სიახლეები

მკითხველი ისაა, ვისთანაც წიგნები მოდიან

12.09.2012 • 3229
მკითხველი ისაა, ვისთანაც წიგნები მოდიან

 

ნანა ტრაპაიძე
ნანა ტრაპაიძე

 

წიგნის მაღაზიის თაროებს თუ გადავხედავთ, ვერ ვიტყვით, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ახალი გამოცემები არ გამოდის, თუმცა მკითხველების ერთი ნაწილი მაინც ირჩევს ნაცნობ სახელებს,  კლასიკას. რატომ ხდება ეს, ქართველი მკითხველი უნდობლად ეკიდება თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, თუ ეს გარკვეულ წილად მკითხველის სნობურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს?  

 

 

ალბათ, ერთიცა და მეორეც. ერთი, ის, რომ თანამედროვე ლიტერატურული პროცესი ვერ თანხვდება არსებულ სამკითხველო სტერეოტიპთან, მკითხველი მასში საკუთარ მოლოდინებს, თავის იდეალებს ვერ პოულობს და უცხოვდება მისგან. ხშირად აგრესიულადაც. ამიტომ თავის სურვილებს იგი  გავლილი ლიტერატურული პროცესით იკმაყოფილებს.  

 

მაგრამ უნდა ითქვას ერთი: მაღალი ლიტერატურა ყველას ლიტერატურაა, მისი სოციალიზაციის ხარისხი გამჭოლია, სხვადასხვა კულტურულ წრეზე გადის. ვფიქრობ, გარკვეულ შემთხვევებში (და ეს შემთხვევები ხშირია), კლასიკურ ტექსტებთან დიალოგის პასუხისმგებლობის მთელი სირთულე ამ სათაყვანო (სამართლიანადაც) ლიტერატურაზე მოდის და არა მკითხველზე. ის უფრო მოძრაობს მკითხველისაკენ, ვიდრე პირიქით. მხედველობაში მყავს სტერეოტიპული მკითხველი… ამიტომ კლასიკით კმაყოფილების ფაქტიც რამდენადმე საეჭვოა. ლიტერატურა ზღვრებთან თამაში და გადალახვაა. თუ ამგვარი გაერთიანება არ ხდება, აღფრთოვანება უსაფრთხო, უკვე დაზღვეული  აღქმის გამო ხდება, პირველ რიგში, ხოლო  წმინდა მხატვრული სიკეთეები მხოლოდ პირადი ,,გემოვნების“  დადასტურებებად მოიმარჯვება.  ეს არის სუბიექტური ფაქტორი, რის გამოც ხშირად გვერდს უვლიან თანამედროვე ლიტერატურას და მიმართავენ ძველს. თუმცა თანამედროვეობის ტერმინი დასაზუსტებელია: წაკითხვადობისა და პოპულარობის სიხშირეები ცვლადია და ისინი თანამედროვეობის ინდიკატორად არ გამოდგება ყოველთვის, მით უფრო სიმულაციების ეპოქაში.

 

 

არის სხვა ფაქტორიც. ვთქვათ, ობიექტური, რომლის ფსიქო-კულტურული შინაარსი ასე შეიძლება გამოითქვას: ადრე, ჯერ კითხულობდნენ, მერე ცხოვრობდნენ, ახლა ჯერ უნდა იცხოვრო, მერე იკითხო. ეს ნიშნავს – სამკითხველო და ცხოვრებისეული გამოცდილება სინქრონული ხდება. სხვაგვარად გაგების აქტი ვერ შედგება. შესაბამისად, არ ცხოვრობ, – ვერც წაიკითხავ. თანამედროვეობა ნიშნავს, იყო აწმყოს განმცდელი. მოდა ამას არ გავალდებულებს, მოდას შეიძლება აყვე, თანამედროვეობა კი ნიშნავს განცდას. ცოდნას, შეცნობას, პირად აქტივობას, საკუთარ ხმას. ამ მხრივ, თანამედროვე ქართული ლიტერატურული სივრცე ალბათ იმდენად და იმდენივეს სცოდავს, რამდენადაც და რამდენსაც საზოგადოებრივი…

 

ადრე ლიტერატურა გულისხმობდა ერთგვარ ეთიკურ მომწიფებას, სავარჯიშოს ცხოვრებისათვის, სულიერ მომზადებას სამყაროსა და თვითშეცნობისათვის. მორალი ლიტერატურაში, ფართო აზრით, ნიშნავდა ზუსტ დროს პერსპექტივაში, იდეალურ დრო-სივრცეს. საითკენაც აჩქარებული კითხვით მიილტვოდა მკითხველი კაცობრიობა. ახლა ლიტერატურა ეს აღარ არის. მას შეუძლია მხოლოდ გითხრას, თუ სად ხარ ახლა. და თუ რამდენიმე ფურცლის შემდეგ უკმაყოფილო ხურავთ წიგნს, ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა დროით განზომილებაში ხართ. ამიტომ, არ უნდა გაუწყრე მას, იქნებ ოდესმე შეხვდეთ, გადაიკვეთოთ და დამეგობრდეთ კიდეც. 

 

 

ბოლო ხანს, როცა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე საუბრობენ, აუცილებლად მოჰყავთ მაგალითად რამდენიმე მწერალი, რომელთაც განიხილავენ როგორ ეპატაჟურს და იწყება იმაზე საუბარი, რომ ეს მწერლები უნიჭობას ნიღბავენ სკაბრეზით და ა.შ. თქვენი აზრით, რატომ აღიზიანებს მათი ტექსტები ასე საზოგადოებას?

 

 

 

ლიტერატურის ოდინდელი ფუნქცია იყო და არის სიმართლის თქმა. სხვადასხვა დროს თავისი სიმართლე აქვს და ფორმაც, რომელშიც ის თავს გამოხატავს. სამწუხაროდ, მხატვრული სიმართლის განსაზოგადოებაში არც თუ კეთილშობილ როლს ასრულებს მასმედია, რომელსაც სკანდალებისაგან თავისი ანგარიშები და ინტერესები აქვს.  შეიძლება ითქვას, იგი, გარკვეულად, გადაფარავს ლიტერატურული კრიტიკის, სააუდიტორო და პედაგოგიური მედიაციის როლსა და ფუნქციას ლიტერატურასა და მკითხველს შორის, რაც არის პროცესების ანალიზის სწორი ადგილი.  

 

როგორც ლიტერატურის, ისე  მკითხველის (ეს ერთი მთლიანი ორგანიზმია) განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურის სწავლებას სკოლაში და უმაღლეს სასწავლებლებში. ეს საკითხი ფართო საზოგადოებრივ-სამოქალაქო სივრცეზე გადის და ცალკე საუბრის საგანია.

 

რაც შეეხება ეპატაჟს და ცრუ ხმაურს. ლიტერატურული პროცესი არ არის მხოლოდ ის, რასაც კაცობრიობის წერილობითი და ზეპირი მეხსიერება სწვდება. ლიტერატურა, როგორც მხატვრული ფაქტი, განვითარების დინამიკური და რელიეფური პროცესის კვალია. ერთი მარადისობაში გადასული ტექსტის უკან, მრავალი მეორეხარისხოვანი და დავიწყებული ტექსტი დგას (ამის საუკეთესო მაგალითი გვაქვს რუსთაველის იქედნური კრიტიკის სახით მისი თანამედროვე ლიტერატურული პროდუქციის მიმართ, რომელზეც დღეს ჩვენ არაფერი, ან ბევრი არაფერი ვიცით).  

 

 

მნიშვნელობები და ადგილი ორი რამის მიერ განისაზღვრება: დროისა და ლიტერატურის კრიტიკის. სამწუხაროდ, ჩვენში ეს საქმე უფრო დროის ფუნქციაა, მით უფრო მიუკერძოებლობის თვალსაზრისით…  ფრთხილი ქართველის ეთიკა ალბათ ასე სჯის: რატომ გავაკეთო ის, რასაც  დრო ისედაც გააკეთებს.  ალბათ იმიტომ, რომ ეს უმადური საქმეცაა და სახიფათოც… ვფიქრობ, რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს, არანაკლებ აქტუალური თემაა ახლა, ვიდრე საუკუნენახევრის წინ. 

 

ადრე მწერალს მორგებული ჰქონდა ერთგვარი ჭკუისდამრიგებლის როლი, თანამედროვე მწერლები ამისგან მეტ-ნაკლებად ცდილობენ გათავისუფლებას და ცოტათი დასცინიან კიდეც  „ძველებს“. როგორ ფიქრობთ, ეს „მამების და შვილების“ ძველი ისტორიაა, თუ უბრალოდ თანამედროვე სამყარო უნდობლად უყურებს მენტორებს?   

 

 

გეთანხმებით. ახალი სამყარო უნდობლად უყურებს მენტორს. ის ან ანაქრონიზმია, ან გაუცნობიერებელი (იქნებ არც) უპასუხისმგებლობა და არასერიოზულობა. რაც შეეხება თანამედროვეთა დამოკიდებულებას ტრადიციისადმი, თუ პერსპექტივაში შევხედავთ მოვლენებს, კონტექსტების წირს მოვნიშნავთ, ეპატაჟიცა და ეპიგონობაც ტრადიციაში ჩაწერის ხელოვნური ფორმებია. რაც შეეხება ნამდვილი ლიტერატურის ბუნებრივ ხმაურს,  იქნება ეს სკაბრეზი თუ  სხვა ,,საჩოთირო“  ხერხები, ეს პოზიტივური სათქმელის ნეგატიური ფორმით გამოხატვაა. არის ლიტერატურა, რომელიც გენერირებს ლიტერატურულ პროცესს,  არაა განსაზღვრული მასობრივი მკითხველისათვის. ასეთი ტექსტი იყო 90-იანებში დავით ბარბაქაძის ,,ტრფობა წამებულთა“, რომლის ხმაურის გადაფარვა სამოქალაქო ომს თუ შეეძლო მხოლოდ.

მაგრამ დროში, რომელშიც არსებობდე – ნიშნავს იყო პოპულარული, გასაგებია რამოდენა ცდუნებები არსებობს გამოწვევათა პირისპირ. მოკლე გზა საფრთხეებს არ დაგიდევს, მით უფრო, რომ დიდი დრო და მასში აზროვნება ცრურწმენის ნაირსახეობად ჩანს ახლა. მყისიერ მომგებიან დივიდენდებზე გათვლილი პოლიტეკონომია, რა თქმა უნდა, გრძელ დროზე არ იანგარიშებს, ცხადია,  არა იმ მიზეზით, რა მიზეზითაც მწერალი აწმყოზე უნდა ფიქრობდეს და არა მომავალზე, რომელზეც მას არაფრის ცოდნა შეუძლია. 

 

ლიტერატურისადმი საყვედურებში მოჯადოებული წრის წინაშე ვდგებით: ერთი მხრივ, მკითხველი, სინამდვილე ქმნის ლიტერატურას, მეორე მხრივ, ლიტერატურა ქმნის მკითხველს და სინამდვილეს. ეს დაახლოებით წააგავს ხელისუფლებისა და საზოგადოების მიმართებას: ყველა ხალხს  შესაბამისი ხელისუფლება ჰყავს. მაგრამ ,,ერთხელაც“ აღმოჩნდება, რომ რომელიღაცას გაუსწრია, წინ წასულა… ამ საქმეში ლიტერატურას დალოდება არ სჩვევია. ვფიქრობ, ეს უკვე ფაქტია ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში.

 

თავად რას კითხულობთ, რის წაკითხვას ურჩევდი სხვებს და რატომ?

 

დელიკატური და ინტიმური თემაა… ჩემთვის (ალბათ სხვებისთვისაც) არსებობს ლიტერატურისა და მკითხველის მიზიდულობის მეტაფიზიკა: მკითხველი ისაა, ვინც კი არ  ეძებს წიგნს, არამედ ვისთანაც წიგნები მიდიან.  მისვლას ზუსტი დრო აქვს.  ამ მოძრაობაში შეხვედრები და აცდენები ისეთივე ბუნებრივი რამაა,  როგორც ცხოვრებაში…

 

მე ასე დავსვამდი საკითხს: არა რა ვიკითხოთ, არამედ როგორ ვიკითხოთ. იმისთვის, რომ იკითხო და ისიამოვნო (რაც ნიშნავს შეიცნო),  საჭიროა, ასე ვთქვათ, სამკითხველო ნდობა. არა ბრმა, ფეხის და მოდის ხმას აყოლილი, არამედ, ალბათ, ირაციონალური. ნდობა არის ის, რაც  ღირებული ლიტერატურის ღირებულ ლიტერატურად მიღების გარანტი შეიძლება იყოს.  ლიტერატურის ლიტერატურად ყოფნის, ფუნქციონირების საქმეში სკეფსისი, მით უფრო წინასწარგანწყობილი და მსოფლმხედველობრივი, ცუდი მეგობარია. წიგნს, ლიტერატურას, ისევე როგორც ადამიანს, მხოლოდ ნდობაში შეუძლია აჩვენოს საკუთარი თავი, შესაძლებლობები. და თუ წინასწარი, `ბრძენი“ სკეპსის გამო წიგნმა ,,ვერ ივარგა“, ეს მხოლოდ უადგილო და ნაჩქარევი ეჭვის ბრალია, რომელზეც ისევ მკითხველი წაიკრავს ფეხს. ლიტერატურა? ლიტერატურა თავისუფალია ამგვარი მარცხისაგან, ცხადია, თუ ის ლიტერატურაა და არა ფალსიფიკაცია… მე შემიძლია ვურჩიო ნდობა,  წიგნები, დაე, თავად შეარჩიონ…  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: