კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

შეამცირებს თუ არა ადმინისტრაციულ ხარჯებს აჭარის მთავრობა

15.12.2016 • 4451
შეამცირებს თუ არა ადმინისტრაციულ ხარჯებს აჭარის მთავრობა

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, ჯამში 6 მილიონი ლარით იზრდება, ხარჯები კი – 14 მილიონით. უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის დასკვნით, მომავალი წლისთვის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ადმინისტრაციული ხარჯებია გაზრდილი და მხარჯავმა დაწესებულებებმა ისინი უნდა შეამციროს. ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებულ ვარიანტს მთავრობა უმაღლეს საბჭოს უახლოეს დღეებში წარუდგენს.

აჭარის მთავრობას უმაღლესი საბჭოდან უკვე შეახსენეს, რომ აჭარის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის თხოვნა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების თაობაზე.

საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2015 წელს მასზე დაქვემდებარებულ უწყებებს დაავალა, ხოლო დანარჩენებს [მათ შორის იმ დაწესებულებებს, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან] სთხოვა, რომ „ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის პრინციპები გაითვალისწინონ 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროსაც“.

„საქართველოს მთავრობის განკარგულება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც არა მარტო ავტონომიურ რესპუბლიკას, არამედ ყველა ე.წ. „მხარჯავ დაწესებულებას“ ეხება ქვეყანაში. როგორც კომისიის თავმჯდომარე, როცა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის კანდიდატურის განხილვა იქნება უმაღლეს საბჭოში, ამ საკითხზე უფრო დეტალურად ვისაუბრებ ცხადია. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, გეტყვით, რომ ამ შენიშვნას, რაც წინა მოწვევის საბჭოს იურიდიულმა კომისიამ შეიმუშავა, ვიზიარებ, მით უმეტეს, თუ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ. ამასთან, კომისიის შენიშვნა სამართლებრივადაც გამყარებული იყო, ვგულისხმობ მთავრობის 2015 წლის შესაბამის განკარგულებას,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ჩხეტიამ.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სამომავლოდ აუცილებლად უნდა გაიზარდოს სარეზერვო ფონდი. ამასთან, ვინაიდან, პროგრამების შესრულების მაჩვენებელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან დაბალია, „სამინისტროს და მხარჯავ დაწესებულებებს მოუწევთ მეტი მუშაობა, რათა თანხები ამ კუთხით ზუსტად გადაანაწილონ“.

ნინო ჩხეტიას თქმით, ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს საშუალება გაცილებით მეტი ტრანსფერი გადაურიცხოს აჭარის მუნიციპალიტეტებს: „თუმცა, როგორც ჩანს, თვითმმართველობები ადგილზე ვერ ასაბუთებენ თუ რა პროექტებისთვის სჭირდებათ თანხა, შესაბამისად, მთავრობამ ამ კუთხითაც უნდა იმუშაოს მათთან.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, უკვე მქონდა კონსულტაციები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან და აბსოლუტურად ყველა უწყებაში ფაქტობრივად არის გადაწყვეტილება ამ ხარჯების შემცირებაზე.

შესაძლოა ეს არ აისახოს ხელფასებზე, მაგრამ შემცირდეს სხვა ხარჯები. კონკრეტულად როგორ აისახება ეს ბიუჯეტში, მონაცემები გვექნება, როცა პროექტი უკან, უმაღლეს საბჭოში დაგვიბრუნდება“.

„უმაღლესი საბჭოდან მიღებული შენიშვნები უკლებლივ ყველა მხარჯავ დაწესებულებაშია გადაგზავნილი. მათგან პასუხებს ეტაპობრივად ვიღებთ. ვინ რამდენს დატოვებს მოთხოვნას, მათ შორის ადმინისტრაციული ხარჯებისთვის და ვინ როგორ დაასაბუთებს ამ მოთხოვნას, ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება, როცა ყველა დაწესებულებიდან მივიღებთ მონაცემებს,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ითხოვს ოპოზიციაც. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობამ ამ გზით „მიღებული ეკონომიები უნდა გამოიყენოს შეთავაზებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: