიზი. მათი ერთადერთი შემოსავალი აიშეს პენსიაა. მას შემდეგ, რაც სოციალური შემწეობა მოუხსნეს, ოჯახი პენსიით სიცოცხლისთვის აუცილებელ წამლებთან ერთად პურის ფქვილის, შაქრის, ბრინჯისა თუ მაკარონის ყიდვას ახერხებს.

„საარსებო შემწეობას წლების განმავლობაში ვღებულობდით, მაგრამ წელს, თებერვალში, ოჯახის ხელახალი გადამოწმების შემდეგ მოგვიხსნეს. არ ვიცი, რა ნახეს აქ ისეთი, რამე თუ გვაქვს შეძენილი და ფუფუნების ნივთი თუ გაგვაჩნია. პირიქით, ჩვენი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, უარესდება დედაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ბოლო შემწეობა იანვარში ავიღე. თებერვლიდან დღემდე ჩემი მოთხოვნის საფუძველზე სამჯერ გადაგვამოწმეს, სამივეჯერ სარეიტინგო ქულა გაგვიზარდეს. პირველად რომ ვთხოვე ოჯახის ხელახალი გადამოწმება, მითხრეს, სანამ ერთი წელი არ გავა, ვერ გადაგამოწმებთო. ვუთხარი, მიჭირს, დედაჩემი მწოლიარე ავადმყოფია, რადგანაც მომვლელი სხვა არავინაა, სახლიდან გასვლას ვერ ვახერხებ, რომ ვიმუშაო-მეთქი. მოვიდნენ, შეისწავლეს ჩვენი მდგომარეობა ხელახლა და 100 000-ზე მეტი ქულა მოგვანიჭეს. შემდეგ წერილობით  მივმართე სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისში. სექტემბერის თვეში მოვიდნენ  და ისევ გაგვიზარდეს ქულები. რა ვქნა? ვის მივმართო? როგორ მოვიქცე? წამალი გვინდა, საკვები, მარტო ჩაით ხომ ვერ იარსებებ?“ – ამბობს თენგიზი.

„სანამ მოხვიდოდით, იმაზე ვსაუბრობდით, სად ვნახოთ თანხა,  წამლები რომ ვიყიდო. არ უნდათ, რომ ვიცოცხლო, სხვა რა ვიფიქრო…“ – ცრემლებს იწმენდს აიშე. თენგიზი ამბობს, რომ როცა საარსებო შემწეობა ჰქონდათ, მეზობლები თუ ნათესავები წამლებისთვის საჭირო თანხას სესხად აძლევდნენ, მას შემდეგ, რაც  შემწეობა მოუხსნეს, ვერც მეზობლები ეხმარებიან, რადგანაც სესხის დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ.

სახლი, სადაც აიშე და თენგიზი ცხოვრობენ, მხოლოდ ერთ მხარესაა თუნუქით გადახურული, დანარჩენი კი ალაგ-ალაგ ჩატეხილი კრამიტითაა დახურული, საიდანაც სახლში წვიმისა და თოვლის წყალი ჩადის. თენგიზი ამბობს, რომ თუნუქი მეგობარმა მისცა და სახლის ის ნაწილი გადახურა, სადაც „მისაღები“ ოთახია განთავსებული. სახლში ფერდობიდან ჩამოსული წყალიც შედის და გუბდება. თებიძეები წვიმის დროს სახურავიდან ჩამოსულ წყალს კასრებით უმკლავდებიან.

„თქვენც ხედავთ არაფერი გაგვაჩნია, ეს ოთახი ჩვენი სამზარეულოცაა, მისაღებიც და და საძინებელიც, ძველი „სტენკა“ და პატარა ტელევიზორი გვაქვს, შეშის ღუმელს თუ ვინმე სიმდიდრედ თვლის – ეს არ ვიცი. სააბაზანო ჩვენ არ გვაქვს და სამზარეულო. სახლი 80 წელზე მეტი ხნისაა. ქედის გამგეობაში ორჯერ დავწერე განცხადება, გაზაფხულზე მოვიდნენ, ნახეს, დამპირდნენ, გავაკეთებთო, სახურავსაც დამპირდნენ, უცდიდნენ არჩევნებს, არჩევნებმა ჩაიარა, ჩვენ კი დავრჩით დახმარების გარეშე, ისევ გვაწვიმს და ისევ მთელი ღამე ფიქრში უნდა გავათენო, სად ვიპოვო თანხა წამლისთვის. ვითხოვ სოციალურ დახმარებას, რომელიც მხოლოდ 108 ლარია, ეს შეიძლება მდიდრისთვის სიგარეტის ფული იყოს, ჩვენთვის კი მილიონია“, – ამბობს თენგიზი.

ოჯახის მძიმე სოციალური პრობლემების შესახებ ქედის გამგეობაში ინფორმირებული არიან. მეტიც, გამგეობამ ორჯერ უშუამდგომლა ოჯახს ჯანდაცვის სამინისტროში.

„გამგეობა თვლიდა, რომ ოჯახი ნამდვილად შეჭირვებულია და მათი ხელახალი გადამოწმების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ. გადამოწმების შემდეგ მათ ისევ მაღალი ქულა მიანიჭეს. ისევ მიმართა გამგეობამ წერილობით ჯანდაცვის სამინისტროს ხელახალი გადამოწმებისთვის“, – ამბობენ გამგეობაში.

გამგეობაში იმასაც დასძენენ, რომ სახურავით თებიძეებს გამგეობა ვერ დაეხმარა, რადგან თუნუქის ფურცლები მხოლოდ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახებს დაურიგდათ. თებიძეები კი არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან. „სახურავების პროგრამა გაგრძელდება და, სავარაუდოდ, გამონაკლისის სახით მსგავს ოჯახებს დავეხმარებით“, – აღნიშნა ქედის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, სოფიო ხაბაზმა. სოფიო აცხადებს, რომ  მუნიციპალიტეტი ეცდება ამ ოჯახს „შეძლებისდაგვარად გვერდში დაუდგეს“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი