მძღოლების საპროტესტო აქცია ბათუმში

ატომობილების შეძენაზე აქციზის დაწესება და საწვავზე ფასების მატება ბათუმში ათამდე ავტომობილის მძღოლმა გააპროტესტა. ისინი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ჩართული სიგნალის ფონზე, რუსთაველის ქუჩის გავლით აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ.

„აქციზის საფასურის გაზრდა ავტომობილების იმპორტს შეამცირებს. ამას გარდა, მანქანებზე გადასახადი რომ იქნება, მისი შენახვა უფრო ძვირი დაგვიჯდება“, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ასამბაძემ.

აქციას ესწრებოდა ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძეც: „მიუხედავად დღევანდელი უამინდობისა, მოხარული ვარ, რომ ბათუმში გამოჩნდა საზოგადოების ნაწილი და განსაკუთრებით ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც ისედაც გაუსაძლისი და გაუარესებული ცხოვრების პირობების მიუხედავად,  ვგულისხმობ გაძვირებას, გამოხატეს ინიციატივა, გამაფრთხილებელი აქცია ამ ფორმით ჩაეტარებინათ.“

აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის სახლთან უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება, თუკი ხელისუფლება მოსახლეობის პროტესტს უყურადღებოდ დატოვებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

როინ გუნდაძე