მშენებლობაზე გარდაცვლილი ერთ-ერთი მუშის საქმე სასამართლოში

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევის საქმეს განიხილავს. შემთხვევა 22 აპრილს, ორბელიანის ქუჩაზე მოხდა. სამშენებლო კონსტრუქციიდან ჩამოვარდნილი ვასილ უჩაძე გარდაიცვალა. ვასილის გარდა, წელს მშენებლობებზე კიდევ ოთხი ადამიანი მარტო ბათუმში დაიღუპა. რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ბრალდებულის სკამზე მშენებელი ჯდება?

ბრალდებულმა რეჯეფ ჯ.-მ დუმილით უპასუხა მოსამართლის შეკითხვას: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“ კითხვის დასმამდე ბრალდებულს მოსამართლემ გამოძიების ვერსია წაუკითხა, რომლის მიხედვითაც მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ის იყო უშუალოდ: „რკინის ნაჭრების შედუღებისას, მძიმე კონსტრუქციის ლითონის გადატრიალების დროს, არ იყო გამოყენებული ამწე მექანიზმი, რა დროსაც დაზიანდა ვასილ უჩაძე…“

ბრალდებული მშენებლობაზე დაქირავებული ტექნიკური ზედამხედველი იყო. სამუშაოებს ორბელიანის 7-ში კომპანია „იონფაშ ჯორჯია“ აწარმოებდა. გამოძიებას თავად კომპანიის მფლობელების პასუხისმგებლობის საკითხი აქამდე არ დაუსვამს. ბრალდებული მთელი პროცესის განმავლობაში დუმდა. გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მას უთქვამს, რომ რამდენჯერმე გააფრთხილა მესაკუთრეები უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების შესახებ.

„როგორც ჩანს, მფლობელების ნაწილში გამოძიებას არ ჰქონდა შესაბამისი მტკიცებულებები. უნდა დადგინდეს, რომ მესაკუთრეები ნამდვილად იყვნენ ინფორმირებული იმაზე, რომ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული. ბრალდებული ირწმუნება, რომ თვითონ იყო ნამდვილად უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე პასუხისმგებელი, მაგრამ ის აფრთხილებდა მფლობელს, რომ საჭირო იყო აღჭურვილობა და ასე შემდეგ. გამოძიება ეყრდნობა იმ მტკიცებას, რომ რადგან არ იყო დაცული უსაფრთხოების პირობა, არ უნდა გაეყვანა მუშები მშენებლობაზე,“ – გვიყვება გვანცა თურმანიძე, იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტი. ის რეჯეფ ჯ.-ს ინტერესებს იცავს.

სასამართლო პროცესის გადადება ადვოკატმა საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე ითხოვა. გვანცა თურმანიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ პროკურატურასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და შესაძლებელია საქმე შეთანხმებით დასრულდეს.

„ვფიქრობ, ჩვენს შორის საპროცესო შეთანხმება მიღწევადია“, – დაამატა პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა. მხარეების პოზიციების მოსმენის შემდეგ დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დააკმაყოფილა. მორიგ სხდომაზე მოსამართლე საქმის არსებით განხილვას დაიწყებს, თუკი პროკურორსა და ბრალდებულს შორის შეთანხმება ვერ შედგება. შეთანხმების მისაღწევად ბრალდებულის მხრიდან ბრალის სრულად აღიარება სავალდებულოა.

„დაზარალებული მხარე, ანუ გარდაცვლილის ოჯახი არ არის წინააღმდეგი, ბრალდებულის მიმართ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული შეღავათები. იმის გამო, რომ ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მას პირობით მსჯავრს ვერ შეუფარდებენ კანონმდებლობიდან გამომდინარე“,  – გვითხრა პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა. მისი თქმით, პროკურატურასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება 10-დან 20 ათასამდე ლარი ჯარიმის გადახდაზე.

მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი ითვალისწინებს: თავისუფლების შეზღუდვა 5 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა – 5 წლამდე.

„მიმდინარეობს გამოძიება 240-ე მუხლით,“ – ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი  მუდმივად, როცა ადამიანები მშენებლობებიდან ვარდებიან და იღუპებიან. „ბათუმელებმა“ მიმდინარე წლის ივლისში მიიღო ინფორმაცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსგან, რომლის მიხედვითაც 2014 წლიდან დღემდე სასამართლომ სულ 12 შემთხვევა განიხილა 240-ე მუხლზე. თორმეტივე შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარა, თუმცა არც ერთი მშენებელი არ დაუპატიმრებიათ. მათ, ძირითადად, პირობითი მსჯავრი შეუფარდეს და დააჯარიმეს 1000-დან 7000-მდე ლარით.

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ კვლევის მიხედვით, 2011-2015 წლებში მშენებლობებზე ქვეყნის მასშტაბით სულ 695 ადამიანი დაშავდა, მათგან დაიღუპა – 212.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი