სიახლეები

აქცია ბათუმის უნივერსიტეტთან

20.09.2012 • 1360
აქცია ბათუმის უნივერსიტეტთან

 13:26 სტუდენტების აქციის ორგანიზატორები სტუდენტებსა და მოქალაქეებს მოუწოდებენ აქცია განაახლონ საღამოს 6 საათზე, ბათუმის უნივერსიტეტთან. 

13:21 სტუდენტები ითხოვენ აქცია პირდაპირ ეთერში გააშუქოს აჭარის ტელევიზიამ. აჭარის ტელევიზიის სანფორმაციო სამსახურის უფროსი, ცირა აბულაძე ამბობს, რომ აჭარის ტელევიზია ქალაქში მიმდინარე ყველა აქციას აშუქებს და ტელევიზიის ჟურნალისტები სტუდენტების აქციაზე ამ წუთებშიც იმყოფებიან. მისი თქმით, პირდაპირი ეთერით გაშუქების ტექნიკური საშუალება აჭარის ტელევიზიას არა აქვს.  

13:08 სტუდენტების აქციას ლექტორების უმრავლეობა შეურთდა. სტუდენტები ითხოვენ გადადგეს ბაჩო ახალია. 

13:00 ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:  „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები,  პროფესორ-მასწავლებლები, აკადემიური საბჭო და ადმინისტრაცია გმობენ სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. უნივერსიტეტი უერთდება საზოგადოების მოთხოვნას შეიქმნას სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისია და დასჯილ იქნას  თითოელი დამნაშავე პასუხისმგებელ პირებთან ერთად.“ 

12:35 „სად არის თვითმმართველობა?” -კითხულობენ  ბათუმის უნივერსიტეტთან  გამართულ აქციაზე. სტუდენტები ამბობენ, რომ აქციაზე  სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დილით იყვნენ და მას შემდეგ არ ჩანან. ამ წუთებში სტუდენტების აქციას  უერთდებიან მოქალაქეებიც. 

12:23 აქციაზე მოიტანეს ცოცხები და დაწვეს. უნივერსიტეტის ლექტორმა, მერაბ ხალვაშმა სტუდენტებს განუცხადა, რომ უნივერსიტეტის მთელი პერსონალი შეიკრიბება სააქტო დარბაზში, რომ ხელისუფლებას მიმართონ საგანგებო წერილით.  

12:14 ამ წუთებში აქციაზე სიტყვით გამოდიან აკადემიის სტუდენტები. აქციაზე ელიან პირველი საჯარო სკოლისა და გიმნაზიის უფროსკლასელებს. 

12:08 სტუდენტები ითხოვენ ადგილზე მივიდეს აჭარის ტელევიზია და აქციაა სრულად გააშუქოს. 

11:51 ბათუმის საზღვაო აკადემიიდან აქციას შეურთდნენ აკადემიის სტუდენტებიც. სტუდენტური საპროტესტო აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან გრძელდება. 

11:32 ლექციები დატოვეს ბათუმის უნივერისტეტის პირველკურსელებმაც. 

11:27 აკადემიის მთავარი შესასვლელი ამ დრომდე ჩაკეტილია. შესასვლელთან სტუდენტები დგანან და სკანდირებენ: „გამოდით!” აკადემიის ლექტორები ფანჯრებიდან უყურებენ სტუდენტებს. აკადემისთან გრძელდება სტვენა და შეძახილები. 

11:25 აქციას თანდათან ემატებიან სტუდენტები საზღვაო აკადემიიდან. ამ წუთებში უნივერსიტეტთან რამდენიმე ასეული სტუდენტია. 

11: 19 აქციაზე სიტყვით გამოვიდა ბათუმს უნვერსიტეტის რექტორი, ალეკო ბაკურიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მხარში დაუდგება სტუდენტებს. მან აღნიშნა, რომ ყველა ლექტორი უნდა დგეს იქ, სადაც არიან სტუდენტები. 

11:17 ამ წუთებში სტუდენტების ერთი ჯგუფი გეგმავს წასვლას საზღვაო აკადემიისკენ, მოთხოვნით, ადმინისტრაციამ გააღოს კარი და გამოუშვას სტუდენტები. 

11:13 „ძირს ძალადობა!”, „გაიღვიძეთ!“ – ისმის შეძახილები ბათუმის აქციაზე. აქციაზე სტუდენტები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, არ გამოიყენონ აქცია მათ სასარგებლოდ. 

 11:10 საპროტესტო აქციას უერთდებიან სტუდენტები ბათუმის საზღვაო აკადემიიდან. სტუდენტები ამბობენ, რომ საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ კარი ჩაკეტა და სტუდენტებს გარეთ არ უშვებენ. 

11:00 დღეს დილიდან აქციაა ბათუმის უნივერსიტეტთან. ამ წუთებში 200-ზე მეტი სტუდენტი დგას ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან და სტუდენტებსა და ლექტორებს მოუწოდებენ, დატოვონ სასწავლო პროცესი და საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.  

აქციაზე სტუდენტებთან ერთად არიან ფაკულტეტის დეკანები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. სიტყვით გამოვიდა ეკონომიკის ფაკულტეტის ლექტორი, პაატა აროშიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ლექტორის ადგლი იქ არის, სადაც არიან სტუდენტები და მოუწოდა სხვა ლექტორებსაც, შეურთდნენ აქციას. აქციაზე სიტყვით გამოვიდა იური ბიბილეშვილიც, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი. 

 სტუდენტებმა გარკვეული დროით გადაკეტეს მოძრაობა, თუმცა ამას მძღოლების პროტესტი არ გამოუწვევია. მძღოლები გაბმული სიგნალებით გამოხატავენ მხარდაჭერას და ხელს უქნევენ სტუდენტებს. 

მასალაზე მუშაობენ: ქეთი ლაბაძე,  ივეტა ამაღლობელი, ქრისტინე ფარჯიანი 

 ფოტო: ივეტა ამაღლობელი, ქრისტინე ფარჯიანი 

გადაბეჭდვის წესი