კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

სახლის სარდაფში დამარხული გვამის ამბავი

14.12.2016 • 2202
სახლის სარდაფში დამარხული გვამის ამბავი

სოფელ ჭარნალში ალექსანდრე ფუტკარაძის საცხოვრებელი სახლის სარდაფში დამარხული ცხედარი გამოძიებამ გაზაფხულზე იპოვა. იმ დილით პოლიციაში ქალმა დარეკა. მან პოლიციელებს უთხრა, რომ სარდაფში გვამი მისმა მეუღლემ ორი დღის წინ დამარხა და მას არც არავინ მოძებნიდა, თუკი პოლიცია არ დაინტერესდებოდა. საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გასულ კვირას დაასრულა.

„ისინი ერთმანეთისთვის ბიძაშვილ-მამიდაშვილი იყვნენ,“ – გვითხრა ალექსანდრე ფუტკარაძის ადვოკატმა, ბადრი ბერიძემ. გარდაცვლილი თემურ მაკარაძე წარსულში ცოლის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ოჯახში აღარ დაბრუნებულა და ახლო ნათესავთან, ალექსანდრესთან ცხოვრობდა. იმ საღამოს ნასვამ თემურსა და ალექსანდრეს უჩხუბიათ.

„ამ დაპირისპირების დროს თემურს დანა ჰქონია ხელში,“ – გვიყვება ადვოკატი ბადრი ბერიძე. – „მაგრამ ცემის დროს დანა დაუვარდა და იმის საფრთხე, რომ ვინმე დაეჭრა, აღარ არსებობდა… ამის მიუხედავად ალექსანდრემ აივანზე დააგდო და ცემა განაგრძო. მერე დამშვიდდა, წამოაყენა, სახე მობანა და საწოლში ჩააწვინა. დილით როცა შეიხედა, უკვე გარდაცვლილი დახვდა. შეშინდა და ცხედარი მაშინვე საკუთარი სახლის სარდაფში დამარხა. იმავე დღეს ალექსანდრე სხვა ქვეყნის მიმართულებით გაფრინდა…“

ალექსანდრე ფუტკარაძე ბელორუსში ჩასულა. ორ ქვეყანას შორის წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, ბრალდებული საქართველოში დაბრუნდა. ბრალის წარდგენისთანავე მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. მას განზრახ მკვლელობის ნაცვლად, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

58 წლის ალექსანდრე ფუტკარაძეს გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გამოუტანა. მას სასჯელის სახით 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსჯავრდებული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„მან აღიარა დანაშაული, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ნებაყოფლობით მიიღო მონაწილოება საგამოძიებო ექსპერიმენტშიც. ფაქტობრივად, ყველა პირობა არსებობდა, რომ მისთვის მინიმალური სასჯელი მიეცათ,“ – მიიჩნევს ადვოკატი ბადრი ბერიძე.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება კანონმდებლობით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: