კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ვინ იბეგრება ქონების გადასახადით

18.12.2016 • 5501
ვინ იბეგრება ქონების გადასახადით

ევროპის ქვეყნებში საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეების მიერ გადახდილი ქონების გადასახადი ბიუჯეტის მნიშვნელოვან რესურსად ითვლება. ქონების გადასახადს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსიც საქართველოში, თუმცა უძრავი ქონების ფლობაზე გადასახადს ჩვენთან მესაკუთრე იმ შემთხვევაში იხდის, თუკი ოჯახის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აჭარბებს.

ბათუმის ბიუჯეტში 2014 წელს ფიზიკური პირებისგან გადახდილმა ქონების გადასახადმა ჯამში 861 800 ლარი შეადგინა, გასულ წელს – 920 ათასი. მიმდინარე წლის გადასახადი უძრავ ქონებაზე მესაკუთრეებმა მომავალი წლის პირველ აპრილამდე უნდა გადაიხადონ.

ქონების გადასახადის მაქსიმალური ზღვარი საგადასახადო კოდექსითაა განსაზღვრული. ამ კანონის საფუძველზე მოსაკრებლის ოდენობას თითოეული მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ადგენს. ბათუმის საკრებულომ 2011 წელს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადი 0.2 პროცენტით განსაზღვრა.

მაგალითად, თუკი ოჯახის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატება, მაშინ მის უძრავ ქონების ღირებულებას შემოსავლების სამსახური საბაზრო ფასების მიხედვით განსაზღვრავს. თუ ბინის საბაზრო ფასი, პირობითად, 100 ათასი ლარია, ოჯახმა წლის ბოლოს ქონების გადასახადი – 200 ლარი უნდა გადაიხადოს. თუ ოჯახის შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტია, ამ შემთხვევაში ოჯახი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტს გადაიხდის.

ქონების გადასახადის ამოღების ადმინისტრირებას შემოსავლების სამსახური ახდენს. გადასახადი სახელმწიფო ხაზინაში შედის, ხოლო შემდეგ ადგილობრივ ბიუჯეტს უბრუნდება.

თენგიზ აფხაზავა, ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ევროპულ მენტალობას უნდა მიეჩვიოს საზოგადოება: „სხვადასხვა ხერხებით არიდებენ თავს ამ გადასახადს ადამიანები. ჩემი აზრით, გაცილებით მაღალი უნდა იყოს ეს გადასახადი და 40 ათასლარიანი ზღვარიც უნდა შემცირდეს. გარდა ამისა, უძრავი ქონება არის კაპიტალი. ბევრია შემთხვევა, როდესაც ადამიანები ყიდულობენ ბინებს და აქირავებენ, გაქირავებიდან მიღებულ შემოსავლებს კი მალავენ.

მაგალითად, 2014 წელს ბინების გაქირავებიდან შემოსული თანხა დაახლოებით 10 ათასი ლარია, 2015 წელს – თითქმის არაფერი… ამ კუთხით კონტროლი ძალიან სუსტია. ქონების ბაზარი უნდა არსებობდეს, ფასიანი ქაღალდების და კაპიტალის. ამ კუთხით საკრებულო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს პარლამენტის მიერ შესამუშავებელი დოკუმენტია.“

„ქონების გადასახადის ადმინისტრირება სუსტია ბევრი მიმართულებით,“ – ამბობს ტიტე აროშიძე, ეკონომისტი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტიდან~. ის მიიჩნევს, რომ 40 ათასლარიანი ზღვარი უნდა გაიზარდოს და შემოსავლების დიფერენციაცია მოხდეს: „საუბარია ოჯახზე და არა კონკრეტულ პირზე. შესაბამისად ასეთი ოჯახი ბევრია, ვისი წლიური შემოსავალიც 40 ათასს აჭარბებს. ეს ზღვარი უნდა გაიზარდოს დაახლოებით 60 ათასამდე და დადგინდეს, საიდან აქვს ოჯახს შემოსავალი, რა ინტენსივობით იღებს და რამდენად სტაბილურია იგი. შეიძლება, ადამიანმა ერთჯერადად მიიღოს ამ ოდენობის თანხა, შემდეგ ბიზნესი ჩაუვარდეს და ქონების გადასახადის გადახდა მაინც მოუწიოს. ასევე გასათვალისწინებელია ოჯახის წევრების შემადგენლობა. შეიძლება, ადამიანი, რომელიც მაღალშემოსავლიანი იყო, გადასახადის გადახდის დროს აღარ იყოს იმავე ოჯახის წევრი.“

ტიტე აროშიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქონების გადასახადისგან თავის არიდების გამო ოჯახებს პირდაპირ აჯარიმებენ, თუმცა მანამდე მათი შემოსავლების დეკლარირება არ ხდება და შესაბამისი სამსახურებიც არ აფრთხილებენ: „ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ ოჯახის შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია. მაგალითად, მე არასოდეს დამითვლია, რამდენია ჩემი ოჯახის წლიური შემოსავალი. დღეს ძალიან იოლია  ნებისმიერი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადგენა და შეტყობინების გაგზავნა მისთვის, რომ მისმა შემოსავლებმა გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ 40 ათასს და საჭიროა მისი დეკლარირება. შეავსებს ადამიანი დეკლარაციას და ეცოდინება, რომ განსაზღვრულ დროს ქონების გადასახადი უნდა გადაიხადოს. დღეს ბევრი არც იხდის ამ გადასახადს, რადგან იცის, რომ შემთხვევითია ამის შემოწმება. შეიძლება გაიგონ, შეიძლება – ვერა, რომ ქონების გადასახადით დაბეგვრა ერგებოდა. შესაძლოა 4 და 5 წლის შემდეგ მონიტორინგის დროს ამოვარდეს მონაცემი, რომ ოჯახს ეს შემოსავალი ჰქონია და არ გადაუხდია ქონების გადასახადი. ამ დროს საკმაოდ დიდი ოდენობის ჯარიმების გადახდა უწევთ ადამიანებს.“

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თუკი ოჯახი ქონების გადასახადს არ გადაიხდის მომდევნო წლის 15 აპრილამდე, მას მოსაკრებლის ათმაგი ოდენობით დააჯარიმებენ. ამას ემატება მოსაკრებლის ოდენობის 0.07 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ქონების გადასახადს იხდიან მიწის მესაკუთრეები და კერძო კომპანიის მფლობელებიც. ქონების გადასახადის საერთო მაჩვენებელში ყველაზე მაღალი სწორედ ბიზნესზე მოდის. მაგალითად 2014 წელს ბათუმის ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით 13 მილიონ 937 ათას 500 ლარი შევიდა, აქედან საწარმოებისგან გადახდილი ქონების გადასახადმა შეადგინა 11 მილიონ 365 ათას 500 ლარი. გასულ წელს ქონების გადასახადი ბათუმის ბიუჯეტში 18 მილიონ 350 ათასი ლარი შევიდა, აქედან საწარმოებისგან გადახდილი იყო 16 მილიონ 130 ათასი ლარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: