როგორ ემზადება მაღალმთიანი აჭარა ახალი წლისათვის

საახალწლო განწყობის შესაქმნელად აჭარის მთიანეთში წელს 51 332 ლარი დაიხარჯება. ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან საახალწლოდ ყველაზე მეტ  თანხას – 32 974 ლარს ხულოს მუნიციპალიტეტი დახარჯავს

მიუხედავად იმისა, რომ ქედის გამგეობამ მუნიციპალიტეტისთვის ნაძვის ხე აქსესუარებთან ერთად გასულ წელს შეისყიდა და ადგილობივი ბიუჯეტიდან ამისთვის დაახლოებით 7 000 ლარი დახარჯა, ნაძვის ხეს ქედის გამგეობა წელს ისევ ყიდულობს. ნაძვის ხისა და აქსესუარების შესასყიდად ქედის გამგეობა წელს 15 000 ლარს დახარჯავს.

2015 წლის საახალწლო ნაძვის ხე ქედის ცენტრში. ეკა ბარამიძის ფოტო

2015 წლის საახალწლო ნაძვის ხე ქედის ცენტრში. ეკა ბარამიძის ფოტო

საახალწლო-საშობაო ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებით ქედის გამგეობამ პირველი ტენდერი 7 დეკემბერს 9 083 ლარზე გამოაცხადა, სატენდერო პირობებით ქედის გამგეობა 764 ფუთა ტკბილეულს [შემადგენლობა: 3 ცალი თხილიანი შოკოლადი, 1 ცალი ვაფლიანი შოკოლადი, 1 ცალი შაქრის ნამცხვარი, 1 ცალი შოკოლადის კვერცხი, 2 ცალი შესქელებული რძიანი შოკოლადი, 1 ცალი რძიანი შოკოლადი არაქისით, 1 ცალი საღეჭი რეზინი ხილის გემოთი, 1 ცალი ბისკვიტი შოკოლადის შიგთავსით, 1 ცალი მარილიანი ჩხირი, 1 ცალი თეთრი მომინანქრებული შოკოლოდი ვანილის შიგთავსით და ა.შ.] შეისყიდის. ტკბილეულთან ერთად გამგეობას სატენდერო პირობებში ფეიერვერკი, სასცენო სათამაშოებისა და საახალწლო ბანერების დამზადება აქვს ჩადებული. ამ ტენდერის გარდა ქედის გამგეობამ მეორე ტენდერი რვა მეტრი სიგრძისა და ოთხი მეტრი დიამეტრის ნაძვის ხესა და მოსართავ აქსესუარებზე 15 000 ლარად 8 დეკემბერს გამოაცხადა. სატენდერო პირობებით გამარჯვებულმა კომპანიამ ნაძვის ხე ქედის ცენტრში 28 დეკემბრამდე უნდა დაამონტაჟოს.

ქედის გამგეობის განათლების სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსის მამია გვარიშვილის ინფორმაციით, 764 ფუთა ტკბილეულიდან 693 ფუთა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, 26 ფუთა – ქედაში მცხოვრებ 2005-2016 წლის 3 ნოემრამდე დაბადებულ შშმ ბავშვებსა და საახალწლო ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს დაურიგდებათ.

საახალწლო განწყობის შესაქმნელად ყველაზე ნაკლებ თანხას – 8 674 ლარს წელს შუახევის გამგეობა დახარჯავს. შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ თანხით შუახევის გამგეობა მხოლოდ ნაძვის ხისა და გარე განათების აქსესუარებს, ფეიერვერკს, 50 ფილა შოკოლადს, ამავე ოდენობის ორცხობილასა და 11 კილოგრამ შოკოლადს შეისყიდის. 6 დეკემბერს გამოცხადებული ტენდერი აქ 13 დეკემბერს დასრულდება.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ საშობაო ნაძვის ხის მოსართავ აქსესუარებსა და სხვა საახალწლო აქსესუარების შეძენაზე წელს 9 685 ლარს დახარჯავს. ამ თანხაზე ტენდერი ხულოს გამგეობამ 30 ნოემბერს გამოაცხადა, ტენდერი 6 დეკემბერს დასრულდა. ყველაზე ნაკლები თანხით, 8 740 ლარით, სატენდერო პირობების შესრულება გამგეობას ინდმეწარმე ზებურ აბულაძემ შესთავაზა, თუმცა ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებიათ. საახალწლო განწყობის შესაქმნელად ნაძვის ხისა თუ სხვა აქსესუარების შეძენის გარდა ხულოს გამგეობამ საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში კონცერტების ორგანიზების მომსახურებაზე 7 დეკემბერს 9 000 ლარზე გამოაცხადა ტენდერი, რომელიც 13 დეკემბერს დასრულდება.

სატენდერო პირობებით ტენდერში გამარჯვებულმა მიმწოდებელმა ხულოს გამგეობას საახალწლო ღონისძიება ჯგუფი „ურსას“ სოლოკონცერტი მოცეკვავეების შესრულებითა და მინიმუმ 14 მუსიკალური საკრავით, არანაკლებ 90-წუთიანი ხანგრძლივობით უნდა შესთავაზოს. გარდა ამისა, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს და საახალწლო ღონისძიებაზე ხულოელ მაყურებელს ამავე ხანგრძლივობით თორნიკე ყიფიანის ბენდის სოლოკონცერტი უნდა შესთავაზოს.

მომღერლებთან ერთად კომპანიამ ხულოს გამგეობას გახმოვანების აპარატურა და ღონისძიებაში მონაწილეებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და სასცენო აპარატურა 25-დან 31 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს. ხულოს გამგეობა საახალწლოდ – სასაჩუქრე ამანათებსაც შეისყიდის, სულ 855, აქედან 605 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, 205 ცალს კი – მრავალშვილიანი დედებისა და 18 წლამდე უნარშეზღუდული ბავშვებისთვის. სასაჩუქრე ამანათების შესყიდვაზე ტენდერი 17 611 ლარზე 25 ნოემბერს გამცხადდა, ყველაზე ნაკლები თანხით, 14 941 ლარით ამანათების შესყიდვას შ.პ.ს „ალსოფი“ სთავაზობს.  ხულოს გამგეობამ ნაძვის ხის, სასაჩუქრე ამანათებისა და საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად სულ 36 296 ლარი გაითვალისწინა.

P.S. სტატია „ბათუმელებში“ 12 დეკემბერს დაიბეჭდა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი